2015 წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა,

რომ არსებული, შერეული ტიპის საარჩევნო სისტემა ამ ეტაპზე არ გაუქმდება. შესაბამისად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

ამ თემაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა,

რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კოალიციის საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით უნდა შეცვლილიყო.

ფაქტ-მეტრი პრეზიდენტის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მმართველი გუნდის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის გაუქმდება, 2016 წლის არჩევნები კი, კვლავ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ინიციატივით მომავალ არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი 30%-ის ნაცვლად 50% იქნება. ასევე, ხელახლა გაიყოფა მაჟორიტარული ოლქები, რათა ხმების წონადობა დაცული იყოს.

აღნიშნული ცვლილების მისაღებად საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო არ არის. საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილების გადავადების არგუმენტად არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დასახელდა. აღსანიშნავია, რომ დღეს არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის შემოთავაზებას,

გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, კოალიციაში შემავალი პარტიები 2010-2012 წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს. კერძოდ, "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატორები" და "რესპუბლიკელები" იმ ე.წ. "ოპოზიციური რვიანის" წევრები იყვნენ, რომლის ფარგლებშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სწორედ იმ მოდელს სთავაზობდა ხელისუფლებაში მყოფ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რის მიღებაზეც დღეს უარს აცხადებენ.

საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე 2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა,

რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. თუმცა, გაიზარდა გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი და ხმების სამართლიანი გადანაწილების პრინციპის დასაცავად ოლექების ხელახალი გაყოფა მოხდება. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის შემდგომი არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. ასევე, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნას მიღებული. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარდება. ცვლილებების მისაღებად კოალიცია მზადაა საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციისთვის.

არსებული საარჩევნო სისტემის არასამართლიანობაზე 2012 წლის არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნება" თავად საუბრობდა. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ: "

საქართველოში მოქმედებს ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მცირერიცხოვანი მმართველი პოლიტიკური გუნდის ნების მორჩილი აღმსრულებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უსამართლო საარჩევნო სისტემა".

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოქმედი საარჩევნო სისტემის ორი ალტერნატიული გეგმა წარმოადგინეს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ("საია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "სამართლიანი არჩევნები") საკანონმდებლო ცვლილების მისაღებად ხელისუფლების მონაწილეობით სპეციალური კომისიის შექმნაც მოითხოვეს. 2015 წლის 30 მაისს, პრეზიდენტთან შეხვედრისას, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა აუცილებლა

დ უნდა მოხდეს. ამავე შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაში (კოალიცია "ქართული ოცნების" გარდა) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმებაზე კონსენსუსია.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიცია შერეული სისტემის ვარიანტს ემხრობა, რომლის მიხედვითაც, 100 საპარლამენტო მანდატი საერთო პროპორციული წესით აირჩევა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის მიერ დასახელებულ სიას ეყრება კენჭი, ხოლო 50 მანდატი რეგიონულ-პროპორციულით. ამ სისტემით, საქართველო დღეს მოქმედი 73 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, თბილისის ჩათვლით, სულ 11 ოლქად დაიყოფა. როგორც არასამთავრობოები, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ვარიანტები საბოლოო არაა და ერთობლივ ხედვაზე შეჯერება შესაძლებელია.

საინტერესოა, რომ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კოალიციის დაპირებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ნამდვილად წარმოადგენდა, მაგრამ ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" ცვლილებებისთვის (მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისათვის საჭირო 113 დეპუტატის ხმა) საკმარისი საპარლამენტო მანდატი არ აქვს. თუმცა, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავროების მემორანდუმს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ეხება, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა არა უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაშია. ხმალაძის განცხადებით კი, პრობლემური პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერის საკითხი იქნება, რომლებმაც შესაძლოა არ მოინდომონ იმ წესის გაუქმება, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ. თავად ხმალაძე, რომელიც მაჟორიტარია, ამ წესის გაუქმებას მხარს უჭერს, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ზემოხსენებულ მემორანდუმს შეუერთდა. დავით უსუფაშვილმა მემორანდუმის ხელმომწერ სუბიექტებთან 17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იზიარებს ამ პრინციპების საფუძველზე საარჩევნო სისტემის დახვეწის საჭიროებას. 2 სექტემბერს სამართლიანმა არჩევნებმა მიმართვა გაავრცელა,

რომელშიც ვკითხულობთ: "კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული რეფორმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადახედვა და მათ შორის თანასწორობის დაცვა პარლამენტს ისედაც დაევალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვერც აღნიშნული ცვლილება და ვერც მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოთავაზებული 50%-იანი ბარიერი ვერ უზრუნველყოფს ძირეული რეფორმის გატარებას და ქვეყანაში რეალურად სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას".

არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ საქართველოს ეუთომ და ევროკავშირმაც მოუწოდეს. მაგალითად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ: "მომავალი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ახალი ციკლის დაწყებამდე აღმოიფხვრას კანონმდებლობაში და არჩევნების ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ არსებული და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მითითებული ხარვეზები" (გვ. 3). ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2015 წლის 25 მარტისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მუშაობა დაწყებული არ ყოფილა. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო

ოპოზიციურმა პარტიებმა (გარდა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა") ოქტომბერში გასამართ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, მიზეზად კი ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო სისტემის რეფორმირების შეუსრულებლობას ასახელებენ.

დასკვნა "

ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას "არასამართლიანი" საარჩევნო სისტემის შეცვლა ნამდვილად წარმოადგენდა. ამასთან, დავით უსუფაშვილმა 2015 წლის 17 მარტს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა უსამართლოა, ხოლო მაჟორიტარული სისტემა შესაცვლელია. აღსანიშნავია ვახტანგ ხმალაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებას მართლაც წარმოადგენდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და რომ ის თავადაც ემხრობა ამ იდეას. თუმცა, ის ამავე დროს გაუქმებისთვის საჭირო საპარლამენტო მანდატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობს.

ამასთან, კოალიცია აპირებს ინიციატივის წესით წარადგინოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც "უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ". ინიციატივის მიხედვით, 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. გაურკვეველია, თუ როგორ აპირებს კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას, თუკი მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებისათვის საჭირო ხმები არ აქვს.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში მაჟორიტარული სისტემის 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსენსუსია. ძირეული რეფორმის წინააღმდეგი ამ ეტაპზე თავად მმართველი გუნდია და შესაბამისად, ის თავის წინაასარჩევნო დაპირებას არ ასრულებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრეზიდენტის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი