2013

წლის 17 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ელისო ჩაფიძემ (კოალიცია "ქართული ოცნება“) საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესთან დაკავშირებით განაცხადა: „საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი გახლავთ ძალიან დემოკრატიული, არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ამას ამბობს “ეუთოს” წარმომადგენლობა,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო“ და ა.შ.

ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ბიუჯეტს, ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება მაუწყებლის ბიუჯეტის 1%–ს აღემატება.

საკანონმდებლო ორგანოში განსახილველი ახალი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. მოქმედი წესით, 15 წევრიანი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს პრეზიდენტი კონკურსის გზით არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ახალი კანონპროექტის თანახმად, სამეურვეო საბჭო 9 წევრით განისაზღვრება. მეურვეები კვლავ პარლამენტის მიერ, 6 წლის ვადით აირჩევიან. ორ მათგანს სახალხო დამცველი წარმოადგენს, სამ მეურვეს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს პარლამენტის დანარჩენ წევრთა ერთ მეოთხედზე მეტი. საბჭოს ერთ წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენს. სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით შეიცვლება.

საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ შესატან ცვლილებებზე, მიმდინარე წლის 25 მარტს, დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის [ეუთო] წარმომადგენლობამ მედიის თავისუფლების საკითხებში. ორგანიზაცია ახალ კანონპროექტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ იგი მიმდინარე კანონთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია. დოკუმენტში მოწონებულია საბჭოს წევრების შემცირება, ახალი ინიციატივები საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ ის, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება კანდიდატების ერთპიროვნულად შერჩევის უფლება და მათ წარადგენენ სახალხო დამცველი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა.

ეუთოს წარმომადგენლობის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი ცვლილებები სამომავლო პერსპექტივაში საკმაოდ პროგრესულია. თუმცა, იგი პროექტის ავტორებს გარდამავალი პერიოდის რეგულაციებზე მიუთითებს, ყურადღებას ამახვილებს მეურვეების არჩევის ახალ წესზე, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის 5 წლის ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო ან/და სამეცნიერო–პედაგოგიურ სფეროში [მიმდინარე კანონი არ ითხოვს მაგისტრის ხარისხს, 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას და არ აწესებს მოთხოვნებს უშუალოდ ამ სფეროებში საქმიანობაზე]. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ მოთხოვნებს შესაძლოა საბჭოს მოქმედი წევრები ვერ პასუხობდნენ, სწორედ ამიტომ, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში არსებული საბჭოს ნაჩქარევი და არაორგანიზებული დაშლის რისკი ჩნდება. ორგანიზაციის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია მეურვეებმა ბოლომდე ამოწურონ თავიანთი უფლებამოსილების ვადა, ან მისი ძირითადი ნაწილი. აქვე ნათქვამია, რომ არსებული საბჭოს დაშლა მისი წევრების რაოდენობის შემცირების გამო დღის წესრიგში მაინც დადგება, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა მოხდეს. 17

მაისის სხდომაზე ელისო ჩაფიძემ ეუთოს ზემოაღნიშნულ რეკომენდაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ავტორებმა გაითვალისწინეს საერთაშორისო ორგანიზაციის მითითება და ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საბჭო არ უნდა დაშლილიყო [არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდება]. მათ კანონპროექტში ე.წ. კომპრომისული შესწორება შეიტანეს, რომლის მიხედვით, განსახილველი კანონპროექტის 24–ე, 25–ე და 26–ე მუხლები ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევა. ეს ის მუხლებია, რომელთა ამოქმედება არსებული საბჭოს დაშლას გამოიწვევს. აღნიშნული მუხლების ამოქმედების დაყოვნებით, არსებულ საბჭოს, მიმდინარე წლის ბოლომდე მუშაობის გარანტია ექნება. აგრეთვე, ისიც საგულისხმოა, რომ 2013 წლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა საბჭოს 4 წევრს გასდის, ხოლო 2 მეურვის თანამდებობა ამჟამადაც ვაკანტურია. შესაბამისად საბჭოში 9 წევრი რჩება [ამათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა 2015 წლისთვის უმთავრდებოდათ, ხოლო ხუთს - 2017 წლისთვის]. ავტორების მიერ შემოთავაზებული კომპრომისული ვარიანტით, კანონის ძალაში შესვლა ამ  გარემოებების გამო აღარ დაშლის მთლიან საბჭოს, არამედ მის უმეტეს ნაწილს.

ზემოაღნიშნული შესწორების შემდეგ ეუთოს წარმომადგენლობას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. შესაბამისად, მათი შეფასება ე.წ. კომპრომისულ ვარიანტზე, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის ახალ წესსა და ზოგადად კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებულ კომპრომისულ ვარიანტსაც, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იყო საბჭოს დაშლა ერთბაშად არ მომხდარიყო, თანაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ანალოგიურ პოზიციას იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოც.“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ განგვიცხადა, რომ ისინი ძირითადი პრინციპების დონეზე იწონებენ კანონპროექტს, სამეურვეო საბჭოს არჩევის ახალ წესს, მათ შორის, გარდამავალი პერიოდის კომპრომისულ ვარიანტსაც.

დასკვნა

ელისო ჩაფიძის განცხადების გადამოწმების შედეგად გამოიკვეთა: მის მიერ დასახელებული საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ  ზოგადად კანონპროექტს,  სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს და ავტორების მიერ შემოთავაზებულ ე.წ. კომპრომისულ ვარიანტსაც.

კანონპროექტს პოზიტიურად აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაც. იგი სამომავლო პერსპექტივაში სამეურვეო საბჭოს არჩევის ახალ რეგულაციას მიესალმება. „ეუთოს“ წარმომადგენლობას შენიშვნები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა. ამ შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ, კანონპროექტის ავტორებმა ე.წ. კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ახალი კანონის რამდენიმე მუხლი ძალაში 2014 წლის იანვრიდან შევა. ამ გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება ვადაზე ადრე ცამეტის ნაცვლად ცხრა მეურვეს შეუწყდება და საბჭოს დაშლა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეუთოს რეკომენდაცია საბჭოს ერთბაშად არდაშლაზე, ნაწილობრივ მაინც გათვალისწინებულია. თუმცა, კანონის ამოქმედება საბჭოს ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მაინც იწვევს.

ჩვენი დასკვნით, ელისო ჩაფიძის განცხადება: „საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი გახლავთ ძალიან დემოკრატიული, არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამას ამბობს ეუთოს წარმომადგენლობა,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ და ა.შ. არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი