პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა: "ამნისტია არ შეხებია არცერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამნისტიაში არ იყო არცერთი მუხლი, რომელიც იყო მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული არცერთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ. ამნისტიით გათავისუფლდნენ მხოლოდ ნაკლებად მძიმე და ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები და ნარკოტიკების მომხმარებლები".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ეკა ბესელია 2012 წლიდან, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონებზე საუბრობდა. ამ პერიოდში, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ სამი კანონი მიიღო.

უკანასკნელი კანონი (N 1863) ამნისტიის შესახებ, პარლამენტმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო. აღნიშნული კანონით, ამნისტია გავრცელდა პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

თანახმად, ეს დანაშაულები ითვალისწინებს ყალბი დოკუმენტის დამზადებას, შეძენას, გასაღებას ან გამოყენების მიზნით შენახვას, ასევე ოფიციალური დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, გადამალვას, განადგურებას და დაზიანებას. შესაბამისად, 2013 წლის 25 დეკემბრის ამნისტია ძალადობრივ დანაშაულებს არ შეხებია.

რაც შეეხება 2013 წლის 29 ივლისის კანონს (

N 894) ამნისტიის შესახებ, იგი შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებს. აღნიშნული ნორმები პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას არეგულირებს. კერძოდ, ამნისტია შეეხო იმ პირებს, რომლებმაც კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოს ნებაყოფლობით ჩააბარეს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი და ა.შ. შესაბამისად, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს არც 29 ივლისის კანონი ამნისტიის შესახებ შეხებიათ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ამნისტია 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის (N 202) საფუძველზე განხორციელდა. როგორც თავად ეკა ბესელია აღნიშნავდა,

ამნისტიის შედეგად პატიმართა დაახლოებით 60% გათავისუფლდა და  ის უპრეცედენტო იყო მისი მასშტაბებით. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულებისა, რომელთა შორისაა:

  • ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
  • დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ;
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ;
  • არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში;
  • ბავშვის შეცვლა;
  • პროსტიტუციაში ჩაბმა;
  • დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ;
  • სამოხელეო დანაშაული;
  • სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა;
  • სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია;
  • დანაშაულის დაფარვა;
  • დანაშაულის შეუტყობინებლობა;
  • დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ;
  • მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახ ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ეკა ბესელიას განცხადებიდან გამომდინარე, საინტერესოა, ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისების გათვალისწინებით, მოექცა თუ არა ამნისტიის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მაგრამ ძალადობრივი დანაშაულები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, ამნისტიაში არ იყო არცერთი მუხლი, რომელიც ეხებოდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირებს. აღნიშნული ჩამონათვალი წარმოადგენს ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეშვიდე კარი არეგულირებს. ზემოაღნიშნული დანაშაულების უმეტესობა მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამნისტია მათ ჩამდენ პირებზე არ გავრცელებულა. თუმცა, ამნისტია შეეხო ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, რომლებიც თავისთავად გულისხმობენ ადამიანის მიმართ ძალადობას:

  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
  • ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
  • ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
  • სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ამნისტია ასევე შეეხო ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, შიდსის შეყრა, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, იძულება (ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა), მუქარა (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან/და ქონების განადგურების მუქარა).

  დასკვნა

ეკა ბესელიას განცხადების თანახმად, ამნისტია არ შეხებია მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ პირებს. ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებს ამნისტია მართლაც არ შეხებიათ.

თუმცა, ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ამნიტია არ შეხებიათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირებს. 2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონით, ამნისტია გავრცელდა ჯანმრთელობის წინაღმდეგ მიმართულ ნაკლებ მძიმე დანაშაულებზე. შესაბამისად, ეკა ბესელიას განცხადება, რომ ამნისტია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ არცერთ დანაშაულს არ შეხებია, ბოლომდე ზუსტი არ არის. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  რიგი დანაშაულები, რომელთაც ამნისტია შეეხო, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ქმედებებს გულისხმობენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება, რომ ამნისტია არ შეხებია არცერთ ძალადობრივ დანაშაულს, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი