იტვირთება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა: "28

პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვასწორეთ და საერთაშორისო დონორებმაც დამატებითი ფინანსები გამოგვიყვეს".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, წყალმომარაგების პროექტების განხორციელება საქართველოს 28 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში დაიგეგმა და საბოლოდ კონტრაქტი 24 პროექტზე გაფორმდა. დანარჩენი ოთხი, კერძოდ: ჭიათურის, ბაღდათის, ყვარლის და ხაშურის პროექტები, არასაკმარისი ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე გაუქმდა. განხორციელდება თუ არა აღნიშნული პროექტები ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად, ამ საკითხთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შედეგები 2016 წლის იანვრის ბოლოს იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ეს პროექტები 2012-2013 წელს დაიგეგმა. თუმცა, 2014 წლამდე არცერთი პროექტის სამუშაოები არ დაწყებულა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, კონკრეტულად რამდენი  პროექტი დაიგეგმა 2012 და 2013 წლებში. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქარველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან საჯარო ინფორმაცია დამატებით გამოვითხოვეთ. თუმცა, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც კომპანიის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილშია განმარტებული, აღნიშნული 24 პროექტი ეტაპობრივად, როგორც 2012 ასევე 2013 წლებში იგეგმებოდა. შესაბამისად, ზუსტად რამდენი მათგანი დაიგეგმა წინა ხელისუფლების პირობებში და რამდენი 2013 წელს, უცნობია.

2014

წლის დეკემბრიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკის მოთხოვნით, არსებულმა პროექტებმა (24 კონტრაქტი) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ცვლილებები განიცადა. კერძოდ, შეიცვალა ყველა პროექტის გამანაწილებელი ქსელის გეგმები და მილების დიამეტრი (EN სტანდარტის შესაბამისად), დამატებით დაპროექტდა წყალმზომი კვანძების მოწყობის  გეგმები (EN სტანდარტის შესაბამისად), დაპროექტდა რეზერვუარები და საქლორატო და სატუმბი სადგურები (EN სტანდარტის შესაბამისად).

დონორი ორგანიზაციის (ევროპის საინვესტიცო ბანკის) თანხმობით, პროექტის ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი დამატებით სამუშაოების დაფინანსება გამოყოფილი საკრედიტო რესურსის ფარგლებში განხორციელდება (პროექტებს შორის თანხების  გადანაწილებით).

ცხრილი 1:

წყალმომარაგების 24 პროექტი, რომელიც 2012-2013 წლებში დაიგეგმა

ქალაქი კონტრაქტორი სამუშაოს ღირებულება დამატებითი სამუშაოს ღირებულება
ხობი Ludwig Pfeiffer 2,749,058.01 729,424.49
გურჯაანი Spetshidromsheni 3,277,824.94 49,766.73
ბოლნისი Java 3,477,534.59 1,166,616.06
სენაკი IN-SI 4,501,053.23 1,923,233.27
აბაშა IN-SI 5,106,515.33 1,045,327.41
წნორი Zimo 8,252,826.11 2,985,298.25
ონი NDC Construction 618,903.79 174,004.95
ოზურგეთი IN-SI 4,626,693.36 485,298.54
ლიკანი-წაღვერი Build Industry 2,777,008.27 210,808.53
სიღნაღი Build Industry 1,191,019.35 151,264.31
ახალციხე-ასპინძა ASNAF 1,789,024.79 281,704.05
დუშეთი Kainat Techizat Tikinti 1,588,162.28 0.00
თერჯოლა Kainat Techizat Tikinti 1,488,642.16 464,205.85
საგარეჯო Tbili Sakhli 6,237,973.80 2,403,654.04
თეთრიწყარო ASNAF 2,176,663.48 574,493.80
წალკა Saba&Tsekuri 3,196,838.18 549,350.43
თელავი-კურდღელაური Oil&Gas Construction Trust 6,490,342.90 561,790.15
ტყიბული Saba&Tsekuri 3,953,856.08 620,160.29
ზესტაფონი Alliance & Kapiteli 3,579,251.05 219,557.73
ქარელი Oil&Gas Construction Trust 1,713,769.85 433,545.91
ახმეტა Dagi Ltd. 7,491,983.18 1,079,146.72
ლაგოდეხი IN-SI 7,006,466.13 0.00

როგორც ცხრილიდან ჩანს, წყალმომარაგების 24 პროექტისთვის ჯამში 83 მილიონი გამოიყო, საიდანაც 16 მილიონი პროექტებში დამატებით შესულ ცვლილებებს მოხმარდა. ამჟამად, წყალმომარაგების ყველა ეს პროექტი უკვე დაწყებულია. სამუშაოების დასრულების თარიღად 2015-2017 წლებია დასახელებული.

დასკვნა

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2012-2013 წლებში წყალმომარაგების 24 პროექტი დაიგეგმა. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, კონკრეტულად რამდენი პროექტი დაიგეგმა 2012 წელს და რამდენი 2013 წელს, ეს ინფორმაცია წყალმომარგების კომპანიამ ვერ მოგვაწოდა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ პროექტების ნაწილი 2013 წელს დაიგეგმა. არცერთი პროექტის განხორციელების პრაქტიკული სამუშაოები 2014-2015 წლებამდე ადრე არ დაწყებულა.

დონორი ორგანიზაციის (ევროპის საინვესტიციო ბანკის) მოთხოვნით, აუცილებელი გახდა თითოეულ პროექტში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან ისინი საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. აღნიშნული ცვლილებები 2014 წლის დეკემბრიდან განხორციელდა, დამატებითი სამუშაოების ხარჯები გამოყოფილი საკრედიტო რესურსის ფარგლებში დაფინანსდება.

შესაბამისად, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3924 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი