მიმდინარე წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროსა და კომერციული ბანკის წარმომადგენლებს შორის საქმიანი დისკუსია გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით,

მიმდინარე წელს სავალუტო ნაკადებზე სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა დადებითია, შესაბამისად, შემოსულობების და გადასახდელების დინამიკა ლარის კურსზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის მიწურულს დაიწყო. კურსის გაუფასურებაზე სავალუტო შემოდინებების შემცირებასთან ერთად წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც იქონია გავლენა, რის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (ბმული 1, ბმული 2).

ეროვნული ვალუტის გაუფასურება მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. გაუფასურების ძირითადი მიზეზი სავალუტო წყაროებიდან (ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები) მიღებული შემოსავლების შემცირება იყო.

გაცვლითი კურსი ეკონომიკაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაზეა დამოკიდებული. ეკონომიკაში ფულის მასის დინამიკას ეროვნული ბანკი აკონტროლებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით, თუმცა სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკა გარკვეულწილად გავლენას ახდენს ქვეყანაში ფულის მასის ცვლილებაზე. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში უშვებს უფრო მეტ ლარს, ვიდრე იღებს გადასახადების და სხვა შემოსავლების სახით. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ეკონომიკაში ლარის მასის ზრდას უწყობს ხელს.

მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი 1.2 მილიარდი ლარითაა დაგეგმილი, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა ქვეყანაში მოთხოვნის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რომლის შიდა მოხმარების დაახლოებით 70% იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. შესაბამისად, ქვეყანაში შიდა მოხმარების სტიმულირება იმპორტზე მოთხოვნის ზრდას იწვევს, რაც ექსპორტის შემცირების ფონზე სავაჭრო ბალანსს აუარესებს და ლარის კურსზე ზეწოლას ზრდის. ლარის კურსზე ზეწოლის შემცირების მიზნით მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯების შემცირება გადაწყვიტა. მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტის კანონში ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მაინც არ მომხდარა, რის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (ბმული 3).

მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. გადაჭარბებით შესრულება ვალუტის კურსის ცვლილების და დაუგეგმავი შემოსავლების მიღების დამსახურებაა. 2015 წლის ბიუჯეტი 1.8 გაცვლით კურსზე იყო დაგეგმილი, თუმცა იანვარ-ივნისის პერიოდში გაცვლითი კურსი 2.2-2.28 ლარის შუალედში მერყეობდა. ლარის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება და შესაბამისად მასზე დარიცხული დღგ-ის გადასახადიც გაიზარდა, რამაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაზარდა.

კურსის ცვლილებამ გავლენა სავალუტო შემოსავლებზეც მოახდინა. ბიუჯეტის სავალუტო შემოსავლებმა ლარში საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა. ბიუჯეტის სავალუტო შემოსავლებს ძირითადად უცხოური კრედიტები და გრანტები წარმოადგენს, ხოლო სავალუტო ხარჯები ძირითადად საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისის პერიოდში საგარეო ვალისა და გრანტების სახით მიღებულმა შემოსავლებმა 304.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საგარეო ვალის მომსახურებაზე დახარჯულმა თანხამ აღნიშულ პერიოდში 164.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლები უცხოურ ვალუტაში 140 მლნ აშშ დოლარით აღემატებოდა ხარჯებს.

მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოსავლები ლარში დაგეგმილზე მაღალი იყო, საგარეო ვალის ათვისება სრულყოფილად მაინც არ ხდებოდა. პირველ კვარტალში საგარეო ვალი დაგეგმილი 110 მლნ ლარის ნაცვლად 81 მლნ ლარით გაიზარდა (გეგმის 73.6%). ბიუჯეტით გათვალისწინებული 1.8 გაცვლითი კურსის პირობებში პირველ კვარტალში საგარეო ვალის სახით 61 მლნ დოლარი უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა ფაქტობრივად 31.5 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხვა მოხდა, რაც გეგმის 52%-ია. ანალოგიურად, მეორე კვარტალში დაგეგმილი 269 მილიონის ნაცვლად 215 მილიონი დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა, რაც გეგმის 80%-ია.

მლნ ლარი 1-ლი კვარტალი მე-2 კვარტალი
ფაქტი %-ული შესრულება ფაქტი %-ული შესრულება
შემოსულობები 2 265,00 103,0% 4 793,00 105,7%
შემოსავლები 1 951,00 104,3% 3 827,00 103,7%
საგადასახადო შემოსავლები 1 828,00 102,7% 3 581,00 102,2%
გრანტები 58,20 130,5% 100,40 110,9%
სხვა შემოსავლები 64,50 141,8% 146,00 151,1%
არაფინანსური აქტივების კლება 63,20 601,9% 136,60 525,4%
ფინანსური აქტივების კლება 10,60 126,2% 38,70 54,5%
ვალდებულებების ზრდა 279,70 90,2% 791,40 100,9%
 საშინაო ვალდებულებების ზრდა 198,60 99,3% 295,00 98,3%
 საგარეო ვალდებულებების ზრდა 81,20 73,7% 496,20 102,4%
წყარო: ფინანსთა სამინისტრო

პირველ კვარტალში ბიუჯეტი[1]

პროფიციტული იყო, პროფიციტი 73.5 მლნ ლარს შეადგენდა, ნაცვლად დაგეგმილი 128 მილიონიანი დეფიციტისა. მეორე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი 584 მილიონი ლარით იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტიურად ბიუჯეტის დეფიციტმა 166 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ წლის განმავლობაში ხდებოდა ბიუჯეტის ანგარიშზე ნაშთების დაგროვება. მეორე კვარტალში ბიუჯეტის ანგარიშზე დაგროვილი ფულადი სახსრები 389 მლნ ლარით გაიზარდა და 823 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 273 მილიონი ლარი კომერციულ ბანკებში იქნა განთავსებული დეპოზიტების სახით. აგვისტოს ბოლოს კი ნაშთი 728 მლნ ლარი იყო.

საინტერესოა, თუ როგორი იყო ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით. როგორც გრაფიკიდან ჩანს, იანვარი, მარტი და მაისი პროფიციტული იყო. თებერვალში ბიუჯეტის დეფიციტი 135 მილიონი ლარით გაიზარდა. აპრილის თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა 126 მილიონი ლარი შეადგინა, დეფიციტური იყო ივნისის (124 მლნ ლარი), ივლისის (43 მლნ ლარი) და აგვისტოს (90 მლნ ლარი) თვეც.

გრაფიკი 1: 

ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, მთლიანი სალდო და ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით

image001 წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ორ კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლებია, გასული თვეების განმავლობაში ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა მაინც განხორციელდა და გარკვეულ თვეებში დეფიციტი მაღალი იყო, რომლის დროსაც დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაშთის შემცირების ხარჯზე ფინანსდებოდა. ეს კი პირდაპირ უწყობს ხელს მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდას და კურსის გაუფასურებას.

დასკვნა

იანვარ-ივლისის პერიოდში ბიუჯეტში უცხოური ვალუტის სახით 140 მლნ აშშ დოლარით მეტი ჩაირიცხა ვიდრე დაიხარჯა. ამასთან, წლის განმავლობაში ბიუჯეტის ანგარიშზე ნაშთების დაგროვება ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის გავლენა ვალუტის კურსზე პოზიტიურად არ შეიძლება ჩაითვალოს. ცალკეული თვეების განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი მაღალი იყო და ბიუჯეტის ნაშთს შემცირების ხარჯზე ფინანსდებოდა, რაც მიმოქცევაში არსებული ლარის მასას ზრდის.

დღეისათვის სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა ექსპანსიურია, რაც დეფიციტის ხარჯზე სახელმწიფო ხარჯების ზრდას გულისხმობს. მიუხედავად ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებებისა, სახელმწიფო ხარჯების შემცირება ფაქტიურად არ მომხდარა. მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი 1.2 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. სახელმწიფო ხარჯების ზრდა მოთხოვნის მასტიმულირებელ ფაქტორს წარმოადგენს. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად შიდა მოთხოვნის ზრდა თავის მხრივს ზრდის იმპორტირებულ პროდუქციაზე და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით წნეხს ქმნის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ფინანსთა სამინისტროს განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

[1] მთლიანი სალდოსა და ფინანსური აქტივების ცვლილების ჯამი (ნაშთის ცვლილების გარეშე)

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი