საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად რეფინანსირების სესხის ზრდისა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები არ გაზრდილა და რეფინანსირების სესხის ზრდა ფულის მასის ზრდას არ ნიშნავს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ლარის კურსის გაუფასურების პროცესში (რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიწყო), საქართველოს ეროვნული ბანკის მისამართით ხშირად ისმოდა ბრალდებები, რომ რეფინანსირების სესხების ზრდით ის ლარის კურსს აუფასურებდა. რეფინანსირების სესხი გახლავთ მონეტარული ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი 2008 წლის სექტემბრიდან იყენებს. ეს არის ერთკვირიანი სესხი, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ლიკვიდურობის (მოკლე პერიოდში მოკლევადიანი ვალდებულებების დაფინანსების საჭიროებისას, რომ ბანკს რაიმე პრობლემა არ შეექმნას) უზრუნველყოფისთვის აძლევს.

2014

წლის ნოემბერში რეფინანსირების სესხი 350 მლნ ლარი იყო, დეკემბრის ბოლოს კი 550 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2015 წლის თებერვალში რეფინანსირების სესხის მოცულობამ 700 მლნ ლარს, ხოლო მარტში 900 მლნ ლარს მიაღწია. რეკორდული მაჩვენებელი - 1 017 მლნ ლარი, 18 ივნისს დაფიქსირდა. ივნისის ბოლოს რეფინანსირების სესხი 900 მლნ ლარამდე შემცირდა. 2015 წლის იანვრიდან რეფინანსირების სესხების მნიშვნელოვნად ზრდა კომერციულ ბანკებში ლარში განხორციელებული დეპოზიტების შემცირებამ გამოიწვია. იანვარში დეპოზიტების მოცულობა 360 მლნ ლარით შემცირდა.

გრაფიკი 1:

რეფინანსირების და მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხები და სახელმწიფო საშინაო ვალი (მლნ ლარი)

image001

რეფინანსირების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეფინანსირების სეხსის განაკვეთზე (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე). 2015 წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი სამჯერ გაიზარდა 0.5%-ით (4%-დან 5.5%-მდე). მიუხედავად ამისა, კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნას ზრდიდნენ, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ ლარში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა და დოლარზე შემცირდა.

ეროვნულ ბანკს უფრო რადიკალური ნაბიჯის გადადგმა და რეფინანსირების სესხის განაკვეთის კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელზე აწევა შეეძლო, თუმცა, მსგავსი ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებდა და რეცესიაში შესვლის რისკს გააჩენდა.

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 3.7%-ით გაიზარდა - 1 იანვარს ის 5.1 მილიარდი ლარი, ხოლო 1 ივნისს 5.3 მილიარდი ლარი იყო. თუმცა, 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ივნისამდე ეს მაჩვენებელი 9.6%-ით (464 მლნ ლარით) გაიზარდა. ჯამში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა უფრო ნაკლები მაჩვენებლით გაიზარდა, ვიდრე რეფინანსირების სესხების მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლარში გაცემული სესხები მომხმარებლების მიერ სესხის დოლარიდან ლარში გადატანის გამო იზრდებოდა. 2015 წლის დასაწყისში დოლარში გაცემული სესხები 4.19 მილიარდ დოლარს უდრიდა, ხოლო მაისის ბოლოს ის 2.9%-ით შემცირდა და 4.07 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს მთავრობა შიდა ვალს კომერციული ბანკებიდან იღებს. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით ქვეყნის შიდა ვალი 327 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ლარში გაცემული სესხების ზრდის 58% მთავრობის შიდა ვალის ზრდაზე მოდის. 327 მლნ რაოდენობის დამატებითი ფულის მასა ბაზარზე სწორედ მთავრობის მიერ შიდა ვალის გაზრდის გამო მოხდა (იხ. გრაფიკი 1).

საბოლოო ჯამში, ლარის კურსზე გავლენა მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას და არა ცალკე არსებულ კომპონენტებს აქვს. 2014 წლის დეკემბერში ფულის მასის აგრეგატი (M2) ნოემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 5.91 მილიარდი ლარი შეადგინა. 2015 წლის მაისისთვის კი ის 4.3%-ით შემცირდა და 5.66 მილიარდი ლარი შეადგინა. სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც ბაზარზე ფულის მასა მცირდება, ეროვნული ვალუტა სხვა ვალუტებთან მიმართებაში მყარდება.

დასკვნა გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე რეფინანსირების სესხები 350 მლნ ლარიდან 900 მლნ ლარამდე გაიზარდა. რეფინანსირების სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად ლარში განხორციელებული დეპოზიტების კლებამ, მთავრობის შიდა ვალის ზრდამ და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ლარში გადატანამ განაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეფინანსირების სესხის განაკვეთი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე 4%-

დან 5.5%-მდე გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ფულის მასის მიწოდების შემცირებას იწვევს.

2014

წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისამდე კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 562 მლნ ლარით (12%-ით) გაიზარდა. აქედან, 327 მლნ ლარი მთავრობის მიერ აღებულ ახალ შიდა ვალზე მოდის.  კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემულ სესხები კი 120 მლნ დოლარით (2.9%-ით) შემცირდა.

2014

წლის ნოემბრიდან ლარის მასა (M2) 5.2%-ით გაიზარდა, თუმცა 2015 წლის მაისისთვის 4.3%-ით შემცირდა. ბაზარზე ფულის მასის შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას აფერხებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია