ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

რომან გოცირიძე: ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის  სიმართლე.

მიმდინარე წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ავტოავარიების შედეგად არავინ დაღუპულა. რაც შეეხება მთლიანად ფინეთს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 76 ადამიანი გარდაიცვალა და 1294 დაშავდა, 2024 წელს  გარდაცვალების 179 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს - 185.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს 5 866 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 444 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში ავტოავარიების რაოდენობამ 2 860 შეადგინა, დაღუპულთა რაოდენობა 216-ია.
რაც შეეხება ავტომობილების რიცხვს, 2024 წლის მონაცემით, ფინეთში  7 337 934 სატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, საქართველოში - 1 790 587, 4-ჯერ ნაკლები. ამის მიუხედავად, ავტოავარიაში დაღუპულთა რიცხვი, 2024 წლის მონაცემით, 265-ით, 2.5-ჯერ ნაკლები იყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.  

ანალიზი

რომან გოცირიძემ facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში ჰელსინკიში და მთლიანად ფინეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნული სტატისტიკა საქართველოსას შეადარა: „ჰელსინკში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავტოავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. უნიკალური მოვლენაა.

შარშან ფინეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444. ფინეთში ავტომობილების რაოდენობა ოთხჯერ მეტია საქართველოსთან შედარებით.

ევროპული სტანდარტი გადარჩენილ სიცოცხლესაც ნიშნავს“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა და გადაამოწმა.

„POLITICO-ში“  გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ჰელსინკიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ფატალური შედეგით არ დასრულებულა. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა. სტატიაში საგზაო უსაფრთხოებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც არის განხილული, რომელთაც აღნიშნული წარმატება განაპირობეს.

ჰელსინკიში 2021 წლიდან სიჩქარის ლიმიტი იქნა შემოღებული, რომლის მიხედვით საცხოვრებელ უბნებსა და ქალაქის ცენტრში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე დაიყვანეს. მონაცემების მიხედვით, სიჩქარის 40 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე შემცირება ქვეითის დაღუპვის რისკს ორჯერ ამცირებს; დამონტაჟდა 70 სიჩქარის დამაფიქსირებელი კამერა, ასევე ამოქმედდა ეროვნული სტრატეგია - „ნულოვანი ხედვა“ (Vision Zero), რომლის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ნულოვანი გარდაცვალება ან დაზიანებაა; ქალაქის გარემოს იმგვარი ცვლილება, რომ მანქანის მძღოლებმა არაკომფორტულად იგრძნონ თავი, რაც აიძულებთ, მანქანა ფრთხილად მართონ - დავიწროვდა ქუჩები, დაირგო ხეები,  აშენდა 1500 კმ სიგრძის ველობილიკი, გაფართოვდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მათ შორის, ავტომატიზებული ავტობუსები და ტრამვაის ახალი ხაზები (ევროპის საინვესტიციო ბანკის -EBRD-ის დახმარებით).

სტატიისვე მიხედვით, გრძელვადიანმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო - 2003 წლიდან 2023 წლამდე ჰელსინკიში ავტოავარიაში დაშავებულთა რაოდენობა  727-დან 14-მდე შემცირდა, 2019 წლისთვის კი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არც ერთი ქვეითის ან ველოსიპედისტის გარდაცვალება აღარ დაფიქსირებულა.

განსხვავებული სურათია ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით,  2024 წელს, საგზაო შემთხვევების შედეგად 19 800 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2023 წელთან შედარებით, 3%-ით - 600 ადამიანით არის შემცირებული. მართალია, რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ პროგრესი საკმაოდ ნელი ტემპით ხორციელდება. ევროკავშირის მიზანი 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა  რაოდენობის განახევრებაა.     

რაც შეეხება მთლიანად ფინეთს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 76 ადამიანი გარდაიცვალა და 1 294 დაშავდა, 2024 წელს  გარდაცვალების 179 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს - 185, 2022 წელს - 196, 2021 წელს - 225, 2020 წელს - 223.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს 5 866 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 444 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში ავტოავარიების რაოდენობამ 2 860 შეადგინა, დაღუპულთა რაოდენობა 216-ია. ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი 1: ავტოავარიების და დაღუპულთა რაოდენობა


რეგისტრირებული, რომელთაგან ექსპლუატაციაში იყო 5 257 813, მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 3 782 427-ია, მათგან აქტიური 2 794 387 ავტომობილია.

2023 წელს 3 744 469 მსუბუქი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ექსპლუატაციაში 2 782 205 ავტომანქანა იყო. როგორც ვხედავთ, მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 37 958-ით, აქტიური ავტომობილების რაოდენობა კი - 12 182 ერთეულით.

2024 წელს საქართველოში სულ 1 790 587 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. სამწუხაროდ, საქართველოში ექსპლუატაციაში მყოფი მანქანების სტატისტიკა ცალკე არ იწარმოება.

2023 წელს მათი რიცხვი  1 680 436  იყო. ზრდამ 110 151 ერთეული შეადგინა, რაც 6.1%-ია. თუ 2024 წელს საქართველოსა და ფინეთში დარეგისტრირებულ ავტომობილების რაოდენობას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ფინეთში 4-ჯერ მეტი ავტომობილია. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეა. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთში 2024 წლის მონაცემით, 4-ჯერ მეტი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა 265-ით - 2.5-ჯერ ნაკლები იყო.

საქართველოში საცხოვრებელ ადგილებში სიჩქარის ლიმიტი 20 კმ/სთ-ია, სიჩქარის დამაფიქსირებელი კამერებიც დგას, სატრანსპორტო რეფორმა, რის შედეგადაც ძველი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდა, მიმდინარეობს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ავტოავარიების და მათში დაღუპულთა რიცხვი არ იკლებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორად კეთდება.

საერთო ჯამში, რომან გოცირიძე მონაცემებს სწორად ასახელებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მისი განცხადება არის სიმართლე.