19 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა: "მთლიანად სამცხე-ჯავახეთში და კონკრეტულად რაბათის ციხეში ტურისტთა რაოდენობა გამეოთხედდა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ ზურაბ ჩილინგარაშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ის თავად არის ახალციხის მკვიდრი და ტურისტებისგან დაცლილ ქალაქს ყოველდღე ხედავს. მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტორები სულ უფრო და უფრო მოაკლდა სავაჭრო ობიექტებს, კაფეებს და ასე შემდეგ.

2014 წელს სამცხე-ჯავახეთში ჩასულ ვიზიტორთა რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, რადგან მონაცემები ამჟამად დამუშავების პროცესშია. 2013 წელს სამცხე-ჯავახეთს 180 273 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წელს საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 3%-ია. აქედან, კონკრეტულად ახალციხეს 17 153 სტუმარი ეწვია.

ჩვენ რაბათის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკური მონაცემებიც მოვიძიეთ, რომლის აღრიცხვაც 2013 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. ვინაიდან ამჟამად მხოლოდ 14 თვის მონაცემებია ცნობილი, შედარებისთვის ჩვენ 2013-2014 წლების და 2015 წლის იანვრის თვის სტატისტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ცხრილი 1: ვიზიტორთა რაოდენობა რაბათის ციხეში

პერიოდი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი
იანვარი 184 129
თებერვალი 60
მარტი 310
აპრილი 1137
მაისი 1729
ივნისი 2586
ივლისი 3033
აგვისტო 1877
სექტემბერი 277
ოქტომბერი 196
ნოემბერი 103
დეკემბერი 215 88

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის დეკემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობამ 59%-ით იკლო და 88 ვიზიტორი შეადგინა. 2015 წლის იანვრის თვის მონაცემებით კი, ვიზიტორთა რაოდენობა რაბათის ციხეში 30%-ით შემცირდა.

ჩვენ, ასევე, სამცხე-ჯავახეთში საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის (ვალე) კვეთის სტატისტიკითაც დავინტერესდით.

ცხრილი 2: სახელმწიფო საზღვრის (ვალე) კვეთის სტატისტიკა

წელი რაოდენობა პროცენტული ცვლილება
2012 92 568
2013 129 474 40 %
2014 87 666 -32 %

როგორც ვხედავთ, 2014 წელს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ეს მაჩვენებელი 2013 წლის მონაცემებს 32%-ით ჩამორჩება. 2014 წლის მაჩვენებელი ჩამორჩება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემსაც.

 

დასკვნა

2014 წელს სამცხე-ჯავახეთში ჩასულ ვიზიტორთა რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ერთადერთი ოფიციალური წყარო, რაც სამცხე-ჯავახეთში არსებულ მდგომარეობაზე ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, ეს საზღვრის კვეთის მონაცემებია. 2014 წელს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ვალედან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით შემცირდა. რაც შეეხება რაბათის ციხეს, რაბათის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2014 წელს ტურისტთა რაოდენობამ წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით იკლო. გასული წლის დეკემბერში ტურისტების რიცხვი 59%-ით, ხოლო 2015 წლის იანვარში კი 30%-ით შემცირდა. მართალია, ეს მონაცემები გამეოთხედებული არ არის, როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავს, თუმცა, მნიშვნელოვანი კლება სახეზეა.

განცხადების სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრის ასკვნის, რომ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5662 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია