პარტია "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა, მამუკა კაციტაძემ, პარლამენტის საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო უნიკალური სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთპალატიანი პარლამენტი და ის ირჩევა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემითაც. კაციტაძის თქმით, არცერთ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი და პროპორციული კანდიდატები ერთად არ ირჩევა. მან აქვე განმარტა, რომ ასეთი სისტემა მხოლოდ ორ სახელმწიფოშია, ესენია ბელორუსი და აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ბელორუსისა და აზერბაიჯანის დემოკრატიისკენ არ უნდა მიდიოდეს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტია. კონსტიტუციის

მეოთხე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა] და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი იქნება: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან დაკომპლექტდება, ხოლო სენატი კი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.

ფაქტ-მეტრმა ევროპის სახელმწიფოების საპარლამენტო მოწყობის და საპარლამენტო საარჩევნო სისტემის მოდელები შეისწავლა. ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების საკმაოდ დიდი ნაწილი ორპალატიანია. მათი უმეტესობა კონსტიტუციურ-მონარქიული და ფედერალური მოწყობის სახელმწიფოებია. ორპალატიანი პარლამენტი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრია, შვეიცარია, რუსეთი, პოლონეთი და ა.შ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, უმეტეს შემთხვევაში ორპალატიანი პარლამენტების ზედა პალატები აირჩევა (ბრიტანეთში - ლორდთა პალატა, აშშ-ში - სენატი, გერმანიაში - ბუნდესრატი).

რაც შეეხება ქართულ რეალობას, ოპოზიციურმა პარტიებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მთავრობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ძირითადი მოწოდებები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში – "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა,

შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსესუსს ეყრდნობა და ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას აძლიერებს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეა იწვევს ყველა შესაბამის პირს, განიხილონ პროპორციული-რეგიონული საარჩევნო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ღია სიებზე და რომელზეც, როგორც ჩანს, თანახმაა ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა (თუ ყველა არა).

საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება და კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პოზიცია გახლდათ, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2020 წლისთვის გადადო. მათი ინიციატივით, 2016 წლის არჩევნებისთვის აღნიშნული სისტემის გაუქმების ნაცვლად, მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერის გაზრდა და მაჟორიტარული ოლქების ხელახლა გაყოფა იგეგმება.

მამუკა კაციტაძე ერთპალატიანი პარლამენტის მქონე ევროპულ ქვეყნებზე საუბრობს და შესაბამისად, ჩვენი კვლევის ძირითადი ობიექტიც სწორედ ასეთი ქვეყნები არიან. 2015 წლის აპრილში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თხოვნით, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო სისტემის მოკლე მიმოხილვა შემუშავდა.

IFES-მა 10 ევროპული ქვეყნის - ხორვატიის, ესტონეთის, მაკედონიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, მოლდოვასა და თურქეთის საარჩევნო სისტემები მიმოიხილა.

კვლევაში დასახელებულ ქვეყნებს, საქართველოს მსგავსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო აქვთ. ამ ქვეყნებში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება. ფაქტ-მეტრმა ევროპის სხვა ერთპალატიანი პარლამენტის მქონე ქვეყნებიც შეისწავლა. ზემოაღნიშნული ათი ქვეყნის გარდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ დანია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ალბანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა და ა.შ.

მამუკა კაციტაძე ევროპულ სახელმწიფოებში გამონაკლისებსაც ასახელებს, სადაც ერთპალატიანი პარლამენტის მიუხედავად, შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. მისი თქმით, ეს ქვეყნებია ბელორუსი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევის სისტემა ნამდვილად საქართველოს მსგავსია, თუმცა ბელორუსის შემთხვევაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კრება, ორპალატიანია. ზედა პალატა რესპუბლიკის საბჭოა, ხოლო ქვედა პალატა - წარმომადგენელთა პალატა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის მსგავსად, ევროპის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მქონე ქვეყნებში, კიდევ არის რამდენიმე გამონაკლისი ქვეყანა, სადაც პარლამენტი შერეული სისტემით აირჩევა. საქართველოს მსგავსი საარჩევნო სისტემა

ევროპული ქვეყნებიდან ასევე სომხეთს, უკრაინას, ლიტვას და უნგრეთს აქვთ (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ რუკა):

file003

დასკვნა

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა. ამასთან, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა] და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, პარლამენტი ორპალატიანი იქნება.

ევროპულ სახელმწიფოებში შერეული საარჩევნო სისტემა ძირითადად ორპალატიანი პარლამენტის პირობებში გამოიყენება. ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოების შემთხვევაში კი აშკარა ტენდენციას საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება წარმოადგენს.

მამუკა კაციტაძის კონტექსტი სწორია, თუმცა ის რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას მოიცავს. მაგალითად, მის მიერ გამონაკლისად დასახელებულ ბელორუსში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იმიტომ გამოიყენება, რომ რეალურად ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია. ფაქტ-მეტრმა ასევე დაადგინა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროპაში კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაც არსებობს, სადაც ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის, მამუკა კაციტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია