აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას

 პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ 6 თვეში ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრემიერის განცხადებით, ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებას 2010 წელს უნდა დაეწყო, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, მოლდოვამ დაიწყო. თუმცა, საქართველომ ეს პროცესი არ დაიწყო. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ იმის გამო, რომ მოლდოვამ  ეს პროცესი ადრე დაიწყო, მან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უკვე მიაღწია.

ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები იმ სახელმწიფოების რიცხვში შედიან, რომლებმაც მობილური პარტნიორობის შეთანხმებებით (Mobility Partnerships) პირველებმა ისარგებლეს. აღნიშნული შეთანხმებები, თავის დროზე, ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყველაზე სრულყოფილ ხელშეკრულებას წარმოადგენდა. გარდა ამ პროგრამისა, ევროკავშირთან სავიზო პროცედურების გამარტივებულ ფორმას კიდევ ორი პროგრამა უზრუნველყოფს, ესენია: ვიზა-ფასილიტაციისა და რეადმისიის შეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო კომპონენტი

პარტნიორობის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროპის მასშტაბით უსაფრთხო გარემოში გადაადგილების უზრუნველყოფაა. ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გამარტივებული წესით შესვლას ევროგაერთიანება არაწევრ სახელმწიფოსთან ვიზის ფასილიტაციის პროცესის დაწყებითა და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესული მოქალაქეების რეადმისიის შეთანხმების დადებით უზრუნველყოფს.

ევროკავშირმა მოლდოვას რესპუბლიკასთან მობილური პარტნიორობის შეთანხმება 2008 წლის მაისში გააფორმა, ხოლო ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის შეთანხმება ძალაში 2007 წელს შევიდა. შედარებისათვის, 2008 წლის 1 სექტემბერს უმაღლესი დონის საგანგებო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დაწყების ვალდებულება აიღო.

იმავე წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან მობილურობის საკითხების შესახებ თანამშრომლობა დაიწყო. 2009 წლის ნოემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო ვალდებულებას იღებდა, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები შეემუშავებინა. ევროკავშირმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით 2009 წლის მაისში პირობა დადო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყნისთვის მობილურობის ლიბერალიზაცია მოხდებოდა.

როგორც ვხედავთ, ევროკავშირმა მოლდოვასთან 2007 წელს ვიზის ფასილიტაციის შეთანხმება გააფორმა (2008 წლიდან ძალაში შევიდა), მაშინ, როცა საქართველომ იმავე შეთანხმებას მხოლოდ 2010 წელს მიაღწია. რაც შეეხება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას (VLAP), ევროკავშირმა მოლდოვასთან პოლიტიკური დიალოგი 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო, ხოლო 2011 წლის იანვარში მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის მაისის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მოლდოვამ წარმატებით შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, მოლდოვის მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მოიპოვეს.

ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო. საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის განცხადებით, საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა იმავე წელს, მოგვიანებით უნდა მიეღო. თუმცა, ევროკომისარმა საქართველოს ხელისუფლებას ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადასცა.

შესაბამისად, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის აუცილებელი პროცედურები და საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ 2013 წლის თებერვლის შემდეგ დაიწყო.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის და მიგრაციის მართვა, ასევე კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანთა უფლებების და უმცირესობების დაცვა, ანტიდისკრიმინაცია. აღნიშნულ სფეროებში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების აუცილებელი ელემენტებია.

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღო და პირველი ფაზის მოთხოვნები შეასრულა. საქართველომ ასევე სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ევროკომისია მიღებული კანონმდებლობის იმპლემენტაციას დააკვირდება. საკანონმდებლო აქტების მიღების კუთხით მნიშვნელოვანია გამოიყოს 2014 წლის ზაფხულში პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. აქვე აღსანიშნავია, რომ ანტიდისკიმინაციული კანონის შემუშავება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში არსებული უკმაყოფილების და საპატრიარქოს სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებების

გამო, კანონპროექტის მიღების პროცესს თითქმის ნახევარი წელი დასჭირდა და საბოლოოდ მხოლოდ 2014 წლის მაისში დამტკიცდა. ბუნებრივია, რომ მსგავსი სახის შეფერხებებმა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი გარკვეულწილად გაართულა.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლაზე გადასასვლელად ქვეყანას ფასილიტაციის ხელშეკრულება სჭირდება. აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირთან მოლდოვამ რამდენიმე წლით ადრე მიიღო, ვიდრე საქართველომ. შესაბამისად, აზრს მოკლებულია იმის თქმა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება მოლდოვასთან ერთად უნდა დაეწყო. ეს წარმოუდგენელია, რადგან მოლდოვამ ხელშეკრულება უფრო ადრე მიიღო.

დასკვნა

ევროკავშირმა მოლდოვასთან ვიზების გამარტივებული წესით მიღებაზე თანამშრომლობა 2007 წელს, ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველომ იმავე შეთანხმებას მხოლოდ 2010 წელს მიაღწია.

მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიიღო და 2011 წელს მისი შესრულება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ევროკავშირს საქართველოსთან ვიზის ლიბერალიზაციისთვის მოლაპარაკების დაწყებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიწყებდა იმ გეგმაზე მუშაობას, რომელიც ევროკავშირს არ ჰქონდა შემოთავაზებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამოქმედო გეგმაზე საუბარი მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო, ხოლო სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადაეცა. ამ დროს კი, ხელისუფლებაში უკვე "ქართული ოცნება" იყო. როგორც ვხედავთ, წინა ხელისუფლების დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ვერ დაიწყებდა. პრემიერ-მინისტრის განცხადება, გარდა ფაქტობრივი უზუსტობისა, არც შინაარსობრივადაა სწორი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია