რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა: "ქართული მიწების გასხვისებით მიღებული შემოსავალი არ არის ისეთი, რომ ლარის კურსზე გავლენა იქონიოს. ტურიზმიც, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ტურიზმი არის შემოსავლის მთავარი წყარო ქვეყანაში".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემომავალი სავალუტო ნაკადების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად მისი ცვლილება ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს. თეორიულად მისი მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაზე ტურიზმის გავლენა შესაძლებელია ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდეს. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი უცხოური ვალუტის მთლიან ნაკადებში, ვალუტის კურსზე მისი გავლენა შესაბამისად იცვლება. გრაფიკზე 1, წარმოდგენილია საქართველოში ვალუტის შემომავალ ნაკადებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი.

გრაფიკი 1: 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი ვალუტის შემომავალ ნაკადებში (2000-2015 წლები)

image001 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველო ქვეყნების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ტურიზმიდან შემოსავლები მთლიანი შემომავალი სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მოცემული მიმართულებით ცვლილებებს ვალუტის კურსზე გავლენა აქვს. მონაცემები მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო 2000-2008 წლებში და 7.5%-დან (2004 წელი) 11.1%-მდე (2000 წელი) მერყეობდა. 2009 წლიდან (10.1%) ის ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და 2014 წელს მაქსიმალურ წლიურ მაჩვენებელს, 18.6%-ს მიაღწია. მიმდინარე წელს მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებია ცნობილი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის წილმა მთლიან შემომავალ სავალუტო ნაკადებში პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისად 16% და 21% შეადგინა. წილის ზრდა სხვა წყაროებიდან უცხოური ვალუტის ნაკადების კლებამ (მაგალითად, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან) განაპირობა.

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდადი აბსოლუტური მნიშვნელობის ფონზე, 2012 წლიდან აღნიშნული შემოსავალი სულ უფრო ნაკლები ტემპით იზრდება და 2014 წელს ზრდამ პერიოდის მინიმუმი (4%) შეადგინა (იხ. გრაფიკი 2). მიმდინარე წლის ორ კვარტალში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ მხოლოდ 2% შეადგინა და ექსპორტის და ფულადი გზავნილების კლებით გამოწვეული უცხოური ვალუტის დანაკლისის დასაბალანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ყოველივე ეს ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახა.

გრაფიკი 2: 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი 2003-2014 წლებში

image002 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა კი, ბრუნვაში არსებულ ფულის მასაზე მისი გავლენით უნდა შეფასდეს. ეკონომიკური თეორია ორ მიდგომას განასხვავებს - პრივატიზაციით მიღებული სახსრების შენახვა და ხარჯვა. პირველ შემთხვევაში მთავრობა ბრუნვიდან იღებს ეროვნულ ვალუტას და მისი ეკონომიკაში არ დაბრუნებით ფულის მასას ამცირებს. შესაბამისად, გავლენა კურსზე დადებითია. თუ მთავრობა პრივატიზაციის შედეგად ამოღებულ სახსრებს ეკონომიკაში აბრუნებს (ხარჯავს), ამით ფულის ბაზარზე რეალური ცვლილებები არ ხდება (ფულის ამოღებისა და ბრუნვაში გაშვების პერიოდებს შორის არსებული განსხვავების უგულვებელყოფით). საქართველოს შემთხვევაში, დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში, საპრივატიზაციო ნუსხის გაფართოებით ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზება იყო შესაძლებელი, რითაც შიდა ვალის აღების აუცილებლობა ჩანაცვლდებოდა. შესაბამისად, მთავრობა ეკონომიკიდან ნაკლები სახსრების ამოღებითა და მეტის დაბრუნებით ბრუნვაში არსებულ ფულის მასას არ გაზრდიდა.

უშუალოდ მიწის პრივატიზების პრაქტიკა საქართველოში მოცემულია გრაფიკზე 3. როგორც ვხედავთ, კერძო სექტორზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება აბსოლუტურ მაჩვენებლებში 2008-2012 წლებში სტაბილურად იზრდებოდა, 2013 წლიდან კი შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ უცხოელთათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი სწორედ 2013 წლის ივნისიდან შევიდა ძალაში. 2014 წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცვლილებები არაკონსტიტუციურად ცნო. სექტემბერში კი მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც უცხოელთათვის მიწის შეძენაზე დაწესებული აბსოლუტური შეზღუდვა პირობადადებულმა ჩაანაცვლა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

უცხოელთათვის დაწესებულმა შეზღუდვებმა შეძენის სტიმული შეამცირა რეზიდენტებისთვისაც, ვინაიდან რეალიზაციაზე შეზღუდვის დაწესებით ფლობის რისკი გაიზარდა.

გრაფიკი 3: 

პრივატიზებული მიწის ჯამური ღირებულება 2008-2015 წლებში (მლნ ლარი)

image003 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ჯამური მაჩვენებლის რა ნაწილი იქნა შესყიდული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან ვერ დავადგინეთ, ვინაიდან მსგავს სტატისტიკას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქსტატი არ აწარმოებენ. თუმცა, ფულადი ნაკადების მოძრაობის გარდა, დაწესებულ შეზღუდვებს უარყოფითი გავლანა აქვს სექტორზე და მთლიანად ეკონომიკაზე, ვინაიდან დამატებითი აკრძალვების პირობებში მცირდება ინვესტირებისა და რეინვესტირების სტიმული. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებისა და სავიზო რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ ირიბი გზავნილი გახლდათ. ასეთი პოლიტიკა კი, არა მარტო კონკრეტული სექტორის, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუარესებას განაპირობებს.

დასკვნა

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საქართველოს შემთხვევაში, ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოს საგადამხდელო ბალანსის თანახმად, 2009-2014 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი მთლიან შემომავალ ნაკადებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და 8.3%-დან (2008 წელი) 18.6%-მდე (2014 წელი) გაიზარდა. 2015 წლის პირველ და მეორე კვარტალში მოცემულმა მაჩვენებელმა შესაბამისად 16% და 21% შეადგინა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის მიწის პრივატიზაციით, მთავრობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბრუნვაში არსებულ ფულის მასაზე და, შესაბამისად, ვალუტის გაცვლით კურსზეც. მით უმეტეს, თუ მიწას უცხოური ვალუტით უცხოელი ყიდულობს, მაშინ ლარის კურსზე მიწის პრივატიზაციის დადებითი გავლენა მატულობს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში მიწის პრივატიზაციით მიღებული სახსრების მოცულობა მზარდი გახლდათ, 2013 წლიდან კი ის შემცირდა. უცნობია კერძო სუბიექტებს შორის გარიგებების და მათ შორის უცხოელთა მონაწილეობის შესახებ მონაცემები, ვინაიდან არცერთი სახელმწიფო უწყება აღნიშნულ სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მატარებელია თავისთავად პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ ამ მიმართულებით გაატარა. სავიზო რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, არარეზიდენტთათვის მიწის მიყიდვის შეზღუდვით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა გაუარესდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი