რუსთავი 2-ის ეთერში, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ, მერიაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, "ნარმანია არის ნომინალური ფიგურა. აზრი არა აქვს იმაზე საუბარს, რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა მან. ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს ასეთ ვითარებაში. 100 მილიონი ლარი გამოიყოფა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა და ლარი არ არის გამოყოფილი. კომუნალურ ვაუჩერებს გავაორმაგებთო, 250 000 ადამიანს შეუმცირდა კომუნალური ვაუჩერი".

ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

2014 წლის 10 ივლისს

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის  კანდიდატმა, დავით ნარმანიამ, სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ასპექტები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მან აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ პირებს  კომუნალური ვაუჩერი გაუორმაგდებოდათ და ის 500 ლარი გახდებოდა. გარდა ამისა, მის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ეჭირა. ნარმანიას განცხადებით, ამ მიზნით, მისი მერად გახდომის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.

ჩვენ, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერების და მცირე და საშუალო ბიზნესის (მეწარმეობის) ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობით დავინტერესდით.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტის

მიხედვით, კომუნალური ვაუჩერის (კოდი 6.2.1. გვ. 89) დასაფინანსებლად და მეწარმეობის ხელშესაწყობად (კოდი 4.1. გვ.82) გამოყოფილ თანხებს ქვემოთ, ცხრილის სახით გთავაზობთ:

ცხრილი 1:

თბილისის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის დასაფინანსებლად და მეწარმეობის ხელშესაწყობად გამოყოფილი თანხები (2013-2015 წლები)

2013 2014 2015
მეწარმეობის ხელშეწყობა 780 000 ლარი 3 907 000 ლარი 2 627 000 ლარი
კომუნალური ვაუჩერი 44 217 000 ლარი 45 100 000 ლარი 37 195 000 ლარი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლის ბიუჯეტში ბიზნესის ხელშესაწყობად 2 627 000 ლარია გამოყოფილი. ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებაში ნათქვამი იყო, რომ მისი მერად გახდომის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში ბიზნესის ხელშესაწყობად თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. აღნიშნულის შესრულება წლევანდელი დაფინანსების ფონზე რთულად წარმოსადგენია, ვინაიდან ამ პირობის შესასრულებლად მომავალ სამ წელიწადში 97 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს.

მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წლის 9 მარტს "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" დაფუძნდა,

რომლის ხელმძღვანელად თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი დაინიშნა. ჩვენ დავინტერესდით, ამ ახლად შექმნილი უწყების დაფინანსება ხომ არ განხორციელდა თბილისის ბიუჯეტში მეწარმეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის (2 627 000 ლარი) ფარგლებში. ჩვენ თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსს, ირაკლი ბერეკაშვილს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, უწყების დაფინანსება ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან ხდება და ბიუჯეტით გათვალისწინებულ არცერთ პროგრამულ პროექტს თანხები არ მოაკლდება. მან დაგვიზუსტა, რომ ამ ცენტრის დაფინანსება "მეწარმეთა ხელშეწყობის" პროგრამის (კოდი 4.1) ფარგლებში არ ხორციელდება.

რაც შეეხება კომუნალური ვაუჩერის დაფინანსებას, 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამულ ჩამონათვალში კომუნალური სუბსიდირების შესახებ აღნიშნულია (გვ.36), რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები კომუნალურ სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით მიიღებდნენ, ხოლო თბილისში რეგისტრირებული სხვა ოჯახებისთვის, კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი და ოდენობა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით იქნებოდა განსაზღვრული. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის კომუნალური სუბსიდირების თანხა 2015 წელს მართლაც გაორმაგდა და მან 500 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდირებისთვის სულ 37 მილიონია გამოყოფილი, რაც თითქმის რვა მილიონით ნაკლებია 2014 წელს იმავე მიზნით გამოყოფილ თანხაზე.

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერების სუბსიდირების საკითხის დეტალებში გასარკვევად საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეს, ირაკლი აბესაძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, 2015 წლიდან კომუნალური ვაუჩერი მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაიზარდა, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ბაზაში 70 000 და ნაკლებია. დანარჩენებისთვის კი, სოციალურად დაუცველია თუ არა, ვაუჩერი რეალურად შემცირდა. ადრე არსებული წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი წყლის საფასურისთვის).

"

დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით მოხდა. შედეგად, 2015 წლიდან, ერთსულიანი ოჯახები 14.1 ლარს, ორსულიანი ოჯახები 16.6 ლარს, სამსულიანი ოჯახები კი 19.1 ლარს იღებენ. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი სამი და ნაკლები წევრისგან შედგება. ანუ, თბილისში მცხოვრები მოსახლეობის 60%-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი  შეუმცირდა" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ ჩვენთან საუბრისას.

ჩვენ იგივე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს, ჯაბა სამუშიასაც ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუორმაგდა, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია. რაც შეეხება დანარჩენ თბილისელებს, კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება სულადობის მიხედვით მართლაც განხორციელდა (ანუ, 2015 წლიდან ოთხ სულიანზე ნაკლები ოჯახები 20 ლარიან ვაუჩერს აღარ იღებენ). მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან კომუნალური ვაუჩერის სუბსიდირების გადახედვა იგეგმება და კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამას რეალურად საჭიროებენ.

იმის დასადგენად, თუ რამდენ სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუორმაგდა კომუნალური ვაუჩერი, ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 97 749 ოჯახია რეგისტრირებული. აქედან, იმ ოჯახთა რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, 39 916 ერთეულს შეადგენს. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელთაც კომუნალური ვაუჩერი გაუორმაგდათ (250 ლარიდან 500 ლარამდე). ჩვენ ოთხსულიანზე ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობაც მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ამ კატეგორიას 35 106 ოჯახი განეკუთვნება. ანუ, სწორედ ამ რაოდენობის სოციალურად დაუცველ ოჯახს, 2015 წლიდან, 20 ლარის ნაცვლად, 3 სულიანის შემთხვევაში - 19.1, ორსულიანის შემთხვევაში - 16.6 და ერთსულიანიას შემთხვევაში - 14.1 ლარის ოდენობის კომუნალური ვაუჩერი ეძლევა.

დასკვნა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მართლაც საუბრობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერის გაორმაგებაზე. ნარმანიას დაპირების მიხედვით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 4 წლის განმავლობაში 100 მლნ ლარი უნდა გამოიყოს. 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, ამ მიზნით 2 670 000 ლარია გამოყოფილი. ნიკა მელია ცდება, როდესაც აცხადებს, რომ ამ მიზნით ლარიც არ არის გამოყოფილი, თუმცა, მართებულია განცხადების კონტექსტი, რადგან გამოყოფილი თანხა დაპირებულთან შედარებით გაცილებით მცირეა.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაორმაგებას, სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია (სწორედ ამ კატეგორიას გულისხმობდა ნარმანია წინასაარჩევნო დაპირების დროს), კომუნალური ვაუჩერი მართლაც გაუორმაგდათ. ასეთი 39 916 ოჯახია. რაც შეეხება იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ამ სარეიტინგო ქულის ზღვარს სცდებიან, მათ კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდათ. ასეთი ოჯახების რაოდენობა 35 916-ს  (დაახლოებით 107 748 ადამიანს) შეადგენს, და არა 250 000 ადამიანს, როგორც ეს მელიამ აღნიშნა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი