ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარია, ხოლო ვალუტის კურსის ცვლილება მხოლოდ სესხის აღებასა და გადახდაზე ახდენს გავლენას.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7 261 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 100.2%-ია. გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლების გეგმაც. სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსავლებმა 9 თვის გეგმას 178 მილიონით გადააჭარბა და 6 025.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 76%-ია.

ცხრილი 1:

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

მლნ ლარი 9 თვის გეგმა ფაქტი გეგმის შესრულება
შემოსულობები 7 243 7 260.7 100,2%
შემოსავლები 5 847 6 025.5 103,1%
საგადასახადო შემოსავლები 5 484.6 5 602.5 102,2%
გრანტები 159 196.8 123,5%
სხვა შემოსავლები 203 226 111,3%
არაფინანსური აქტივების კლება 176.8 212.6 120,3%
ფინანსური აქტივების კლება 50.7 48.6 95,8%
ვალდებულებების ზრდა 1 168.7 974 83,3%
საგარეო ვალდებულებების ზრდა 768.7 643.5 83,7%
საშინაო ვალდებულებების ზრდა 400 330 82,6%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაზე გავლენა ვალუტის კურსის ცვლილებამ მოახდინა. ვალუტის კურსს პირდაპირი გავლენა გრანტებიდან და საგარეო ვალიდან მიღებულ შემოსავლებზე აქვს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში ირიცხება, შესაბამისად ლარის გაუფასურების შედეგად უცხოური გრანტებიდან და საგარეო ვალიდან მიღებული შემოსავლები ლარში იზრდება. ამასთან, საქართველოში სამომხმარებლო საქონლის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია და, შესაბამისად, ვალუტის კურსის ცვლილება საქონლისა და მომსახურების ფასებზეც ახდენს გავლენას. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატებამ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურების მიუხედავად, საგარეო ვალიდან მიღებული შემოსავლები დაგეგმილზე ნაკლებია. ცხრა თვის გეგმის მიხედვით, საგარეო ვალი 768.7 მლნ ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ფაქტობრივად 643.5 მლნ ლარი (გეგმის 83%) ჩამოირიცხა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ლარის კურსი გასული თვეების განმავლობაში დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩარიცხული საგარეო ვალის მოცულობა დოლარში კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება გეგმას. საგარეო ვალით ძირითადად საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. შეღავათიანი და გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების სახით, დაგეგმილი 443 მლნ ლარის ნაცვლად 350 მლნ ლარი (გეგმის 79%) ჩაირიცხა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესრულება დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.

გრაფიკი 1:

ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯები კვარტლების მიხედვით

image001 წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

ბიუჯეტის გადასახდელების წლიური გეგმა 9 575 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 9 თვის განმავლობაში 6 912 მლნ ლარია დახარჯული. გეგმის შესასრულებლად წლის ბოლომდე დამატებით 2 664 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. კვარტლების მიხედვით ხარჯვას თუ გადავხედავთ, ის თანაბარია. ძირითადი ჩამორჩენა კაპიტალური დანახარჯების ნაწილში შეინიშნება. 9 თვის მონაცემებით არაფინანსური აქტივები 548 მლნ ლარის ნაცვლად 417 მლნ ლარით გაიზარდა, რაც გეგმის 76%-ს შეადგენს. შესაბამისად, არათანაბარი ხარჯვა სწორედ აღნიშნულ მუხლში ფიქსირდება. წლიური ბიუჯეტით არაფინანსური აქტივების ზრდა 774 მლნ ლარითაა დაგეგმილი, შესაბამისად გეგმის შესასრულებლად დარჩენილ 3 თვეში კაპიტალურ პროექტებზე დამატებით 357 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

ბიუჯეტის დეფიციტმა (ნაშთის ცვლილების გარეშე ) მესამე კვარტალში დაგეგმილი 788 მლნ ლარის ნაცვლად 284 მლნ ლარი შეადგინა. დაგეგმილზე დაბალი დეფიციტი საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და კაპიტალურ დანახარჯებში ჩამორჩენის დამსახურებაა. წლის ბოლოსთვის წლიური ბიუჯეტის დეფიციტი (ნაშთის ცვლილების გარეშე) 840 მლნ ლარითაა დაგეგმილი, შესაბამისად ბიუჯეტის შესრულების შემთხვევაში წლის ბოლომდე დეფიციტი 556 მლნ ლარით უნდა გაიზრდება, რაც მაღალი მაჩვენებელია და ფინანსური სტაბილურობის მიმართ (ლარის კურსი, ფასების დონე) რისკებს შეიცავს.

ბიუჯეტის შესრულება შარშანდელთან შედარებით თანაბარია, თუმცა საგარეო ვალის ზრდისა და კაპიტალური დანახარჯების შესრულება კვლავ ჩამორჩება გეგმას. ამასთან, კვარტლების მიხედვით დეფიციტი (რასაც გავლენა აქვს ლარის კურსზე) არათანაბრად ნაწილდება.

ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ეკონომიკაში ლარის მასას ზრდის და ასევე იმპორტის წახალისებას უწყობს ხელს, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებითი წნეხია. მეორეს მხრივ, ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თუმცა, ფისკალური პოლიტიკის ეფექტურობა არა ხარჯების მოცულობაზე არამედ მის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს მიერ კაპიტალური დანახარჯების ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის საქმიანობას ახალისებს. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუტურებისა შენახვასა და სოციალურ დახმარებაზე გაწეულ ხარჯებს, მათ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა არ აქვთ.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელი არ არის უპრეცედენტო წელი, როდესაც შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებას წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი. თუ გადავხედავთ 2010 და 2011

 წლის ბიუჯეტების შესრულების 9 თვის ანგარიშებს, ვნახავთ, რომ შემოსავლების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული, რაც ძირითადად ეკონომიკური ზრდითა და საინვესტიციო პროექტებიდან მიღებული შემოსავლებით იყო განპირობებული, ხოლო მიმდინარე წელს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაზე კი, გავლენა ძირითადად ვალუტის კურსის გაუფასურებამ და ინფლაციამ მოახდინა.

დასკვნა

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა მართლაც გადაჭარბებითაა შესრულებული. შემოსავლების გეგმა 103%-ით შესრულდა, მათ შორის გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავალმა გეგმის 102% შეადგინა. მიუხედავად ამისა, ჩამორჩენაა საგარეო ვალის ზრდის ნაწილში. საგარეო ვალის ზრდამ გეგმის 76% შეადგინა. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაზე გავლენა ლარის გაუფასურებამაც იქონია. ლარის გაუფასურების გამო, უცხოური გრანტებიდან და საგარეო ვალიდან ჩარიცხული შემოსავლები ლარში გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაზარდა.

კვარტლების მიხედვით ხარჯვა მეტ-ნაკლებად თანაბარია, თუმცა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ბალანსი - დეფიციტი არათანაბარია. თუ წლის პირველი ორი კვარტალი დეფიციტური იყო, მე-3 კვარტალი უკვე პროფიციტულია. მაღალდეფიციტური იქნება წლის ბოლო, მე-4 კვარტალი, რასაც, სავარაუდოდ, ლარის კურსზე და ფასების დონეზე უარყოფითი გავლენა ექნება.

მიმდინარე წელი ნამდვილად არ არის უპრეცენდენტო, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. 2010 და 2011 წლების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით სრულდებოდა, რაც ეკონომიკური ზრდითა და საინვესტიციო პროექტებზე მიღებული კრედიტებით იყო განპირობებული და არა ვალუტის კურსის გაუფასურებითა და ინფლაციით, როგორც მიმდინარე წელს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი