ლარის კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში,

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა თუ არასწორი ქმედებებით ქვეყანა ლარის კრიზისამდე მიიყვანა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულება ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებაა. მისი თქმით, კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი წილი გაიღეს. მაგალითად, მან მოიყვანა სომხეთი და მოლდოვა, რომლებმაც, ყოფილი პრემიერის თქმით, რეზერვების 34% და 30% დახარჯეს, რამაც მათი ვალუტის სტაბილურობა განაპირობა. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების მხოლოდ 5%, ანუ 120 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც კურსის დასტაბილურებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.0-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ფაქტ-მეტრი

ამ საკითხით დაინტერესდა და ბიძინა ივანიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციითა განსაზღვრული. 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას". შესაბამისად, ივანიშვილის მოწოდება, რომ ლარის კურსის სტაბილურობის მიზნით ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუციური მოვალეობა უნდა შეასრულოს, არასწორია, რადგან ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია ქვეყანაში ფასების სტაბილურობაა. თუ ლარის კურსის გაუფასურება წარმოშობს მაღალი ინფლაციის საფრთხეს, ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს მოუხდება მიმოქცევაში არსებული ლარის მასის შემცირება, რაც ინფლაციურ პროცესსაც შეაჩერებს და ვალუტის კურსზეც დადებითი გავლენა ექნება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული ლარის კურსი საგრძნობლად გაუფასურდა.

ცხრილი 1:

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში

image001

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აღსანიშნავია, რომ  ლარის კურსის გაუფასურების საწყის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში პრობლემას ვერ ხედავდა. 26 იანვარს მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა,

რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისის ნიშნები არ იყო. იმ დროისთვის კი, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.06 იყო.

2004 წელს ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 197 მილიონი დოლარი იყო. 2013 წლის თებერვლის მდგომარეობით კი - 2.96 მილიარდი დოლარი. 2004-2013 წლებში საქართველოში უამრავ შიდა თუ საერთაშორისო პრობლემას ჰქონდა ადგილი.

ამის მიუხედავად, აქტივების ნომინალური მაჩვენებელი 15-ჯერ გაიზარდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 297 მილიონი დოლარით შემცირდა. 2014 წლიდან 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 200 მილიონი დოლარი იყიდა და 480 მილიონი გაყიდა. 26 თებერვალს კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, ეროვნული ბანკის სუფთა გაყიდვებმა 220 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ლარის მოცულობაზე გავლენა რეფინანსირების სესხების ზრდამაც იქონია. 2014 წლის დეკემბერში, იმავე წლის ნოემბერთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა (ფულის მასის ყველაზე ლიკვიდური ნაწილი) უპრეცედენტო მაჩვენებლით - 241.5 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა 2015 წლის იანვარში 197.5 მლნ ლარით შემცირდა. სარეზერვო ფული დეკემბერში 450 მლნ ლარით გაიზარდა, იანვარში კი, ის 390 მლნ ლარით კვლავ შემცირდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებ ქვეყნებს, 2014 წელს სომხეთის საერთაშორისო რეზერვები 34%-ით, 2015 წელს კი 10.2%-ით შემცირდა. მოლდოვაში 2014 წელს საერთაშორისო რეზერვები 23.5%-ით, ხოლო 2015 წელს კიდევ 16.5%-ით შემცირდა. ბიძინა ივანიშვილი ამ მონაცემებს თითქმის ზუსტად გადმოსცემს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოლდოვასა და სომხეთისთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთის ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყნებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2014 წელს მოლდოვას ეკონომიკის 4%-ით, ხოლო სომხეთის ეკონომიკის 3.5%-ით ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2015 წლის იანვარში მომზადებული კვლევის

მიხედვით, მოლდოვას და სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 0%-ზე ჩამოვიდა. სომხეთის ეროვნული ბანკის მიხედვით, 2015 წლის პროგნოზი 0.4%-დან 2%-მდე მერყეობს. მთლიანობაში, როდესაც ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ხარჯავს, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა მცირდება, შესაბამისად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნაც. ეს კი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან მოლდოვური ლეი უფრო მეტად გაუფასურდა (დაახლოებით 21%-ით), ვიდრე ქართული ლარი (დაახლოებით 19%-ით). გაუფასურდა სომხური დრამიც. ის დოლართან მიმართებაში 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 15 მარტამდე, 411 დრამიდან 482 დრამამდე გაუფასურდა (17.2%-ით).

ქვეყანაში ვალუტის კურსს მასზე მოთხოვნა და უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება (საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება და ფაქტორული შემოსავლები) განსაზღვრავს. იმის თქმა, რომ ვალუტის კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ეკონომიკური თვალსაზრისით არასწორია. საქართველოს ეროვნული ვალუტის არა ფიქსირებული, არამედ მცურავი გაცვლითი კურსი აქვს. ფიქსირებულის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ზრუნავს იმაზე, რომ კურსი კონკრეტულ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. თავისუფალი მცურავი განაკვეთი კი იმას გულისხმობს, რომ ვალუტის კურსი საბაზრო პრინციპებით (მოთხოვნა-მიწოდებით) დგება.   დასკვნა 2014

წლის თებერვალში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.75 იყო. 2015 წლის თებერვალში ის 2.26-ს გაუტოლდა, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით, კურსი 2.23-ს შეადგენდა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია ქვეყანაში მონეტარული სტაბილურობაა (ინფლაციის კონტროლი). შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობის კონსტიტუციური ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მცდარია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე სავალუტო აუქციონზე 200 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვს 80 მილიონით აღემატება. 2014 წელს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების 34%, ხოლო მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა რეზერვების 23.5% დახარჯა. მიუხედავად ამისა, მათი ვალუტები დოლართან მიმართებაში მაინც დაეცა, მოლდოვაში 21%-ით, ხოლო სომხეთში 17%-ით. ბიძინა ივანიშვილი ამ რიცხვებს მეტ-ნაკლებად სწორად გადმოსცემს, თუმცა არასწორია კონტექსტი, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმდენივე რეზერვი არ დახარჯა რაც სხვა ქვეყნებმა, ეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის მავნებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს სომხეთის და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდა, რაზეც გავლენა ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მათი საერთაშორისო რეზერვების გახარჯვამაც იქონია.

ფაქტ-მეტრი დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი