2015 წლის 18 მარტს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა, ადიგენში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, 2014 წლის 14 სექტემბერს, ადიგენის რაიონის 8 სოფელში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. დეპუტატის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით მილიონ 50 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა, კომპენსაციისთვის მხოლოდ 321 ათასი ლარი გამოიყო. ამასთან, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ნაცვლად ფულადი კომპენსაციისა, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები დაერიგებინათ, რაც დეპუტატის შეფასებით, არასწორი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, ის დაინტერესდა ვისი გადაწყვეტილებით მოხდა მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით საკვები პროდუქტების გადაცემა. გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, კომპენსაცია ზამთარში უნდა გაცემულიყო, თუმცა დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტები მარტში დაურიგდა. ასევე, პროდუქტების შეძენისთვის ტენდერი არ გამოცხადებულა და მათი შეძენა საბაზრო ფასზე ძვირად მოხდა.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებაში მოცემული ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფრომაციის თანახმად, 2014 წლის 14 სექტემბრის სტიქიის შედეგად სულ 9 სოფელი დაზარალდა: ლელოვანი, ამხერი, სამყური, კახარეთი, იჯარეთი, იმერთუბანი, ჩორჩანი, დიდი და პატარა სამადა. სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 1.57 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის N88 განკარგულებით, დაზარალებული მოსახლოებისთვის საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 321 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ადგილობროვ თვითმმართველობაში თანხა მხოლოდ მარტში, ორ ეტაპად ჩაირიცხა: 138 600 ლარი 11 მარტს და 182 400 ლარი - 17 მარტს. როგორც განკარგულებიდან ჩანს, მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით კვების პროდუქტების გაცემა მთავრობამ გადაწყვიტა. კომპენსაცია სულ 9 სოფელში მცხოვრებ 585 ოჯახზე გაიცა, რომლებიც ზარალის დამდგენმა კომისიამ გამოავლინა. მოსახლეობას მიყენებული ზარალის დაახლოებით 1/3 აუნაზღაურდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულ ოჯახებზე გასაცემი პროდუქციის შეძენა გამარტივებული წესის საფუძველზე განხორციელდა, რადგან "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მოქმედება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე არ ვრცელდება.

ადიგენის მუნიციპალიტეტმა დაზარალებულთათვის კომპენსაციის მიმწოდებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომუშავე 6 სუბიექტი მიიწვია. საბოლოოდ, გამგეობის მიერ წარდგენილი მოთხოვნები მხოლოდ ინდ. მეწარმე იოსებ გოგატიშვილმა დააკმაყოფილა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ძირითად მოთხოვნას პროდუქტების დარიგების პროცესის მოკლე დროში დასრულება წარმოადგენდა. შედეგად, ინდ. მეწარმე იოსებ გოგატიშვილთან 2015 წლის 26 თებერვალს 321 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, მეწარმეს თანხა მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, მთავრობის სარეზერვო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე დარიცხვის შემდეგ ჩაერიცხა.

მეწარმემ 9 მარტს პროდუქტების მიწოდება დაასრულა. 16 მარტს საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი სტიქიით დაზარალებულ სოფლებში გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა მთლიანად დაასრულა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მოსახლეობაზე გასაცემი პროდუქტების შესყიდვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების მიხედვით განხორციელდა. აქვე წარმოგიდგენთ შეძენილი პროდუქტების საცალო ღირებულებასა და დაზარალებული ოჯახებისათვის გაცემული კომპენსაციის ოდენობას (იხ. ბმული 1, ბმული 2).

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურების ფონზე ახალი წლიდან მოყოლებული საკვებ პროდუქტებზე ფასები გაძვირდა. ინდ. მეწარმე იოსებ გოგატიშვილის მიერ წარმოდგენილი ფასების მაჩვენებელი, მაგალითად ფქვილის, ზეთისა და შაქრის შემთხვევაში ბაზარზე პროდუქტების საშუალო ღირებულებას შეესაბამება.

დასკვნა

ადიგენის რაიონში სტიქიის შედეგად 9 სოფელი დაზარალდა. ზარალის საერთო ღირებულებამ 1.57 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობის საკომპენსაციოდ მხოლოდ 321 ათასი ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გამოყოფა 2015 წლის იანვარში გადაწყდა და მოსახლეობამ კომპენსაცია მხოლოდ მარტში მიიღო. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების ეს ნაწილის ზუსტია.

თუმცა, დეპუტატის პათოსი არასწორია, როდესაც მთავრობის მიერ ფულადი კომპენსაციის გამოყოფის შესახებ საუბრობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობაზე კომპენსაციის სახით საკვები პროდუქტების გაცემა თავიდანვე იყო დაგეგმილი. დეპუტატის განცხადება არ არის ზუსტი საკვები პროდუქტების ფასებთან დაკავშირებითაც, რადგან შეძენილი პროდუქტების  ღირებულება მარტის თვეში არსებულ ფასებს შეესაბამება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი