გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ "საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ ყოველ ათას ბავშვზე ათი და თორმეტი პუნქტით დაიკლო".

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

მსოფლიოს განვითარების ძირითადი გამოწვევების შესაბამისად, 2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე გენერალურმა ასამბლეამ ათასწლეულის დეკლარაცია მიიღო.

წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველო) შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე მიაღწევდნენ ათასწლეულის განვითარების მიზნებს:

  1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
  2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში;
  3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
  4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
  5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
  6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
  7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის.
ათასწლეულის განვითარების მიზნების 2014 წლის ანგარიშის (

გვ. 38-40) თანახმად, 2000 წლის შემდეგ ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დემოგრაფიული სტატისტიკური (საქსტატის) მონაცემებით, 2 000 წელს ხუთ წლამდე ბავშვების გარდაცვალების კოეფიციენტმა 1 000 ბავშვზე 24.9 პრომილეს (პროცენტის მეათედი ნაწილი) შეადგინა (რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ათას ბავშვზე დაახლოებით 25 გარდაცვლილი ფიქსირდებოდა), ხოლო 2013 წელს ეს მაჩვენებელი 13-მდე შემცირდა. ჯანდაცვის სტატისტიკური (NCDCPH-ის) მონაცემების მიხედვით კი, 2000 წელს ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 000 ბავშვზე 27.2 პრომილე იყო, ხოლო 2013 წელს ეს მაჩვენებელი 13 პრომილეს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სტატისტიკა და დემოგრაფიული სტატისტიკა ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს, ორივე სტატისტიკური მონაცემი 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაზე მიუთითებს (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: 5

წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებლები

image001

ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა. საქსტატის მონაცემებით, 2014

წელს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 1 000 ბავშვზე 10.9 პრომილე იყო, შესაბამისად 2013 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.1-ით შემცირდა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა კი 9.5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.6 პუნქტით, ხოლო 2006 წელთან შედარებით 6.3 პუნქტით ნაკლებია.

ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ანგარიშში საუბარია იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. 2000 წლიდან მოყოლებული სახელმწიფოში მთელი რიგი რეფორმები გატარდა, რომელმაც დადებითად იმოქმედა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე. მათ შორისაა იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს პროფილაქტიკურ აცრებს ეროვნული კალენდრის მიხედვით. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის

სახელმწიფო პროგრამა, ასევე ბავშვზე ზრუნვის სხვა სახელმწიფო პროგრამები. 2012 წლის სექტემბრიდან კი 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან იქნა ინტეგრირებული.

ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ "ბავშვთა სიკვდილიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას უკავია და ამ მხრივ მდგომარეობა 2000 წლის შემდეგ არ შეცვლილა".

Unisef-ის 2015 წლის ანგარიშის

 თანახმად, 2000 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1 000 ბავშვზე 36 პრომილე იყო, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 12 პრომილეა. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიხედვით, საქართველოს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის 16 პრომილემდე უნდა შეემცირებინა. შესაბამისად, საქართველომ ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზანი შეასრულა.

დასკვნა 2000

წელს საქართველო გაეროს ათასწლეულის განვითარების დეკლარაციას შეუერთდა, რომელიც 2015 წლისთვის სხვა ვალდებულებებთან ერთად ბავშვთა (0-დან 5 წლამდე) სიკვდილიანობის შემცირებას ითვალისწინებს.

ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ანგარიშის, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2000 წლის შემდეგ ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2000 წელს ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1 000 ბავშვზე 24.9 პრომილე, 2014 წელს კი 10.9 პრომილე იყო. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი 14 პუნქტით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა.

Unisef-ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ათასწლეულის განვითარების მიზნების მიხედვით, საქართველოს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2015 წლისთვის 16 პრომილემდე უნდა შეემცირებინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი ყოველ 1 000 ბავშვზე 12 პრომილეს შეადგენს. შესაბამისად, ყველა არსებული სტატისტიკური მონაცემები იმ ფაქტს ადასტურებს, რომ საქართველომ ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზანს, ანუ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას მიაღწია.

მართალია, რომ 5 წლამდე ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ათასწლეულის განვითარების მიზნების 2014 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ბავშვთა სიკვდილიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას უკავია და ამ მხრივ მდგომარეობა 2000 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია