2015

წლის რთველთან დაკავშირებული დებატებისას, კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიგა ბუკიამ დარგის ხელშესაწყობად სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა: "აგროდაზღვევაში 160 მილიონზე მეტია ჩადებული რთველის დასაზღვევად, სეტყვისგან დაცულია მოსავლის 80-90%".

ფაქტ-მეტრი აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა.

2014

წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. მისი მიზანი სოფლის მეურნეობაში დაზღვევის სისტემის აქტიურად გამოყენებაა. აგროდაზღვევის თავდაპირველი პირობები შემდეგნაირი იყო: სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%-დან 90%-მდე,ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე, სახელმწიფო იხდიდა. პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას, სახელმწიფო ფიზიკურ პირს მაქსიმუმ 30 000 ლარს, ხოლო სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივს კი, 50 000 ლარს უნაზღაურებებდა. პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა მოხდა. დაზღვევა ისეთ სტიქიური მოვლენებისგან დაცვას ეხება, როგორიცაა: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აღსანიშნავია, რომ დაზღვევა გვალვით მიყენებულ ზიანს არ ანაზღაურებდა.

მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის #306 განკარგულებით,

საპილოტე პროგრამაში ცვლილებები შევიდა. აგროდაზღვევის ბიუჯეტი 2015 წელს 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამაში ოთხი სადაზღვევო კომპანია: "ჯი პი აი ჰოლდინგი", "ალდაგი", "აი სი ჯგუფი" და "ირაო" მონაწილეობდა. წელს კი, მათ ორი კომპანია: "არდი" და "უნისონი" დაემატა.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიღება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტს 15 ჰა) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნია. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა რეგისტრირებულ კოოპერატივებზე არ ვრცელდება. აღნიშნული შეზღუდვის შემოღების მიზანი სადაზღვევო სეგმენტის განსაზღვრაა. პროგრამა მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დაზღვევაზეა ორიენტირებული. წელს სახელმწიფო სუბსიდირება 60%-მდე იქნება. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი თითოეული კულტურის შესაბამისად დაინერგა, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 21 000-ზე მეტი პოლისია გაცემული და 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურაა დაზღვეული. დაზღვეული კულტურების საერთო ფართობი 19 000 ჰექტარია.

რადგან გიგა ბუკია კონკრეტულად ვენახის დაზღვევაზე საუბრობს, ქვემოთ 2014 წელს დაზღვეული ვაზის ფართობების მონაცემებს გთავაზობთ.

ცხრილი 1: 2014

წელს აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ვაზი

კულტურა მოსავლის ღირებულება პროცენტული წილი დაზღვეული ფართი პროცენტული წილი
ვაზი 63 850 460 ლ 41.97% 5 769 ჰა 30.97%

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება სეტყვისგან მოსავლის დაცვას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის მაისის ბოლოდან ამოქმედდა. სისტემის მოწყობა სსიპ "დელტამ" განახორციელა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობაზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კახეთში სულ 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდა. სპეციალისტების განმარტებით, სისტემას სეტყვისგან მიყენებულ ზარალი 80-90%-ით უნდა შეემცირებინა. სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთში სტიქია რამდენჯერმე მოხდა (ბმული 1, ბმული 2).

ჩვენ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებით კომენტარი სსიპ "დელტას" სამხედრო-ტექნიკური საკითხების სპეციალისტს, გიგა ინაშვილს ვთხოვეთ. მისი განმარტებით, დანადგარის დამონტაჟების შედეგად, სეტყვის შესაძლო შემთხვევის 97%-ის პრევენცია მოხდა. წელს სეტყვის 40 პროცესი (სეტყვის ღრუბელი) დაფიქსირდა, აქედან 37-ის დაშლა მოხერხდა და რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, ზარალი 80-90%-ით მეტი იქნებოდა.

დასკვნა 2014

წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 21 000-ზე მეტი პოლისი გაიცა და 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურის დაზღვევა მოხდა. დაზღვეული კულტურების საერთო ფართი 19 000 ჰექტარია. რაც შეეხება ვაზს, დაახლოებით 64 მილიონი ლარის მოსავალი და 5 769 ჰექტარი ფართობია დაზღვეული. შესაბამისად, დეპუტატი ვაზის ფართობების დაზღვევის მონაცემებს არასწორად ასახელებს.

რაც შეეხება სეტყვისგან მოსავლის დაცვას, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში მაისის ბოლოდან ამოქმედდა. სპეციალისტის განმარტებით, ამ სისტემის ამოქმედების შედეგად სეტყვის 37 შემთხვევის პრევენცია მოხერხდა და რომ არა დანადგარი, კახეთისთვის სეტყვისგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით მეტი იქნებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი