ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე, გიგა ბუკია, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებული მესიჯი, რომ მარიხუანას მოწევით არავის არაფერი უშავდება, არასწორია. დეპუტატმა განაცხადა: "თითქოს ამით არაფერი დანაშაული არ ხდება – ზიანს არ აყენებს არც თავის თავს, არც საზოგადოებას და მათი გადასაწყვეტია. საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სუიციდის მცდელობაც კი კანონით ისჯება და საუბარიც ზედმეტია, ადამიანმა თქვას, შემიძლია ჩემი სიცოცხლე ხელვყო და რა შუაშია აქ სახელმწიფოო". გარდა ამისა, გიგა ბუკიამ აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება პატიმრობით ისჯება.

მკითხველის თხოვნით ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, ისჯება თუ არა პატიმრობით მარიხუანას მოხმარება ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ასევე, დასჯადია თუ არა სუიციდის მცდელობა ამ ქვეყნებში.

ნაკროტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრის კვლევის მიხედვით,

პირადი მიზნებისთვის მარიხუანას გამოყენების სამართლებრივი საკითხი ევროკავშირში მნიშვნელოვანი განხილვის საგანია. გაეროს და ევროკავშირის ყველა ქვეყანა კანაფს (cannabis) ნარკოტიკული ნივთიერებების რიცხვს მიაკუთვნებს. მიუხედავად ამისა, ეროვნულ დონეზე მისი კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს მიერ 1961 წელს მიღებული კონვენციის მიხედვით, კანაფის ექსტრაქტი (მარიხუანა, ჰაშიში და კანაფის ზეთი) ნარკოტიკული საშუალებების რიცხვს მიეკუთვნება. კონვენციის 36-ე მუხლი კი, კონვენციის ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ნარკოტიკების ფლობა, ან წინასწარ განზრახვით მოხმარება დასჯად ქმედებად ჩაითვალოს. ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ გაეროს 1971 წლის კონვენციის 22-ე მუხლი 1961 წლის კონვენციას ეხმიანება. კონვენციის ხელმომწერმა მხარემ დასჯადი ზომები უნდა მიიღოს, თუკი ქმედება ჩადენილია წინასწარ განზრახულად და კანონმდებლობასა და კონვენციას ეწინააღმდეგება. უკანონო ვაჭრობის შესახებ გაეროს 1988 წლის კონვენციის

მესამე მუხლი გასაღების ან პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას კანონით დასჯად ქმედებად განიხილავს და შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას მოითხოვს. აღნიშნული მუხლი შემდგომში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და განხილვის საგანი გახდა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათი მდებარეობისა და რეგიონში არსებული მდგომარეობის შესაბამისად, გაეროს მიერ მიღებული კონვენცია საკუთარ კანონმდებლობაში ასახეს.

ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის რეზოლუციის მიხედვით,

წევრმა სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ მარიხუანას პირადი მიზნებისთვის მოხმარების (განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებში) შესამცირებლად. გარდა ამისა, საბჭომ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ იმ ვებგვერდების წინააღმდეგ, რომლებიც მარიხუანას მოყვანისა და მოხმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

საინტერესო იქნება მოკლედ მიმოვიხილოთ

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. მაგალითად, ბელგიაში მისი როგორც პირადი მოხმარების, ისე გავრცელების მიზნით ფლობა აკრძალულია, თუმცა, თუ კანაფის მომხმარებელი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს, ამ შემთხვევაში პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა 3 თვიდან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩეხეთში მცირე მოცულობის კანაფის ფლობა პატიმრობით არ ისჯება, პოლიციელს უფლება აქვს მფლობელი გააფრთხილოს, ან დააჯარიმოს. 15 გრამი მშრალი მარიხუანა და 5 გრამი ჰაშიში მცირე მოცულობადაა მიჩნეული.

დანიაში კანაფისა და ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის ფლობა პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, კანაფის აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯარიმება სტანდარტული სასჯელის ფორმაა. 10 გრამი ჰაშიშისა და 50 გრამი მარიხუანას პირველად აღმოჩენის შემთხვევაში პროკურორს უფლება აქვს მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს.

გერმანიაში კანაფის მოხმარება 5 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა გამონაკლისია უმნიშვნელო რაოდენობით კანაფის აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანაფის უმნიშვნელო რაოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით აღმოჩენისას, პირი არ ისჯება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სხვა პირებს ზიანს არ აყენებს და მოხმარებაში ჩართულნი არ არიან არასრულწლოვნები. ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში არსებული საკანონმდებლო პრაქტიკა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანაფის მოხმარების კუთხით საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობაა, ხოლო პატიმრობა სასჯელის უკიდურესს ფორმას წარმოადგენს. სხვა შემთხვევებში კი, არსებობს გამონაკლისები - სიტყვიერი გაფრთხილება ან ჯარიმა.

რაც შეეხება სუიციდის მცდელობას, მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ განსხვავებული კანონმდებლობაა. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში

სუიციდის მცდელობა დასჯადი ქმედება არ არის. საგულისხმოა, რომ ძირითადად სუიციდის ლეგალურობის შესახებ კამათი ევთანაზიასთანაა დაკავშირებული და არა მარიხუანის მოხმარებასთან. მაგალითად, ბელგიასა და ნიდერლანდების სამეფოში 2002 წელს ევთანაზია კანონით დაშვებულ ნორმად გამოცხადდა, თუმცა მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით. გერმანიასა და შვეიცარიაში აქტიური ევთანაზია (როდესაც ექიმი პაციენტზე მომაკვდინებელი ნივთიერების დანიშნულებას გასცემს) არალეგალურ ქმედებად ითვლება, თუმცა გერმანიაში ევთანაზიის ზოგიერთი ფორმა პაციენტის წინააღმდეგ უკანონო ქმედებად არ ითვლება. შვეიცარიაში ამ მხრივ კიდევ უფრო ლიბერალური კანონმდებლობაა, რომლის მიხედვითაც პაციენტს ევთანაზიის უფლება აქვს.

ირლანდიაში თვითმკვლელობის მცდელობა დანაშაულად არ ითვლება, თუმცა ევთანაზიის ნებისმიერი ფორმა უკანონოა, რის გამოც, შესაბამისი საზოგადოებრივი გაერთიანებები ამ ნორმის დაკანონებასაც მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ევთანაზიის გარდა თვითმკვლელობის ნებისმიერი ფორმა ირლანდიაში კანონით დასჯადი ქმედება არ არის. ლუქსემბურგში თვითმკვლელობის მცდელობა არ არის დასჯადი ქმედება, თუმცა ევთანაზია არაკანონიერია.

ახალ ზელანდიაში თვითმკვლელობის მცდელობა არ არის დასჯადი ქმედება, რადგან ამ მხრივ არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს. თუმცა, თვითმკვლელობის ხელშეწყობა და ევთანაზია დასჯადი ქმედებაა, მიუხედავად ევთანაზიის დაკანონების არაერთი მცდელობისა. თვითმკვლელობის მცდელობა არც ნორვეგიაშია დასჯადი ქმედება.

როგორც ვხედავთ, თვითმკვლელობის მცდელობა კანონით დასჯადი ქმედება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მიმდინარე დისკუსია სუიციდის კანონიერების შესახებ, ძირითადად ევთანაზიის უფლებასთან არის დაკავშირებული.

დასკვნა

ევროპის მასშტაბით მარიხუანას მოხმარების კუთხით საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობაა. პატიმრობა სასჯელის უმკაცრეს ფორმას წარმოადგენს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მარიხუანას პირველ ჯერზე, ან მცირე დოზით მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და პატიმრობით არ ისჯება.

რაც შეეხება სუიციდის მცდელობის უკანონობას, აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიოს "ნებისმიერ ქვეყანაში" დასჯადი ქმედება არ არის, როგორც ეს დეპუტატმა აღნიშნა. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში სუიციდის კანონიერება/უკანონობა ევთანაზიის უფლებასთან არის დაკავშირებული და არა მარიხუანას მოხმარებასთან და მის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან. შესაბამისად, დეპუტატ გიგა ბუკიას მიერ მარიხუანას მოხმარებასა და სუიციდის მცდელობას შორის პარალელის გავლება არარელევანტურია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი