მიმდინარე წლის 15 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოურ ბიზნესწრეებთან შეხვედრისას განაცხადა,

რომ "ფორბსის" გადასახადების რეიტინგის თანახმად, საქართველო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გადასახადების სიმარტივის კუთხით და მხოლოდ ყატარს, გაერთიანებულ საემიროებსა და ჰონგ-კონგს ჩამორჩება.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, "ფორბსის" მიერ შედგენილ Tax Misery & Reform Index-

ზე საუბრობდა. მოცემული ინდექსი ქვეყანაში არსებული ზღვრული გადასახადების პროცენტული მაჩვენებლების ჯამს აჩვენებს. კვლევაში ექვსი ძირითადი გადასახადია აღებული. ესენია: მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, სიმდიდრის გადასახადი, სოციალური უზრუნველყოფის გადასახადი დასაქმებულისა და დამსაქმებლისთვის და დამატებული ღირებულების გადასახადი. ამ მხრივ, საქართველო ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და ჰონგ-კონგის შემდეგ მართლაც მეოთხე ადგილზეა.

ყატარში, მოცემული ექვსი გადასახადიდან მხოლოდ მოგების გადასახადი მოქმედებს და ის 12%-ს შეადგენს. გაერთიანებულ საემიროებს მხოლოდ სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები აქვს - 13% და 5%. ჰონგ-კონგში მოგების (16%), საშემოსავლო (15%) და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები (5%) მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მოგების გადასახადი 15%-ს, დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ს და საშემოსავლო გადასახადი 20%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ "ფორბსის" რეიტინგი 2009 წელს გამოქვეყნდა. ფაქტ-მეტრმა 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევაზე ახალი დოკუმენტი ვერ მოიპოვა. შესაბამისად, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი სწორედ 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევას ეყრდნობა.

ცხრილი 1:

გადასახადების კლება 2003-2009 წლებში

2003 2004 2005 2008 2009
გადასახადების რაოდენობა 22 22 7 6 6
დღგ 20% 20% 20% 18% 18%
საშემოსავლო გადასახადი 12-20% 12-20% 12% 25% 20%
მოგების გადასახადი 20% 20% 15% 15% 15%
სოციალური გადასახადი 33% 33% 20% 0% 0%

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რიგი გადასახადების, მაგალითად, მოგების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება იგეგმებოდა. დაგეგმილი იყო დივიდენდის და საპროცენტო სარგებელზე გადასახადების მთლიანად გაუქმებაც. თუმცა, მთავრობის ცვლილების შემდეგ, დღემდე, ცვლილებები არ განხორციელებულა და გადასახადების კლება არ მომხდარა. მეტიც, 2013-2014 წლებში ზოგიერთი გადასახადი გაიზარდა, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

კერძოდ, მოიმატა აქციზის გადასახადმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში საგადასახადო ტვირთი (გადასახადების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან) მცირდებოდა, თუმცა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ის 24.8%-დან 25.2%-მდე გაიზრდება.

გადასახადების სიმარტივით,

რომელსაც მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ადგენს, 2014 წლის რეიტინგის მიხედვით, 2013 წელს მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის საქართველო 38-ე ადგილზეა. 2008 წელს გამოქვეყნებული იგივე რეიტინგის მიხედვით, საქართველო 2007 წელს 102-ე ადგილზე იყო. აღსანიშნავია, რომ მოცემული კვლევა წინა კალენდარული წლის ინფორმაციაზე დაყრდნობით მზადდება. მსოფლიო ბანკის კვლევა "ფორბსის" რეიტინგისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ძირითადი გადასახადების გარდა სხვა გადასახადები (აქციზი, ქონების) და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების სიმარტივეცაა გათვალისწინებული. გადასახადების სიმარტივეზე საუბრისას, უფრო მიზანშეწონილი მოცემული კვლევის გამოყენებაა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები თავიდან საერთაშორისო რეიტინგებს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ბიძინა ივანიშვილის მიერ დავოსში გაკეთებული განცხადება იყო. ფაქტ-მეტრი ამ და სხვა ამგვარი განცხადებების შესახებ უკვე წერდა.

თუმცა, ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში შეიცვალა. დღეს საერთაშორისო რეიტინგებს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და მათ შეფასებებს ხშირად იმოწმებს, რაც მისასალმებელია. მსგავსი რეიტინგები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ პოტენციურ ინვესტორს საჭირო ინფორმაციას აძლევს და დადებით გავლენას ახდენს ინვესტორების შესაძლო გადაწყვეტილებებზე.

დასკვნა "ფორბსის" მიერ შედგენილ Tax Misery & Reform Index-

ის მიხედვით, საქართველო გადასახადების ზღვრული ღირებულებების შეკრებით, ყატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების და ჰონგ-კონგის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მოცემული კვლევა 2009 წელს გამოქვეყნდა. 2009 წლამდე საქართველოში გადასახადები მცირდებოდა. 2009 წლის შემდეგ გადასახადების კლება აღარ განხორციელებულა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 38-ე ადგილზეა. გადასახადების სიმარტივეზე საუბრისას, უფრო მიზანშეწონილი სწორედ მსოფლიო ბანკის კვლევის გამოყენებაა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი