იტვირთება

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ომარ მეგრელიძემ აჭარაში მიმდინარე სამთო კურორტების მშენებლობის შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, საერთაშორისო დონის სამთო კურორტი შენდებოდა, რომელზეც წინა ხელისუფლების დროს 50 მლნ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა დღეს მისი მშენებლობა შეჩერებულია. ომარ მეგრელიძის შეფასებით, სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და კურორტის ამუშავებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდებოდა. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტში, გომარდულის კურორტის მშენებლობაც შეჩერდა, რადგან ხელისუფლებამ, მიწის გადასახადის გამო, იქ არსებული ინფრასტრუქტურა დააყადაღა.

ფაქტ-მეტრმა ომარ მეგრელიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2009 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაკვეთით საერთაშორისო კომპანია HOK-მა გოდერძის უღელტეხილზე კურორტის განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, შპს "Goderdzi Resorts" დაარსა, რომლის დაკვეთითაც, სხვადასხვა კომპანიები შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ.

2012 წლის 8 ივნისს კურორტის მთავარი ინფრასტრუქტურის - 8 ადგილიანი, გონდოლებიანი საბაგირო გზისა და 6 ადგილიანი, სავარძლებიანი საბაგირო გზის მშენებლობისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება და მონტაჟის ზედამხედველობა ავსტრიულმა კომპანია "Doppelmayer Seilbahnen"-მა განახორციელა.

დღეისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია. 2015 წლის 13 მარტს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისი ბრძანებით, 8 და 6 ადგილებიანი გონდოლები და სავარძლებიანი საბაგირო გზა ექსპულუატაციაში შევიდა.

ამ ეტაპზე საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის და სხვა აუცილებელი ტექნიკისა თუ ინვენტარის შეძენისთვის 42 393 მლნ ლარია დახარჯული. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 18 ივნისს ავსტრიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრძელვადიანი სესხის ფარგლებში 10 930 მლნ ევრო (23 440 მლნ ლარი) დაიხარჯა. ასევე, საქართველოს მთავრობის 2011, 2012 და 2013 წლის შესაბამისი ბრძანებულებების საფუძველზე, 18 952 მლნ ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იქნა გამოყოფილი.

შპს "Goderdzi Resorts"-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი სეზონისა და სამშენებლო სამუშაოების ინტენსივობის მიხედვით მკვეთრად იცვლება. სამუშაოების წარმოების ყველაზე ინტენსიურ პერიოდში მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანს აღწევდა. სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, კურორტი 24 საათიან რეჟიმში 120 ადამიანს ერთდროულად მოემსახურება. სამთო კურორტზე კერძო ინვესტორების მიერ სასტუმროების მშენებლობაც არის დაგეგმილი, რის შემდეგაც კურორტი ერთდროულად 3 500 დამსვენებელს მოემსახურება.

2012 წლის 26 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის N 20 ბრძანების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სააქციო საზოგადოება "გომარდულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.

სანაცვლოდ, სს "გომარდულმა" საპრივატიზაციო ვალდებულებად აიღო:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში 10%-იანი აქციათა პაკეტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემა;
  • 2013 წლის 20 დეკემბრამდე, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 10 სასტუმროს, რესტორნის, მინი სტადიონისა და ექსტრემპარკის აშენება, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა 1 მლნ ლარის ინვესტიცია, დაესაქმებინა არანაკლებ 30 ადამიანისა, რომელთაგან 90% საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.

2014 წლის 13 ივნისს შპს "ექსპერტი XXI"-მა კურორტ გომარდულზე ჩატარებული სამუშაოების აუდიტი ჩაატარა. დასკვნის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა სს "გამარდულმა" შეასრულა. ორგანიზაციამ 5 იდენტური სასტუმროს ტიპის კოტეჯი ააშენა, რომელთა საერთო ღირებულებამ 924 885 ლარი შეადგინა. ასევე, კურორტის ტერიტორიაზე 226 762 ლარის ღირებულების 2 რესტორანი აშენდა. აუდიტის განხორციელების პროცესში 54 840 ლარის ღირებულების მინი სტადიონი შენდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, ექსტრემპარკის მშენებლობა დაწყებული არ იყო.

ასევე, 2013 წლის ბოლოსთვის, საკურორტო კომპლექსში მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კურორტის ტერიტორიაზე შესაბამისი ინვენტარი და ინფრასტრუქტურა დამონტაჟებული იყო. კერძოდ, წყალმომარაგებისა და ელმომარაგების მიზნით, 70 ტონა ტევადობის წყლის ავზის მეშვეობით, კურორტს წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდებოდა. ასევე, კომპლექსის გამართულად ფუნქციონირებისთვის 111 ათასი ლარის მანქანა-დანადგარები, ინვენტარი და სატრანსპორტო საშუალებები იყო შეძენილი.

საერთო ჯამში, სს "გომარდულმა" 1 მლნ 377 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, დაასაქმა საქართველოს 30 მოქალაქე და კურორტის 10%-იანი წილი აჭარის ავტნომიურ რესპუბლიკას გადასცა.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო, კურორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს ტიპის კოტეჯები და რესტორანი დააყადაღა, ხოლო სს "გომარდულს" სახელმწიფოს სასარგებლოდ 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამ დროისთვის, ყადაღის შედეგად, სს "გომარდულის" ფინანსური პრობლემების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. სს "გომარდულის" დირექტორი, ჯემალ დარჩიძე აცხადებს, რომ 2011 წლის ივლისში მათ 52 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება "გომარდული" მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი 10%-იანი აქციებით დაკისრებული ვალის ნაწილი გადახდილია, ხოლო დარჩენილი ნაწილის ჩამოწერაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, რა ეტაპზეა ამჟამად პროცესი, ფაქტ-მეტრისთვის უცნობია.

დასკვნა

გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე სამთო კურორტის მშენებლობა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ შეჩერებულა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე შესრულდა.

რაც შეეხება კურორტ გომარდულის მშენებლობას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კურორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მართლაც შეჩერდა. აუდიტის შესაბამისი დასკვნის თანახმად, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების უმრავლესობა შესრულებული აქვს, გარდა ექსტრემპარკის მშენებლობისა. თუმცა, მიწის გადასახდის გადაუხდელობის გამო შემოსავლების სამსახურმა იქ არსებული ინფრასტრუქტრა დააყადაღა. შედეგად, კურორტი ტურისტების მომსახურებას ვერ ახერხებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი