19 სექტემბერს, გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა შეაფასა. მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტი არსებული ხელისუფლების დასუსტებას ცდილობს და ამის მკაფიო მაგალითი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე მისი ვეტო იყო. "მაგის უგუნური გადაწყვეტილება რომ არა, დღეს ლარი ასეთ მძიმე დღეში არ იქნებოდა. ლარის გაუფასურება ნაწილობრივ მაგის ბრალიც არის, მისმა ვეტომ ამაში დიდი წვლილი შეიტანა. თვენახევრის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს შექმნის შესახებ. ეს საბჭო თვენახევრის წინ ამოქმედდებოდა, მარგველაშვილს თავი რომ არ გამოეჩინა", განაცხადა მეჭიაურმა.

ფაქტ-მეტრმა თამაზ მეჭიაურის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ლარის გაუფასურების მიზეზი როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები გახდა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზებზე ფაქტ-მეტრმა უკვე არაერთი სტატია გამოაქვეყნა (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). მმართველი გუნდის თავდაპირველი პოზიციით, ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, მათ ეჭვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ზოგადად ბანკის მუშაობაზეც გამოთქვეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი იყო (იხ. ბმული).

ეროვნული ბანკის მიმართ გამოთქმული ამ ბრალდებების კვალდაკვალ, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ჩამორთმეოდა და ეს ფუნქცია ახლადშექმნილ დამოუკიდებელ იურიდიულ პირს უნდა გადასცემოდა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური იყო. მან ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი ქადაგიძე ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მისი და ზოგადად მმართველი გუნდის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, ინიცირებული ცვლილებების შეტანა ლარის გაუფასურების ტენდენციას შეაჩერებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების, პრეზიდენტის და საერთაშორისო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი) პოზიციით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ლარის კურსის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფდა და ამავდროულად აჩენდა საფრთხეს, რომ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბება მისი დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე). ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტების ცალსახად კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, 17 ივლისს პარლამენტმა თამაზ მეჭიაურის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

31 ივლისს, პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 3 სექტემბერს, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტი პროცესების გაჭიანურებაში დაადანაშაულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არა სექტემბერში, არამედ ჯერ კიდევ აგვისტოში, რიგგარეშე სესიაზე შეეძლო. მაგრამ, უმრავლესობამ ამ უფლებით არ ისარგებლა და ვეტოს დაძლევა საშემოდგომო სესიისთვის, სექტემბრის პირველი კვირისთვის გადადო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, იმხანად არდადეგების პერიოდი იყო და პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არ ჰქონდა.

მართალია, პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების ვალდებულება არა, მაგრამ უფლება კი ნამდვილად ჰქონდა და თუ კანონის მიღება ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო, ლოგიკურად მათ ეს უფლება უნდა გამოეყენებინათ.  პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, "

ყველა პროფესიონალი ეკონომისტისთვის ნათელია, რომ ამ კანონის ამოქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს ლარის კურსის სტაბილურობასთან. თუმცა, თუ ბუნებაში ვინმეს მაინც ჰგონია, რომ კანონის ამოქმედებით ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას და ხელს შეუშლის დევალვაციას, მაშინ აბსოლუტურად გასაკვირია, რატომ არ მოხდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაუყოვნებლივ და რატომ გადაიტანეს ეს პროცესი სექტემბრისთვის, თან, როცა ვისმენდით განცხადებებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდნენ". შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონის მიღების პროცესში დაახლოებით ერთი თვე თავად საპარლამენტო უმრავლესობამ დაკარგა.

რთული სათქმელია, თუ რატომ არ მოინდომა საპარლამენტო უმრავლესობამ (ამ უკანასკნელის აზრით) ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების დროულად განხორციელება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლარი თითქმის ყოველ დღე უფასურდებოდა. შესაძლოა, ამის ერთი მიზეზი "საპარლამენტო არდადეგები" (როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა) ყოფილიყო, რისი აუცილებლობაც ოდნავ მოგვიანებით, 25 აგვისტოს, თავად კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა. თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტის მიერ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა,

რომ ის შვებულებაშია და შედარებით ნაკლებად იცის, რა ხდება ლართან მიმართებაში. ცნობისთვის, იმ დღეებში დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.40-ს მიუახლოვდა.

დასკვნა თამაზ მეჭიაურმა ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთ დამნაშავედ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ცნო. მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტო არ უნდა დაედო, რადგან მან ამით მთავრობას ხელი შეუშალა და ლარის კურსის დარეგულირების პროცესი თვენახევრით გააჭიანურა. პარლამენტის მიერ 17 ივლისს მიღებულ ამ კანონს პრეზიდენტმა ვეტო 31 ივლისს დაადო. პარლამენტმა ვეტო ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 3 სექტემბერს დაძლია. კანონი უკვე ძალაში შევიდა და ფინანსური ზედამხედველობის საბჭოც ხელახლა დაკომპლექტდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ამ ცვლილების წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.

ოპოზიციის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანა და ცალკე სააგენტოს შექმნა არაკოსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არა სექტემბერში, არამედ ჯერ კიდევ აგვისტოში, რიგგარეშე სესიაზე შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თამაზ მეჭიაურის აზრით ვეტო ლარის კურსს აუფასურებდა, უმრავლესობამ ამ უფლებით არ ისარგებლა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, იმხანად არდადეგების პერიოდი იყო. შესაბამისად, ამ კანონის მიღების პროცესში საპარლამენტო უმრავლესობამ არდადეგებზე და შვებულებაში ყოფნის გამო, დაახლოებით ერთი თვე  დაკარგა.

ფაქტ-მეტრმა თამაზ მეჭიაურის ეს განცხადება თავისი ვერცერთი ვერდიქტით ვერ შეაფასა. ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა ორგანიზაციის - "სან დიეგოს ხმის" ვერდიქტს დავესესხებით და ვასკვნით, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება იაფფასიანი პროპაგანდაა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი