2015 წლის 18 თებერვალს, ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. ივანიშვილის განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მან განაცხადა: "

ამ საკანონმდებლო რეფორმის დამსახურება და წყალობაა, რომ ევროკავშირმა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებულად ჩათვალა და დაგვიხურა".

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება იუსტიციის მინისტრის განცხადება სიმართლეს.

2014 წლის 1 სექტემბრიდან "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი შევიდა ძალაში. კანონის თანახმად, ვიზებს არა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, არამედ საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები გასცემენ. საქართველოს საზღვარზე ვიზის გაცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გახდა შესაძლებელი. ამ ცვლილებამ უცხოელების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაართულა. სწორედ ამიტომ, 2015 წლის 8 თებერვლიდან ვიზის ელექტრონულად გაცემის სერვისი დაინერგა.

ამასთან, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 360 დღის ნაცვლად 180 დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა.

გართულდა ბინადრობის ნებართვის აღების წესებიც. ახალი კანონის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგივე მიზნით გაცემული ვიზის ქონაა აუცილებელი. კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი უცხოელი კანონიერი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა. მიღებული მკაცრი რეგულაციების შესამსუბუქებლად 2014 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონში დამატებითი ცვლილებები შეიტანა.

მთლიანობაში, საკანონმდებლო ცვლილებებმა ის პროცედურები გაართულა, რაც კანონიერი საფუძვლით უცხოელის საქართველოში შემოსვლას უკავშირდება. იუსტიციის მინისტრის განცხადების კონტექსტი გულისხმობდა იმას, რომ სწორედ ასეთი რეფორმა შეესაბამებოდა ევროკავშირის მოთხოვნებს.

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა

შემუშავდა. გეგმის ერთი ნაწილი მიგრაციის მართვასა და საქართველოს მიერ ამ სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს მოიცავდა, რომლის თანახმადაც, მიგრაციის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კონსოლიდაცია იყო აუცილებელი. ამასთან, სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი იყო არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაციის პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის, ასევე სამოქმედო გეგმის მიღება და ა.შ.

ის, რომ ცვლილებები სწორედ ამ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, სამოქმედო გეგმაში მითითებული არ ყოფილა. მითითება კონკრეტულ დირექტივაზე არც ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში ყოფილა. შესაბამისად, საიმიგრაციო პოლიტიკის გაძლიერებისა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის, ევროკავშირმა საქართველოს ფართო დისკრეცია დაუტოვა. საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა, ისეთი მეთოდი შეერჩია, რომელიც საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებდა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს პრობლემებს არ შეუქმნიდა.

2014 წლის 29 ოქტომბერს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ სხვა ღონისძიებებთან ერთად, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი მიიღო. ევროკომისიის განცხადების

თანახმად, საქართველომ პირველი ფაზის მოთხოვნები შეასრულა, რომლებიც საჭირო კანონმდებლობის მიღებას უკავშირდებოდა. ანგარიშში შეფასებები კანონთან და მის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებით არსად არ გვხვდება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში ახალი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ აღინიშნა, იმას არ გულისხმობს, რომ ევროკავშირი სწორედ მსგავს ცვლილებებს და მსგავსი ფორმით მათ განხორციელებას მოითხოვდა.

ევროკავშირის რეგულაცია #539 იმ ქვეყნების სიას განსაზღვრავს, ვისთანაც ევროკავშირს აქვს ან არ აქვს სავიზო მიმოსვლა. იმ ქვეყნების სია,

რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა, ევროკავშირის სიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ევროკავშირთან სამთვიანი უვიზო მიმოსვლა 8 ქვეყანას (ბოლივია, ჩილე, გვატემალა, ნიკარაგუა, პარაგვაი, სამხრეთ კორეა, ურუგვაი, ვენესუელა) აქვს, მაშინ, როცა საქართველომ ამ ქვეყნებიდან უვიზოდ შემოსვლა საერთოდ აკრძალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წევრობისთვის იდენტური საიმიგრაციო პოლიტიკის არსებობა აუცილებელი არაა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყანა (ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი) საერთოდ არ არის შენგენის სივრცის წევრი, ხოლო დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უარს ამბობს ამ შეთანხმებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენგენის სივრცის წევრები არიან ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიც (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია). ნათელია, რომ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იდენტური სავიზო პოლიტიკა.

საგულისხმოა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ჯანდიერის კომენტარიც,

რომელმაც 10 მარტს განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ამ ფორმით გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნა არ ყოფილა.

დასკვნა 2014

წლის 1 სექტემბრიდან "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა, რომელმაც უცხოელთა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 180 დღიან პერიოდში 90 დღემდე შეამცირა, შეცვალა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებდა. ახალმა კანონმა შეცვალა საქართველოს ვიზის აღების წესიც.

იუსიტიციის მინისტრის განცხადების კონტექსტი იმას გულისხმობდა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენდა. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები სახელმწიფოს პოლიტიკურ დისკრეციას უკავშირდება, ევროკავშირს ზუსტი და დეტალური მოთხოვნები არ განუსაზღვრავს. ფართო დისკრეციის ფარგლებში საქართველოს ისეთი გზა შეეძლო აერჩია, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებდა და ტურისტების შემოსვლას არ შეაფერხებდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია