მიმდინარე წლის 13 მაისს, რუსთავი 2-ის ეთერში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, "სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, ქართული ოცნების დაპირებები შესრულდა 0%-ით. სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილები გაუქმდა 2013 წელსაც და 2014 წელსაც, უმუშევრობამ მოიმატა. დღეს საქართველო უმუშევრობის კოეფიციენტის მიხედვით არის რეგიონში პირველ ადგილზე სომხეთთან ერთად".

ფაქტ-მეტრი ზემოთ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2014 წელს 12.4% შეადგინა. რაც შეეხება წინა წლებს, 2013-ში იგივე მონაცემი 14.6%-ს, 2012 და 2011 წლებში კი - 15% და 15.1%-ს შეადგენდა. ხსენებული სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რა ნაწილია დასაქმებული საქართველოში. ის მოიცავს როგორც თვითდასაქმებულ, ისე დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის შემდეგ უმუშევართა პროცენტული წილი ყოველწლიურად მცირდება.

ცხრილი 1:

უმუშევრობის და დასაქმების მაჩვენებლები

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა), ათასი კაცი 2021.8 1965.3 1917.8 1991.8 1944.9 1959.3 2029.1 2003.9 1991.1
დასაქმებული, ათასი კაცი 1747.3 1704.3 1601.9 1656.1 1628.1 1664.2 1724.0 1712.1 1745.2
უმუშევარი, ათასი კაცი 274.5 261.0 315.8 335.6 316.9 295.1 305.1 291.8 246.0
უმუშევრობის დონე (%) 13.6% 13.3% 16.5% 16.9% 16.3% 15.1% 15.0% 14.6% 12.4%

2014

წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრთა რიცხვი 2.2%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში სამუშაო ძალის შემცირებითა და დასაქმებულთა რიცხვის 33 ათასით ზრდით იყო გამოწვეული. 2014 წელს, საქსტატის მიხედვით, უკანასკნელი დეკადის განმავლობაში დასაქმებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 1 745 200-ს მიღწია. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 15%-დან 14.6%-მდე შემცირდა, თუმცა 12 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. უმუშევრობის პროცენტული კლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე მოხდა.

თუ საქართველოს უმუშევრობის დონეს დსთ-ის სახელმწიფოების ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ტრადიციულად, ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე სომხეთში ფიქსირდება. საქართველოს, თუ 2009 წელს არ ჩავთვლით (საქართველოში სომხეთზე 0.07%-ით მაღალი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა), დსთ-ის რეგიონის ქვეყნებს შორის უმეტესად მეორე ადგილი უჭირავს. 2014 წელს ტენდენცია გაგრძელდა, შესაბამისად, უმუშევრობის დონის მიხედვით, საქართველო სომხეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, მას მოსდევს უკრაინა - 10.5%-ით, შემდგომ კი ყირგიზეთი - 5.55%-ით.

ცხრილი 2:

დსთ-ის რეგიონის ქვეყნების უმუშევრობის დონე (%)

2012 2013 2014
სომხეთი 19 18.5 18
აზერბიჯანი 6.05 6.05 6.05
ბელორუსი 0.62 0.52 0.52
საქართველო 15.0 14.6 12.4
ყაზახეთი 5.3 5.23 5.23
ყირგიზეთი 7.74 7.65 7.56
მოლდოვა 5.6 5.1 4
რუსეთი 5.5 5.5 5.1
უკრაინა 7.53 7.25 10.49
წყარო: საერთაშრისო სავალუტო ფონდი

გრაფიკი 1:

უმუშევრობის დონე პოსტსაბჭოთა სივრცეში (%)

image001

აღსანიშნავია, რომ დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკა ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობის და კამათის საგანია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომელიც საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, "უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში არის ყველაზე დაბალი. გასული წლის განმავლობაში კი, 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა". თუმცა, არსებობს ოპოზიციის და ექსპერტების საპირისპირო მოსაზრებებიც, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს (იხ. ბმული 1, ბმული 2).

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველო უმუშევრობის დონის მიხედვით, ტრადიციულად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის უმეტესად მეორე ადგილს იკავებს (სომხეთის შემდეგ). ამასთან, 2009 წლის შემდეგ საქართველოში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება და ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა. საქსტატის მიხედვით, ასევე გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და უკანასკნელი ათწლეულისთვის მან რეკორდულ რიცხვს - 1 745 200 -ს მიაღწია. თუმცა, 2013 და 2014 წლებში სამუშაო ძალა შემცირდა, რამაც უმუშევრობის პროცენტული მონაცემის შემცირება გამოიწვია, ხოლო 2013 წელს შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კუკავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი