ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ საშუალო ხელფასი 3-ჯერ გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2012 წლის პირველ კვარტალში საშუალო ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 676 ლარს შეადგენდა, 2012 წელს - 713 ლარს, 2025 წლის პირველ კვარტალში - 2170 ლარს. 2012 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, საშუალო ნომინალური ხელფასი 3-ჯერ, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველ კვარტლამდე 3.2-ჯერ გაიზარდა.
შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც უფრო ზუსტი გამოთვლის საშუალებას იძლევა, მიმდინარე ფასებში დათვლით, საშუალო ხელფასი სამჯერ და კიდევ უფრო მეტჯერაც გაიზარდა, თუმცა ინფლაციამ რეალური ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა.
რეალური შემოსავლების განსაზღვრისას, მთავარი მისი მსყიდველუნარიანობაა, ანუ რა პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი მოცემული ხელფასით. 2012 წლიდან, 2024 წლის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები 66%-ით და 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 70%-ით გაიზარდა.
2012 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, საშუალო ხელფასი 2012 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 78%-ით (1.8-ჯერ) 713-დან 1275 ლარამდე, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 87%-ით (1.9-ჯერ) 682-დან 1275 ლარამდე გაიზარდა. ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა (12:20-დან): „ეკონომიკური ზრდა აისახა საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2170 ლარი. 2012 წელს საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში 3-ჯერ გავზარდეთ ხელფასი“.
2012 წლის პირველ კვარტალში საშუალო ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი[1] 676 ლარს შეადგენდა, 2012 წელს - 713 ლარს, 2024 წელს - 2060 ლარს, 2025 წლის პირველ კვარტალში - 2170 ლარს.
ზოგადად, კვარტალური მონაცემი წლიურს არ დარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან დასახელებული მონაცემები განმცხადებლის სასარგებლო მანიპულაციას არ წარმოადგენს, აღნიშნულ გარემოებას საბოლოო ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.
2012 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველ კვარტლამდე საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 3.2-ჯერ გაიზარდა, ანუ ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ რიცხვზე მეტადაც კი. ამ შემთხვევაში, პრობლემა უშუალოდ თანხის ოდენობა კი არა, ინფლაციის გაუთვალისწინებლობაა. ბოლო 13 წელიწადში ნომინალური ხელფასები 3-ჯერ და უფრო მეტჯერაც გაიზარდა, მაგრამ დასაქმებულთა რეალური შემოსავლები 3-ჯერ არ გაზრდილა.
2012 წლის შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები 66%-ით და 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 70% გაიზარდა.
2012 წლის მუდმივ ფასებში დათვლით ხელფასები 2012-2024 წლებში 74%-ით - 713-დან 1240 ლარამდეა გაზრდილი, 2012 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველ კვარტლამდე 87%-ით - 682-დან 1275 ლარამდე.
გრაფიკი 1: დაქირავებით დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასი ეროვნულ ვალუტაში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკზე 2012 წლის პირველი კვარტალი და 2013 წელი გამონაკლისებია, რა დროსაც მუდმივ ფასებში დათვლილი ხელფასი რეალურს აჭარბებს, რისი მიზეზიც 2012-2013 წლებში დაფიქსირებული მცირე დეფლაცია გახდა.
რაც უფრო დიდია დროითი ინტერვალი, ინფლაციის ეფექტი მით უფრო თვალსაჩინო ხდება. უფრო გრძელვადიან პერიოდში, 1995-დან 2024 წლამდე, ნომინალური ხელფასი 152-ჯერ - 13.5 ლარიდან 2060 ლარამდე გაიზარდა. 2003-დან 2024 წლამდე 16-ჯერ - 126-დან 2060 ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 22 და 30 წელიწადში ცხოვრების დონე მართლაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, დასაქმებულის რეალური შემოსავალი 16-ჯერ და 152-ჯერ (1500%-ით და 15 100%-ით) ნამდვილად არ გაზრდილა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაიზარდა როგორც ნომინალური, ასევე რეალური ხელფასი. იყო ერთგვარი ჩავარდნაც, 2018-დან 2021 წლამდე რეალური ხელფასი პრაქტიკულად არ გაზრდილა, თუმცა იქამდეც და იმის მერეც რეალური ზრდა ინფლაციის მიუხედავადაც ხერხდებოდა. 2013-2024 წლებში რეალური ხელფასი 74%-ით, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 87%-ით გაიზარდა. ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.