მიმდინარე წლის 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მალხაზ წერეთელმა ყურადღება ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა. მისი თქმით: "მანგანუმითაა დაბინძურებული სასმელი წყალი, მდინარე ყვირილა. ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის და სხვა მძიმე მეტალების შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას". მალხაზ წერეთელმა გარემოსადმი მიყენებულ ზიანზეც ისაუბრა. მისი თქმით: "2013 წელს საქართველოში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 80% კი ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა 2014 წელს. გარემოსადმი მიყენებულმა ზიანმა ქვეყანაში 327 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ზიანის 98%, ანუ 324 მილიონი ლარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის".

ფაქტ-მეტრი ჭიათურაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში შემავალი მავნე ნივთერებების ჩამონათვალი ასეთია: მტვერი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ოზონი, მანგანუმის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდი. მოცემული ნივთიერებებიდან, მანგანუმის დიოქსიდის (იგივე მანგანუმის ორჟანგი) ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაცია 0,001 მგ/მ3 -ს, ხოლო მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია 0,01 მგ/მ3 -

ს შეადგენს.

ატმოსფერულ ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებების მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. დაკვირვების შედეგები კი, შესაბამისი თვეებისა და წლების მიხედვით, სააგენტოს საიტზე ყოველთვიური ბიულეტენების სახით არის მოცემული. ერთ-ერთი ბოლო მონაცემი, რომელიც გარემოს დაბინძურების შესახებ საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას ასახავს, 2015 წლის იანვრისაა.

აღნიშნულ ბიულეტენში განმარტებულია, რომ მანგანუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მდინარე ყვირილაში, ჭიათურის ზედა კვეთში  დაფიქსირდა. ის ზღვრულად დასაშვებ ნორმას 5.9-ჯერ აღემატებოდა. ჭიათურის ქვედა კვეთში მანგანუმის დიოქსიდის მოცულობა დასაშვებ ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნებისმიერი ნივთიერების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბება ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკების მატარებელია.

ამ მიმართულებით საინტერესოა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, მანგანუმი და მისი ნაერთები სამრეწველო შხამებს მიეკუთვნება, რომელიც ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს და ნეიროტროპული ეფექტით ხასიათდება. მანგანუმის ორჟანგის ტოქსიკურობა მაღალია. განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს მანგანუმის მოპოვებისას პიროლუზიტის

გაფრქვევა-გადაზიდვა და ფოლადის დნობა. მას კუმულაციის უნარი ახასიათებს და ქრონიკული ინტოქსიკაციის განვითარებას იწვევს. ქრონიკული მოქმედებისას ის პარენქიმულ ორგანოებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში, ძვლებში, თავისა და ზურგის ტვინში გროვდება. ამასთან, სისხლში მანგანუმის მომატება ინტოქსიკაციის აუცილებელი მაჩვენებელი არ არის. ასევე, მკაფიო კავშირი ინტოქსიკაციის ინტენსივობასა და სამუშაო ზონის ჰაერში მანგანუმის კონცენტრაციას შორის არ არსებობს. სამუშაო ზონის ჰაერში მანგანუმის მაღალი კონცენტრაციის არსებობისას (ფეროშენადნობთა წარმოება, მაღაროებში მშრალი ბურღვის წარმოებისას) შესაძლებელია მძიმე ფორმის ინტოქსიკაციების სწრაფი ტემპით განვითარება, მუშაობის დაწყებიდან 2-6 თვის შემდეგ.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ახორციელებს. კომპანიის განცხადებით,

მდინარე ყვირილას დაბინძურება დაკავშირებულია ბოლო 100 წლის ნამძილზე სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საქმიანობასთან და მხოლოდ ბოლო წლების პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანიის განმარტებით, ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პრობლემა აღმოფხვრილი იქნება. საამისოდ სამთო გამამდიდრებელი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც მადნის დახურული გადამუშავების ციკლს წარმოადგენს და გამორიცხავს მდინარე ყვირილას შემდგომ დაბინძურებას. პროექტის საინვესტიციო ღებულება 40 მილიონ ლარს აღემატება და მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლისთვის იგეგმება.

იმისთვის, რომ 2013-2014 წლებში გარემოსადმი მიყენებული ზიანის მასშტაბები განგვესაზღვრა, ჩვენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ. სამინისტროს ინფორმაციით, 2013

წელს საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 3 128 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 3 007 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 121 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების განხილვის შედეგად, სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 1 714 140 ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი 6 318 724 ლარს უდრიდა.

2014

წელს, საქართველოს მასშტაბით, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 9 797 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 4 365 030 ლარი შეადგინა. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 397 174 698 ლარი იყო.

რაც შეეხება ჭიათურას, 2013 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის სულ 20 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 7 500 ლარი შეადგინა, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 2 246 955 ლარი. 2014 წელს ჭიათურაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 81 ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ 123 800 ლარი შეადგინა, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 355 148 337 ლარი.

აღნიშნული ზიანი გამოწვეულია ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: ტყით უკანონო სარგებლობა, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევა, წიაღის უკანონო მოპოვება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/მიწის გაუვარგისება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ატმოსფერული კანონმდებლობის კანონის დარღვევა, უკანონო ნადირობა და ა.შ. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განმარტეს, გარემოსადმი მიყენებული ზიანის უდიდესი ნაწილი (300 მილიონ ლარზე მეტი) მანგანუმის მოპოვებით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მათივე თქმით, წინა წლებში აღნიშნული მიმართულებით მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, 2014  წელს გარემოსადმი მიყენებული ზიანის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2013 წლის მონაცემებს.   დასკვნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მდინარე ყვირილაში, ქ. ჭიათურას ზედა კვეთში მანგანუმის დიოქსიდის შემცველობა 5.9-ჯერ, ხოლო ქვედა კვეთში კი, 1.3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება ჭიათურაში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას, 2013 წელს მან 2 246 955 ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზიანის 35%-ს შეადგენს. 2014 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და ჭიათურაზე გარემოსადმი მიყენებული ზიანის 89% მოდიოდა. მართალია, დეპუტატის მიერ გაჟღერებული რიცხვები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწოდებულ რიცხვებს ზუსტად არ ემთხვევა, თუმცა მთლიანობაში ის სწორად ასახავს ჭიათურაში ეკოლოგიური კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ მალხაზ წერეთელის განცხადება: ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია