საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის (ამჟამად უკვე მინისტრი), ნოდარ ჯავახიშვილის იმ განცხადებას

უპასუხა, სადაც ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ მას ეუბნებიან, თითქოს საგზაო ტენდერებიდან ბევრი ფული "ტყდება", სამუშაოები კი არ სრულდება.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ჯავახიშვილს იმ ტენდერებზე მიუთითა, სადაც დიდი ოდენობით საავანსო თანხები გაიცა. "მიგანიშნებთ, ბატონო ნოდარ, ზუსტად მიგითითებთ სად რამდენი ფული მოტყდა. 30 მლნ გაქვთ ერთ პირზე გაცემული, აქედან 8 მლნ ავანსად გაეცით. ეს სულ მოტეხილი ფულებია" - განაცხადა თარგამაძემ.

ფაქტ-მეტრი გივი თარგამაძის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევალთ იმის განხილვაში, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა ავანსების გაცემა. შესაბამისად, განცხადების მხოლოდ იმ ნაწილის სიზუსტეს შევაფასებთ, სადაც დეპუტატი ტენდერების საერთო ღირებულებასა და ავანსის სახით გაცემული თანხების კონკრეტულ მოცულობას ასახელებს.

კვლევის საწყის ეტაპზე, ჩვენ თავად გივი თარგამაძეს დავუკავშირდით, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ის ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს გულისხმობდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა ამ უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერები შეისწავლა, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდსა და 2015 წლის დასაწყისს მოიცავს.

ტენდერების ჩამონათვალი, ისევე როგორც ავანსად გაცემული თანხების პროცენტული მაჩვენებელი, საკმაოდ დიდია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შემთხვევა, როცა ავანსის სახით სამუშაოების საერთო ღირებულების 100%-ია გაცემული.

ნომერი შემსყიდველი შესყიდვის კატეგორია გამარჯვებული თანხა ავანსი
SPA140022195 ქ. თბილისის მერია საინჟინრო მომსახურება სეისმომედეგი - პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრი 57 000 100%
SPA140022756 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები საქართველოს ნერგები 20 700 100%
SPA140022755 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები სირანა სიდამონიძე 17 993 100%
SPA140022754 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები საქართველოს ნერგები 27 576 100%
SPA140022753 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები ელიზბარი შარმაზანაშვილი 18 000 100%
SPA140022752 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები  მინის სამყარო  89 969.7 100%
SPA140022751 ქ. თბილისის მერია მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები საქართველოს ნერგები 20 998.9 100%

გარდა 100%-იანი ავანსებისა, არის 95% და 50%-იანი ავანსების გაცემის შემთხვევებიც. ამ პერიოდში, აღნიშნული უწყებების მიერ, სულ დაახლოებით 580 ტენდერი ჩატარდა, საიდანაც 40-ზე მეტ შემთხვევაში 50%-იანი, ხოლო 8 შემთხვევაში კი - 95%-იანი ავანსი იქნა გაცემული. ჯამში, ტენდერების საერთო ღირებულება 96 მილიონ ლარს აღემატებოდა, საიდანაც 21 მილიონ ლარზე მეტი ავანსის სახით გაიცა.

100, 95 და 50 პროცენტიანი ავანსების, ტენდერების საერთო ღირებულების და შეთავაზებული თანხების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.  

აღსანიშნავია, რომ 100% და 95%-იანი ავანსების გაცემა თბილისის მთავრობის შეცვლამდეც ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას სისტემატური და ასეთი მასშტაბური ხასიათი არ ჰქონდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების აზრით, დედაქალაქის მერიას ამ ოდენობის ავანსების გაცემა ბიუჯეტის შესასრულებლადაც დასჭირდა. მათი თქმით, მერია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებას და ბიუჯეტის შესრულებას ვერ ახერხებდა. სწორედ ამიტომ, პარტიის წარმომადგენელთა თქმით, დავით ნარმანიამ 2014 წლის 4 სექტემბერს ბრძანება #508 გამოსცა, რომლითაც ფაქტობრივად მითითება მისცა საქალაქო სამსახურებს იმისთვის, რომ ბიუჯეტი ათვისებულად წარმოეჩინათ და ავანსის სახით შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თანხა გაეცათ.

რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ ასპექტს, როგორც "საიას" წარმომადგენელმა ფაქტ-მეტრთან საუბაში განაცხადა, ნებისმიერი სახის ავანსის გაცემა ცალსახად კანონდარღვევა არაა, თუმცა ის არც უპირობო უფლებაა. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ წინასწარი ანგარიშსწორება მოხდეს, შემსყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს კომპანიის რეპუტაციას, მის მიერ გაწეულ მომსახურებას, შესრულებული სამუშაოების ხარისხს, კომპანიის ცნობადობას და ა.შ. "საიას" წარმომადგენლის თქმით, კანონის მიხედვით, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში კომპანიამ ეს თანხა კანონით გათვალისწინებული შესყიდვით აღებული ვალდებულების შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ შემსყიდველისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა ოდენობის თანხა გაიხარჯა და რაში.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე განმარტების მიღებას მერიისგანაც შეეცადა. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დედაქალაქის მერიაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

დასკვნ

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გასული წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მიერ გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება არა 30 მლნ, არამედ 96 მლნ ლარზე მეტი იყო. აქედან, 21 მლნ ლარი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს წინასწარ, ავანსის სახით აუნაზღაურეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაერთ კომპანიას ავანსის სახით თანხის 100, 95 და 50 პროცენტი ჩაერიცხათ.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა წინასწარ ანგარიშსწორებას არ კრძალავს, თუმცა ამ საკითხზე გარკვეულ პრინციპებს აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, რთულია იმაზე საუბარი, დაარღვია თუ არა მერიამ კანონი, თუმცა უმცირესობის დეპუტატის განცხადების კონტექსტის მართებულობა ავანსად გაცემული განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხების შესახებ, დოკუმენტურად დასტურდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გივი თარგამაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია