საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბათუმში "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა:

 "ჩვენ მოვახერხეთ და ქართული საზღვაო დროშის არსებობის ისტორიაში პირველად გამოვედით პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შავი სიიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ  ქართული დროშით მცურავი გემები, როგორც ნავსადგურების, ისე გარემოსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. სანდოობა ჩვენი დროშის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმი (მასში შედის ევროკავშირის წევრი ყველა საზღვაო ქვეყანა, აგრეთვე რუსეთის ფედერაცია და კანადა) სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ინსპექტირებას და საერთაშორისო კონვენციებთან მათი თავსებადობის კონტროლს ახორციელებს. ინსპექტირების შედეგად მიღებულ მონაცემებს აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს, რაც განვლილი სამი წლის მონაცემების შეჯამებას ემყარება. კერძოდ, ჯამდება თითოეული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ინსპექტირებისა და დაკავების შედეგები. ამ შეჯამების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები შავი, ნაცრისფერი და თეთრი დროშების კატეგორიაში ხვდებიან. შავი დროშის კატეგორიაში მოხვედრილი გემები მაღალი რისკის მატარებლად ითვლებიან. თავის მხრივ, შავი სია შემდეგ საფეხურებად იყოფა: საშუალო რისკი, საშუალო და მაღალი რისკი, მაღალი რისკი  და ძალიან მაღალი რისკი. ნაცრისფერი დროშის კატეგორიაში იმ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი გემები შედიან, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან. ნაცრისფერ სიაში გამოჩენა გემებისთვის ერთგვარი სტიმულია. თეთრი დროშის კატეგორიაში იმ ქვეყნების დროშის ქვეში მცურავი გემები შედიან, რომლებიც პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოდიან.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 1999-2005 წლებში საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში შედიოდა. 2005-2007 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა მაღალი რისკის დროშის კატეგორიაში გადაინაცვლეს, რაც თავის მხრივ, ადგილის გაუმჯობესებას ნიშნავს. 2008, 2009 და 2010 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში ირიცხებოდა, თუმცა, მისი ადგილი თანდათან უმჯობესდებოდა. 2011 და 2012 წლებში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალებები საშუალო რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ანგარიშით, რომელიც წინა სამი წლის შედეგებს ეყრდნობა, საქართველომ ადგილი გაიუმჯობესა და 2013-2014 წლების მონაცემებით, ის ნაცრისფერ სიაში ირიცხება.

დასკვნა

პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება და ის სამი წლის შედეგებს აჯამებს. 1999 წლიდან აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები შავ სიაში ირიცხებოდნენ. თუმცა, 1999 წლიდან 2013 წლამდე ამ სიაში საქართველოს ადგილი ყოველწლიურად უმჯობესდებოდა. 2013 წელს საქართველო ნაცრისფერ სიაში გადავიდა, რაც საერთაშორისო მასშტაბით ქართული გემების სანდოობის ზრდაზე მიუთითებს. ბოლო, 2014 წლის მონაცემებით, საქართველო ნაცრისფერი დროშის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის რჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი