ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს უფრო ღარიბია ვიდრე სამი წლის წინ იყო, რადგან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 16 მილიარდ დოლარამდე იყო და ახლა 14 მილიარდ დოლარამდეა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის შეფასების და სხვა ქვეყნის ეკონომიკებთან შედარებისთვის უფრო მიზანშეწონილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Purchasing Power Parity – PPP) მიხედვით გამოთვლილი მშპ-ის შედარება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მშპ 2012-2015 წლებში 15%-ით არის გაზრდილი.

ფაქტ-მეტრმა მიხეილ მაჭავარიანის და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

ქვეყნის სიღარიბე და სიმდიდრე შედარებითი ცნებებია. მაგალითად, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, იაპონიაზე და სინგაპურზე შედარებით ღარიბია, მაგრამ სომალთან, ლიბერიასთან, ავღანეთთან, ყირგიზეთთან და პაკისტანთან შედარებით მდიდარია. ქვეყნის სიმდიდრის მაჩვენებელზე მოქმედებს როგორც ეკონომიკის (მშპ-ის) სიდიდე, ისე მოსახლეობის რაოდენობა. ეკონომიკის სიდიდე არის მოსახლეობის მიერ წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული ერთობლივი შემოსავალი. ბუნებრივია, ეს შემოსავალი რაც უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდება, საშუალოდ ერთ ადამიანს უფრო ნაკლები შეხვდება.

მიხეილ მაჭავარიანს საქართველოს გაღარიბების არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავს, რომ ბოლო სამ წელიწადში დოლარში გამოსახული საქართველოს მშპ შემცირდა. 2012 წელს საქართველოს მშპ 15.8 მილიარდი დოლარი იყო, 2015 წლის საპროგნოზო მშპ-ის მოცულობა კი დაახლოებით 13.8 მილიარდი დოლარია. 2 მილიარდი დოლარით შემცირება ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია, რადგან ბოლო სამ წელიწადში რეალურ ფასებში, ლარში გამოსახული მშპ 11%-ით (2.6 მილიარდი ლარით) გაიზარდა. სწორედ ეს (რეალურ ფასებში დათვლილი) არის ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელი და არა ნომინალურ ლარებში ან დოლარებში გამოსახული მშპ-ის ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (მიმდინარე ფასებში) 6800 ლარი (4130 დოლარი) იყო, ხოლო 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 8350 ლარია (3720 დოლარი). სსფ-მა საქართველოს მოსახლეობის მაჩვენებლები 2003-2013 წლებისთვის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით დააკორექტირა და თავის გამოთვლებში საქართველოს მოსახლეობის კლება გათვალისწინებული აქვს.

იმის გასარკვევად, ბოლო სამ წელიწადში რეალურად გაღარიბდა თუ არა საქართველო, ჩვენ ვნახეთ მსოფლიოში რომელი ადგილი ეკავა მას, როგორც ეკონომიკის სიდიდით, ისე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. ერთმანეთს შევადარეთ როგორც ნომინალურ დოლარებში გამოსახული მშპ-ის, ასევე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (PPP) გამოთვლილი მშპ-ის მონაცემები. თუმცა, გაღარიბება/გამდიდრების გასარკვევად უფრო მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მონაცემების შედარებაა, როგორც ამას გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს. ეს მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციაზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, მათი შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. სსფ-ის მიხედვით, თუ 2014 წელს საქართველოში ნომინალში გამოსახული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4 434 დოლარი იყო, მსყიდველობითი უნარის მიხედვით ის 9 209 დოლარს უტოლდებოდა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში გარკვეული პროდუქციის შეძენაზე თუ დავხარჯავდით 9 209 დოლარს, იგივე პროდუქციის შესაძენად საქართველოში საკმარისი იქნებოდა 4434 დოლარი. 2015 წელს ამ მეთოდით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავალი 9 566 დოლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 1:საქართველოს ადგილი მსოფლიოში ეკონომიკის (მშპ-ის) სიდიდის მიხედვით

image001

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე ნომინალური მშპ-სა და PPP-ით დათვლილი მშპ-ს მიხედვით საქართველოს პოზიციები მსოფლიოში უმჯობესდებოდა, ბოლო 3 წელიწადში კი ჩვენი პოზიციები გაუარესდა. აქვე აღსანიშნავია, რომ PPP-ით დათვლილი მშპ 2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, 15%-ით არის გაზრდილი, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს. პოზიციის გაუარესება კი სხვა ქვეყნების ეკონომიკების უფრო სწრაფად ზრდამ განპირობა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკისამ ბოლო სამ წელიწადში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის სიმდიდრე/სიღარიბე დამოკიდებულია არა მხოლოდ მშპ-ის სიდიდეზე, არამედ მოსახლეობის რაოდენობაზეც, ანუ იმაზე, თუ რამდენია საშუალო წლიური შემოსავალი ერთ მოსახლეზე. იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური ზრდის პირობებში იქნებოდა.

გრაფიკი 2:საქართველოს ადგილი მსოფლიოში ერთ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდის მიხედვით

image002

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გრაფიკი 2-დან ჩანს, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით, როგორც ნომინალურ, ისე PPP დოლარებში საქართველოს პოზიციები მსოფლიოში უმჯობესდებოდა. 2015 წელს, 2012 წელთან შედარებით კი, მშპ ნომინალურ დოლარებში გაუარესდა, ხოლო PPP-ით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

დასკვნა

ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ეროვნულ ვალუტაში, რეალური მშპ-ის ცვლილებით განისაზღვრება. 2013-2015 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 3.6% იყო და 3 წელიწადში, ჯამში, ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზრდის ტემპი შემცირდა. 2010-2012 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 6.6% იყო და 3 წელიწადში ეკონომიკა 21%-ით გაიზარდა.

გიორგი კვირიკაშვილი სწორად მიუთითებს საქართველოს მდგომარეობის სხვა ქვეყნებთან შედარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიაზე. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის მთლიანი და ერთ მოსახლეზე შემოსავალი დანარჩენი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს უნდა შევადაროთ. 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს პოზიციები მსოფლიოში როგორც მშპ-ის სიდიდის, ასევე ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით უმჯობესდებოდა და ეს ნიშნავს, რომ საქართველო მდიდრდებოდა. თუმცა, არც აღნიშნული მეთოდოლოგიით არ გამოდის, რომ 2013-2015 წლებში საქართველო გამდიდრდა, როგორც ამას კვირიკაშვილი გულისხმობდა. ბოლო 3 წელიწადში საქართველოს პოზიცია მსოფლიოში PPP მშპ-ის მიხედვით 3 საფეხურით გაუარესდა, ხოლო ერთ მოსახლეზე PPP მშპ-ის მიხედვით 1 საფეხურით გაუმჯობესდა. ეს გაუმჯობესება მოსახლეობის კლებამ განაპირობა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ 3 წელია საქართველო ერთ ადგილას გაჩერდა და აღარ მდიდრდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო გაღარიბდა, რადგან დოლარში გამოსახული ეკონომიკა შემცირდა, არის მეტწილადმცდარი, ხოლო გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კი -ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი