პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "აბორტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთი წლის განმავლობაში, 2014 წელს, 7 000-ით კლება დაფიქსირდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთი ან ორი ათასით ყოველწლიური მატება იყო".

ფაქტ-მეტრი დიმიტრი ხუნდაძის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით,

 2008-2012 წლებში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. ამ პერიოდში აბორტების რაოდენობისა (39.2 ათასი) და პროცენტული ზრდის მაჩვენებლის (28%) მაქსიმუმი 2012 წელს დაფიქსირდა. 2013 წელს აბორტების რაოდენობა 2.2 ათასით, ხოლო 2014 წელს 3.5 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 1:

აბორტების რაოდენობა 2007-2014 წლებში (ათასი)

image001

2009-2014

წლების სტატისტიკის მიხედვით, აბორტების ყველაზე მეტი შემთხვევა 20-დან 44 წლამდე ქალების კატეგორიაში ფიქსირდება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1:

აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით

  2009 2010 2011 2012 2013 2014
15 წლამდე 21 14 15 19 34 20
15-19 1 689 1 770 1 681 1 955 1 833 1 387
20-44 22 419 23 664 28 760 37 070 43 881 31 850
45 და მეტი წლის 182 137 134 181 270 212

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2014

წელს აბორტების საერთო რაოდენობა, მათ შორის ხელოვნური აბორტებიც, შემცირდა, თუმცა მედიკამენტური აბორტების წილი გაიზარდა.

ცხრილი 2: 

მედიკამენტური აბორტების წილი საერთო სტატისტიკაში

2013 2014
აბორტების საერთო რაოდენობა 37 018 33 469
მათ შორის ხელოვნური 30 726 27 637
მედიკამენტური აბორტის წილი ხელოვნური აბორტებიდან 21.2% 28.1%

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამ შეუწყო ხელი აბორტების რიცხვის შემცირებას. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის

პროგრამა ამოქმედდა, რომელიც სხვა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მშობიარობის დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ასევე, ორსულ ქალებს ორსულობის ვადაში 4-ჯერ შეუძლიათ ისარგებლონ ექიმთან უფასო კონსულტაციით და საბაზისო ანალიზებით. აგრეთვე, გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და შრომის ანაზღაურება, რასაც ასევე შეეძლო დადებითი გავლენა მოეხდინა აბორტების რიცხვის შემცირებაზე.

სახელმწიფოს მხრიდან აბორტების წინააღმდეგ სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. 2014 წელს სელექციური აბორტები (ბავშვის სქესის მიხედვით) აიკრძალა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვის სქესის გაგება იმ ვადამდე აიკრძალა, სადამდეც კანონით აბორტი დასაშვებია (აბორტი დასაშვებია ორსულობის 12 კვირამდე). აქვე აღსანიშნავია, რომ აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5-დღემდე გაიზარდა. ამასთან, 2014 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკანონო აბორტზე სანქციები გამკაცრდა. მანამდე უკანონო აბორტი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით (ვადით ასიდან ორასორმოც საათამდე) ან გამოსასწორებელი სამუშაოთი (ვადით ერთიდან ორ წლამდე) ისჯებოდა. ცვლილებების თანახმად, ჯარიმა - როგორც სანქცია, აღარ იარსებებს. უკანონო აბორტი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ისჯება. სასჯელი იმ შემთხვევებშიც გამკაცრდა, როცა უკანონო აბორტი განმეორებითი ქმედებაა, მძიმე შედეგებს (მაგ. შვილოსნობის მოშლა) იწვევს, ან სიცოცხლის მოსპობის მიზეზი გახდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე).

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები სამომავლოდ დადებითად აისახება აბორტების რაოდენობის შემცირებაზე, თუმცა 2013 წლის სტატისტიკაზე ეს ცვლილებები, ბუნებრივია, გავლენას ვერ მოახდენდა, ხოლო 2014 წლის სტატისტიკაზე კი გარკვეული გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა. აბორტების შემცირებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას აქვს, რაც ოჯახის დაგეგმვას, ასევე უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეფციის საშუალებების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა 3.5 ათასით შემცირდა. აბორტების რაოდენობა შემცირდა 2013 წელსაც - 2.2 ათასით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში (2008-2012) აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.

აბორტების რაოდენობის შემცირებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებამ. ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები: აიკრძალა სელექციური აბორტები, გაიზარდა აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა და უკანონო აბორტებზე სანქციები გამკაცრდა. ყოველივე ამან გრძელვადიან პერსპექტივაში აბორტების რაოდენობის კიედვ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.

მართალია, დიმიტრი ხუნდაძე არასწორად ასახელებს რიცხვს, თუმცა ფაქტია, რომ აბორტების რიცხვი 2013-2014 წლებში, მათ შორის მთავრობის მხრიდან აბორტების წინააღმდეგ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი