მიმდინარე წლის 29 ივნისს, მკითხველმა შალვა ნათელაშვილის განცხადების გადამოწმების თხოვნით მოგვმართა. 28 ივნისს, გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას შალვა ნათელაშვილმა განაცხადა,

რომ თამაზ მეჭიაური, რომელიც 1999 წელს პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის სიით გავიდა, იმავე წელს მოქალაქეთა კავშირში გადავიდა, შემდეგ კი, ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობდა და რაც ყველაზე მთავარია, ის როგორც ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, მისი ინფორმატორიც გახლდათ.

ფაქტ-მეტრმა თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური წარსული შეისწავლა.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური მოღვაწეობა 1995 წლიდან იწყება. 1995-1999 წლებში ის მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საგადასახადო და საბაჟო საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე იყო. 1999-2004 წლებში ის მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახლდათ. რაც შეეხება პარტიულ კუთვნილებას, 1997 წელს თამაზ მეჭიაური საქართველოს სოციალისტური პარტიის შემადგენლობაში იყო. 1999 წელს კი, ის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის სახელით, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში შევიდა.

მისი სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობის (მათ შორის მოქალაქეთა კავშირის) შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ფაქტ-მეტრი თამაზ მეჭიაურს ესაუბრა. მეჭიაურის განმარტებით, 1995 წელს ის პარლამენტის წევრი, როგორც თიანეთის მაჟორიტარი და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. ის ლეიბორისტულ პარტიაში 1998 წელს გაწევრიანდა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან ლეიბორისტული პარტიის სახელით თიანეთის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. დეპუტატის განმარტებით, არჩევნების შემდეგ, ლეიბორისტული პარტია და თავად შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მიღმა დარჩნენ. პარლამენტში პარტიიდან მხოლოდ ის და ფრიდონ ინჯია მოხვდნენ. შესაბამისად, მას არავინ მიუტოვებია. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის პარტიის პოლიტიკურ საბჭოში დარჩა და სხვა რომელიმე პარტიაში, მათ შორის არც მოქალაქეთა კავშირში არ გადასულა. 2003 წლის არჩევნებში თიანეთის რაიონში ის უკვე დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს.

ფაქტ-მეტრი კომენტარისთვის ლეიბორისტულ პარტიასაც დაუკავშირდა. პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განმარტებით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თამაზ მეჭიაურმა ლეიბორისტული პარტიისგან დისტანცირება მოახდინა და ფაქტობრივად საპარალამენტო უმრავლესობას (მოქალაქეთა კავშირს) "შეუერთდა". გუგავას თქმით, თამაზ მეჭიაური აქტიურად თანამშრომლობდა მოქალაქეთა კავშირთან და მხარს უჭერდა მათ ინიციატივებს, იქნებოდა ეს მთავრობის ფორმირება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება. გიორგი გუგავამ ისიც აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაური ნაციონალურ მოძრაობასთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. გუგავამ თამაზ მეჭიაურის პოლიტიკურ საბჭოში დარჩენის ფაქტიც უარყო და თქვა, რომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეჭიაურს ლეიბორისტულ პარტიასთან კავშირი აღარ ჰქონია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (2004-2012 წლები), თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წევრი აღარ ყოფილა. 2004 წელს თამაზ მეჭიაურს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის პოსტი ეკავა. 2004-2007 წლებში ის გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის), 2007 წელს კი თელავის (კახეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თამაზ მეჭიაური პარლამენტში ფრაქცია ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა.

რაც შეეხება განათლებას, 1980 წელს თამაზ მეჭიაურმა და ბიძინა ივანიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი

 ერთდროულად დაამთავრეს.

დასკვნა

ფაქტ-მეტრი იმის განხილვაში ვერ შევა, მართლაც აკავშირებთ თუ არა თამაზ მეჭიაურს და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრობა და რამდენად "ასრულებდა ის ინფორმატორის როლს", როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა მისთვის ჩვეულ სტილში განაცხადა.

თამაზ მეჭიაური 1995-2004 წლებში საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის სახელით თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. თამაზ მეჭიაური მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა. თამაზ მეჭიაური ამტკიცებს, რომ მას 1999 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ლეიბორისტული პარტია არ დაუტოვებია და ის პარტიის პოლიტსაბჭოში რჩებოდა, გიორგი გუგავას თქმით კი პირიქით, მეჭიაურმა პარტია არჩევნებისთანავე დატოვა და ფაქტობრივად უმრავლესობას "შეუერთდა".

თამაზ მეჭიაურს 2004-2007 წლებში ჯერ გლდანი-ნაძალადევის რაიონის, შემდეგ კი გორისა და თელავის რაიონების საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობები ეკავა.

თამაზ მეჭიაური და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თანაკურსელები ნამდვილად იყვნენ. ეს ფაქტ-მეტრთან საუბარში დეპუტატმაც დაადასტურა. 1980 წელს მათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრეს.

ფაქტ-მეტრი შალვა ნათელაშვილის ამ განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი