ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს ბოლო სამი წლის მუშაობის შეჯამებისას აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურ ონლაინ რეჟიმში ნახონ, თუ რაში და როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი.

ფაქტ-მეტრმა ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ბიუჯეტის გამჭვირვალობა ნიშნავს: ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობას საზოგადოებისა და მედიისთვის; დამტკიცებული ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია - საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ "ღია ბიუჯეტის ინდექსს"

 აქვეყნებს (საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა, რომელმაც "ღია ბიუჯეტის ინდექსთან" დაკავშირებით კვლევა ჩაატარა). აღნიშნული ინდექსით შესწავლილია, თუ როგორია ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონე. შეფასება 102 ქვეყანაში ჩატარდა. გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი, რომლებიც აფასებენ, უზრუნველყოფს თუ არა ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის (იხ. სურათი 1) საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი და სასარგებლო.

სურათი 1:

რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის ხელმისაწვდომობა საქართველოში (2006-2015 წლები)

image001 წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

2015

წლის კვლევის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებაა შემდეგ კომპონენტებში: ფინანსთა სამინისტრომ შეადგინა და გამოაქვეყნა "მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი", გაუმჯობესდა კვარტალური და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები. თუმცა, ისევ ხარვეზად რჩება, ის, რომ არ მზადდება და ქვეყნდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნახევარი წლის ანგარიში.

"

ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველოს ქულა 2012 წელთან შედარებით 11-ით გაუმჯობესდა და 66 ქულამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონე მაღალია. აღნიშნული ქულით საქართველო 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. რეგიონში კი, საქართველოს მხოლოდ რუსეთი უსწრებს 74 ქულით. 2012 წელს საქართველო 33-ე ადგილზე იყო. 80 ქულიდან ზემოთ არის ძალიან მაღალი გამჭვირვალობის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება პროგრესი. აღნიშნულ ინდექსში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა 88 ქულით.

ცხრილი 1:

საქართველოს პოზიცია "ღია ბიუჯეტის ინდექსში"

2006 2008 2010 2012 2015
ქულა (100-დან) 34 53 55 55 66
ადგილი მსოფლიოში 43 30 34 33 16

"

ღია ბიუჯეტის ინდექსის" ფარგლებში, ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან ერთად, შეისწავლება, თუ რამდენად სთავაზობს მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესში ჩართვის შესაძლებლობებს. საზოგადოების მონაწილეობაში საქართველოს 100-დან 46 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ზრდასთან ერთად, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში ნახონ, თუ რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ნახვა სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე მართლაც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, "ბიუჯეტის" კატეგორიაში აირჩიოთ "ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაცია"

 და გადმოწეროთ დოკუმენტი (ფაილი) - "სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება". აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია, თუ რომელ უწყებას, რა მიმართულებით და რა თანხა აქვს დახარჯული წინა დღის მდგომარეობით. ასევე ნაჩვენებია კვარტალური გეგმები და კვარტლის ბოლომდე ასათვისებელი თანხის ოდენობა. განახლებული დოკუმენტი შაბათ-კვირის გარდა ყოველდღიურად ქვეყნდება, რადგან შაბათ-კვირას ხაზინიდან თანხების ხარჯვა არ ხორციელდება.

  დასკვნა

საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის "ღია ბიუჯეტის ინდექსის" მიხედვით, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონე გაუმჯობესდა, რაც ბიუჯეტთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტების შინაარსის გაუმჯობესებაში და დროულად გამოქვეყნებაში გამოიხატება. მიმდინარე წელს საქართველომ ამ კომპონენტში 66 ქულა აიღო და 102 (სადაც კვლევა ჩატარდა) ქვეყანას შორის 16-ე ადგილი დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა მაღალია.

თუმცა, დაბალია საქართველოს ქულა საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების ჩართულობის კუთხით. აქ საქართველოს 46 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება იმ შესაძლებლობას, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ნახონ, თუ რა მიმართულებით და რა თანხაა დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სიმართლეა. სახელმწიფო ხაზინა ბიუჯეტის გადასახდელებთან დაკავშირებით ოპერატიულ ინფორმაციას ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) აქვეყნებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ნოდარ ხადურის განცხადება სიმართლეა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი