21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა ლარის გაუფასურება იყო. შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა,

რომ ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად არის ამოწურული და მთავრობა ლარის გამყარებას ელოდება.

ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, თუ რამდენად არის ამოწურული ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები.

ლარის კურსზე მოქმედი ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები უცხოური ვალუტის შემოდინება/გადინება (რაც აისახება ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში), ქვეყანაში არსებული ლარის მოცულობა და ეკონომიკური ზრდის ტემპია. აღნიშნულ ფაქტორებზე კი გავლენა როგორც საგარეო ფაქტორებს (ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების შიდა ეკონომიკური სიტუაცია), ასევე საქართველოს მონეტარულ პოლიტიკას (ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს) და ფისკალურ პოლიტიკას (საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, რაც მთავრობის მიერ განისაზღვრება და ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს) აქვს.

ბოლო 10 თვეში ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ძირითადი მიზეზი საქართველოში შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება იყო (ამ თემაზე ფაქტ-მეტრს რამდენიმე სტატია გამოქვეყნებული აქვს: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ყველაზე მეტად, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადები შემცირდა. ექსპორტმა შემცირება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და წლის ბოლო 5 თვეში 239 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, იმპორტი კი იზრდებოდა, და შედეგად, 2014 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 2013 წელთან შედარებით 253 მლნ დოლარით გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი (რომელიც საქონლით ვაჭრობასთან ერთად მომსახურებით ვაჭრობას, ფულად ტრანსფერებს და ფაქტორულ შემოსავლებს მოიცავს), 682 მლნ დოლარით გაუარესდა. ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლო სამ თვეში 67 მლნ დოლარით შემცირდა. ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება 2015 წელსაც გაგრძელდა. იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 455 მლნ დოლარით, ფულადი გზავნილები კი 250 მლნ დოლარით შემცირდა. თუ გასული და მიმდინარე წლის დანაკლისს შევაჯამებთ, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავალი მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს დანაკლისი კი ტურიზმის, ინვესტიციების და სასესხო კაპიტალის ზრდით არ დაბალანსდა, რამაც ლარის კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპორტი და ფულადი გზავნილები შემცირებას განაგრძობს, თუმცა, იანვრიდან შემცირება დაიწყო იმპორტმა. იანვარ-აგვისტოში იმპორტი 562 მლნ დოლარით შემცირდა. იმპორტის შემცირებამ ექსპორტის შემცირებას გადააჭარბა და შედეგად, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს სავაჭრო ბალანსი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. იმპორტის შემცირება იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებამ გამოიწვია. ეს არის ის ერთ-ერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომლის ლარის კურსზე უარყოფითი გავლენაც ამოიწურა. თუმცა, ფულადი გზავნილების შემცირების ჩათვლით, იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობიდან და გზავნილებიდან 143 მლნ დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე 2014 წლის იმავე პერიოდში.

დანამდვილებით რომ ვთქვათ, დღეს ქვეყანაში შემოდის თუ არა უფრო მეტი უცხოური ვალუტა, ვიდრე გადის, ამისთვის საჭიროა ვალუტის ნაკადების სხვა წყაროებზეც (ინვესტიციები, ტურიზმი, სესხები და სხვა) ბოლო თვეების ინფორმაცია გვქონდეს. ეს ინფორმაცია სრულად ასახული მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსში იქნება, რომელიც დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ორი კვარტლის საგადასახდელო ბალანსი, რომლის მიხედვით იანვარ-ივნისში საქართველოში 165 მლნ დოლარით ნაკლები უცხოური ვალუტა შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ასევე, ცნობილია, რომ იანვარ-აგვისტოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად გადაიფარა აღნიშნული დეფიციტი დოლარის სხვა ნაკადებით.

ვალუტის ნაკადების კლებით ლარის კურსზე მიყენებული ზიანი შესაძლებელია მნიშვნელოვანწილად მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით აღმოიფხვრას. ამისთვის საჭიროა ე.წ. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში არსებული ლარის მასის შემცირებაში ან მინიმუმ ერთ დონეზე შენარჩუნებაში უნდა გამოიხატოს. სარეზერვო ფული (უცხოური ვალუტის გარეშე), რომელიც ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულ ლარის მოცულობას მოიცავს, ბოლო ერთ წელში 7%-ით (191 მლნ ლარით) არის გაზრდილი (გრაფიკი 1).

გრაფიკი 1:

ლარის მასის ცვლილება 2015 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

image001

ბუნებრივია, ლარის მასის ნაკლები ტემპით ზრდა ან ერთ დონეზე შენარჩუნება მიღწევადია, თუმცა, ამჟამინდელი ზრდა საქართველოს ახლანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპს შეესაბამება. თუ ეროვნული ბანკი იმდენად გაამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, რომ ლარის მოცულობა არ გაიზრდებოდა, ლარის კურსის სტაბილურობა დროებით მიიღწეოდა, მაგრამ ეკონომიკა რეცესიაში გადავიდოდა. ამასთან, ხელოვნურად შენარჩუნებული დაბალი კურსის პირობებში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდებოდა (ექსპორტის მეტად შემცირების და იმპორტის ნაკლებად შემცირების გამო) და მომავალში ლარის კურსი მაინც გაუარესდებოდა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (რეფინანსირების განაკვეთის ზრდა) თებერვლიდან დაიწყო და თანდათანობით 4%-დან 7% პროცენტამდე გაზარდა. საპროცენტო განაკვეთის ბოლო ზრდა 23 სექტემბერს განხორციელდა და ვალუტის კურსზე მისი ეფექტი თანდათან აისახება. სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ასეთ გამკაცრებას მიმოქცევაში არსებული ფულის შემცირება მოჰყვება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ძირითადი მიზეზი გაზრდილი ინფლაციაა. აგვისტოს ბოლოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 5%-ს გადასცდა.

ბოლო წლებში ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ფისკალურმა პოლიტიკამ, კერძოდ, ბიუჯეტის ხარჯებმაც მოახდინა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

საქართველოს ბიუჯეტი დეფიციტურია, შესაბამისად, ბიუჯეტი იმაზე მეტ ფულს უშვებს მიმოქცევაში, ვიდრე შემოსავალი აქვს. თუ თვეების მიხედვით ხარჯვას ვნახავთ, მიმდინარე წლის თებერვალში, აპრილში, ივნისში და აგვისტოში ბიუჯეტი მაღალდეფიციტური იყო. აღნიშნულ თვეებში დეფიციტი ნაშთის გამოყენებით ფინანსდებოდა, რაც პირდაპირ ზრდის მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას. ამასთან, ექსპანსიური ხარჯვითი პოლიტიკა იმპორტს ახალისებს. მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტის ხარჯების შემცირება ვერ მოახერხა, თუმცა, გაზაფხულზე ხარჯების დაახლოებით 250 მლნ ლარის შემცირება იგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში შეტანილი კორექტირებით წელს შიდა ვალის აღება 100 მლნ ლარით შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა ექნება. თუ დავუშვებთ, რომ ბიუჯეტიდან ლარზე ზეწოლის რისკი მოხსნილია, ამისთვის საჭიროა მიმდინარე წლის ბოლო თვეებში ბიუჯეტიდან მაღალდეფიციტური ხარჯვა არ განხორციელდეს, რასაც ადგილი 2013 და 2014 წლების ბოლოს ჰქონდა.

დღეისთვის, ლარის კურსის სტაბილურობის ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ ის უკვე მნიშვნელოვნად გაუფასურდა. როდესაც ქვეყანას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს, თავად ვალუტის კურსი ხდება კრიზისიდან გამოსვლის საშუალება. ლარის გაუფასურებამ უკვე გამოიწვია იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გარკვეულწილად დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების უარყოფით ეფექტს ანეიტრალებს. აქედან გამომდინარე, სიმართლეა, რომ დღეს ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ამოიწურა, რადგან ის უკვე აისახა ლარის გაუფასურებულ კურსში, მაგრამ მომავალში კურსი სტაბილური იქნება, თუ აღნიშნული ფაქტორები მეტად აღარ გაურესდება. ამის თქმა კი წინასწარ რთულია, რადგან ამის პრეცედენტები უკვე მრავლად იყო. თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ლარზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორები ამოიწურა და დასტაბილურებას ელოდებიან. ფაქტობრივად, ლარის კურსი მხოლოდ ბაზარზე და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზეა მინდობილი, რადგან ბიუჯეტის დეფიციტი არ შემცირებულა, პირდაპირი ინვესტიციები უმნიშვნელოდ გაიზარდა და პრივატიზაციიდან დაპირებული 300 მლნ დოლარის ნაცვლად დაახლოებით 50 მლნ დოლარი შემოვიდა. ასევე არ ხდება ბიზნესის ხელშემწყობი მკვეთრი მაკროეკონომიკური ღონისძებების გატარება (გადასახადების და რეგულაციების შემცირება).

დასკვნა

ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირებაა. აპრილიდან შემცირება დაიწყო იმპორტმა, ანუ ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გადის, რამაც მნიშვნელოვანწილად დააბალანსა უცხოური ვალუტის დანაკლისი. ვაჭრობის გარდა, დოლარის მნიშვნელოვანი წყარო ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და სესხებია. ფულადი გზავნილები ისევ მცირდება, დანარჩენ წყაროებზე კი ინფორმაცია 3 თვის დაგვიანებით ქვეყნდება. შესაბამისად, რთულია თქმა, მოიხსნა თუ არა სრულად კურსზე უარყოფითად მოქმედი საგარეო ფაქტორი. დამაიმედებელი მხოლოდ იმპორტის ტენდენციაა.

ლარის მასის ზრდა კურსის გაუფასურების გამომწვევი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ მასზე ზემოქმედებით ეროვნულ ბანკს შეუძლია, კურსის სტაბილურობას ხელი შეუწყოს. ლარის მასა დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ გაამკაცრა. ეს კი კურსის სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

საქართველოს ფისკალური პოლიტიკა ძირითადად სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული, რაც ეკონომიკური ზრდის ნაკლებად ხელშეწყობაში, ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის ზრდაში გამოიხატა. პერიოდულად, ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა აქვს ლარის კურსზე. წლის ბოლო თვეებში მინიმუმ საჭირო იქნება დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობამ დეპოზიტზე არსებული ფული არ გამოიყენოს და საჭიროების შემთხვევაში ხარჯების შემცირება მოხდეს.

რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათია: აქამდე არსებულმა მაკროეკონომიკურმა პრობლემებმა ლარის კურსის 37%-იანი გაუფასურება გამოიწვია. ლარის დღევანდელი კურსი შენარჩუნდება, თუ მაკროეკონომიკური ფაქტორები მეტად აღარ გაურესდება. რადგან საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური პრობლემები ისევ გრძელდება, ხოლო ლარის სტაბილურობა მხოლოდ მცურავი კურსის ანტიკრიზისულ ეფექტზე და მონეტარულ პოლიტიკაზეა მინდობილი, რთულია თქმა, თუ რა ელოდება ლარის კურსს მომავალში.

ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი