იტვირთება

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით: "გადაზიდვებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია". პასუხად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა, პირიქით, გაზრდილია".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა.

2011-2015 წლებში საქართველოში სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, საავიაციო, სარკინიგზო) მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობა გრაფიკ 1-ზეა მოცემული.როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 2015 წლის მაჩვენებლები 5 წლიან პერიოდში მინიმალურია, როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის (2015 წელს 19.2 მლნ ტონა), ისე სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, სამოქალაქო ავიაცია, რკინიგზა) მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთის (2015 წელს 44.2 მლნ ტონა) შემთხვევაშიც.

გრაფიკი 1:გადამუშავებული ტვირთების მოცულობის დინამიკა 2011-2015 წლებში (მლნ. ტონა)

image001

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სარკინიგზო გადაზიდვებმა 2015 წელს 14.1 მლნ ტონა შეადგინა. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ტენდენცია მოცემულია გრაფიკ 2-ზე. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში კლების ტენდენციაა. 2015 წლის მონაცემი კი, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანალოგიური ვითარებაა მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისითაც. 2015 წელს რკინიგზამ 2.6 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც 2011-2015 წლების მინიმალური მაჩვენებელია. მგზავრთა ნაკადის შემთხვევაშიც, კლების ტენდენცია ცალსახად გამოკვეთილია.

გრაფიკი 2:საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის და მგზავრების რაოდენობის დინამიკა 2011-2015 წლებში

image002

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2014 წელთან მიმართებაში 2015 წელს შემცირდა არა მხოლოდ რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის ჯამური მოცულობა, არამედ ყველა ცალკე აღებული კომპონენტიც. ადგილობრივი გადაზიდვა 0.18 მლნ ტონით, ხოლო იმპორტისა და ექსპორტისთვის განკუთვნილი ტვირთი შესაბამისად - 0.28 მლნ და 0.52 მლნ ტონით შემცირდა. 2015 წელს ტრანზიტულად გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.56 მლნ ტონით ჩამოუვარდება.

აღსანიშნავია, რომ შემცირებული ტვირთბრუნვის ფონზე, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 2015 წლის 9 თვის მონაცემებით 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 61.5 მლნ ლარით გაიზარდა (გრაფიკი 3). თუმცა, მთლიანი შემოსავლის ზრდა დიდწილად ვალუტის კურსის ცვლილებით შეიძლება აიხსნას.

გრაფიკი 3:რკინიგზის მთლიანი შემოსავალი და მოგება დაბეგვრამდე (მლნ ლარი)

image003

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ამასთან, შემოსავლების ზრდის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ორგანიზაციის დაბეგვრამდე მოგება უარყოფითია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წმინდა საოპერაციო შემოსავალი (168 მლნ ლარი) დადებითია. დაბეგვრამდე მოგების უარყოფითი მაჩვენებლის (ზარალის) დაფიქსირება კი ფინანსური ოპერაციების ნაწილში მიღებულმა ზარალმა განაპირობა, რისი ძირითადი მიზეზიც ვალუტის გაცვლითი ოპერაციების შედეგად წარმოშობილი დანაკარგებია.

დასკვნა

2015 წელს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული და გადამუშავებული ტვირთების ჯამური მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმს წარმოადგენს. ანალოგიური ვითარებაა ცალკე აღებული სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაშიც. საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობისა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის 2015 წლის მონაცემები 2011-2015 წლების მონაცემებს შორის ყველაზე დაბალია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არის სიმართლე, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კი - ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი