პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა: "კახაბერ თედლიაშვილი მე-6 საპყრობილეში 2011 წელს მოკლეს. ეს ადამიანი ერთი თვის  განმავლობაში წერდა საჩივრებს და ამბობდა, რომ მას ციხეში მკვლელობით ემუქრებოდნენ, რის შემდგომაც თვითმკვლელობას დააბრალებდნენ. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ის მიმართავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დარბაზში ისხდნენ. მათ შორის იყო ლაშა თორდია, რომელიც მაშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ალბათ ეკა ხერხეულიძეც, რომელიც კომიტეტის წევრი იყო. მიმართავდა სააკაშვილს, ადეიშვილს, კალმახელიძეს, სახალხო დამცველ გიორგი  ტუღუშს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მისი მშობლები დაზარალებულად დღემდე არავის უღიარებია. ეს საქმე დღემდე ქვემო ქართლის პროკურატურის ქვემდებარეობაშია და განაჩენი ჯერ არ დამდგარა".

ფაქტ-მეტრი მანანა კობახიძის ამ განცხადებით დაინტერსდა.

2008 წელს კახაბერ თედლიაშვილს ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზებისა და უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღის ქონის ფაქტზე სასამართლომ 13.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი სასჯელს რუსთავის #6 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც 2011 წელს საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრის მიერ ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე (ინფორმატორობაზე) უარის თქმის შემდგომ, საპატიმროს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან გახშირდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც შემდგომში თედლიაშვილის ორმა თანამესაკნემაც დაადასტურა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე პატიმარმა მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ მიმართვა

 სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს საჯაროდ გაუგზავნა. ადრესატებიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის  აპარატი იყო.

გიორგი ტუღუშმა, რომელიც იმ პერიოდში  სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა,  ჩვენთან საუბარში მანანა კობახიძის კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები ამ საქმით დაინტერესებულნი იყვნენ და პატიმარს ციხეში სისტემატურად ხვდებოდნენ. თედლიაშვილის შესახებ ინფორმაცია ასახულია სახალხო დამცველის 2011 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშიც (472

გვ.), საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ პატიმრის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად სუიციდი დაასახელა. ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალება თვითდაზიანებებმა გამოიწვია, თუმცა, პარალელურად შესამჩნევი იყო გარდაცვლილზე ფიზიკური ძალადობის კვალი, რომელიც სიკვდილამდე 10-12 დღით ადრე არის მიყენებული.

გიორგი ტუღუშის გარდა, ამ საკითხზე ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც გადავამოწმეთ, რომელსაც თედლიაშვილი გარდაცვალებამდე საპატიმროში არაერთხელ მოინახულა. მისი განცხადებით, გარდაცვლილს ციხეში პრობლემები როგორც სხვა პატიმრებთან, ასევე ციხის ადმინისტრაციასთან ჰქონდა, რის გამოც იგი სამარტოო საკანში მოათავსეს.

წინა ხელისუფლების პერიოდში თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით, 2011 წლის 3 მაისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლი დაემატა.

2012

წელს საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, თუმცა, საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის სიახლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 2013 წელს გარდაცვლილის მშობლები გამოძიების მხრიდან მოწმის სტატუსით დაიკითხნენ, რა დროსაც მათ აუწყეს, რომ საქმე ციხის ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის მშობლებმა საგამოძიებო უწყებას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და გამოძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილით რამდენჯერმე მიმართეს, რაზეც ყოველ ჯერზე უარი ეთქვათ. 2014 წელს ქვემო ქართლის რეგიონული პროკურატურის მიერ თედლიაშვილის მშობლებისთვის გაგზავნილ  წერილებში ნათქვამია, რომ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალებაში ციხის ადმინისიტრაციის ხსენებული ორი თანამშრომლის მონაწილეობა არ დგინდებოდა. შესაბამისად, ოჯახის წევრებს აღნიშნული მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდათ. ამის შემდგომ, ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

2015 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით (ინაზი თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) დადგენილება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო გარდაცვლილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლების (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ დარღვევას აღიარებს, რის გამოც, სასამართლომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე წარმოებიდან ამორიცხა (

კონვენციის 37-ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ ცალმხრივი დეკლარაციით, სახელმწიფომ არა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის, არამედ კონვენციის მე-2 ნაწილის პროცედურული ნაწილის დარღვევა (გამოძიების პროცესში დაშვებული ხარვეზები) აღიარა და გამოძიების ეფექტურად წარმართვის ვალდებულება აიღო. ამასთან, სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა იკისრა.

დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის არაღიარების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და ამასთან კომპენსაციის გაზრდა მოითხოვეს. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მათი არგუმენტები ვერ გადაწონიდა ცალმხრივი დეკლარაციის მნიშვნელობას, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საქმე წარმოებიდან ამოიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო საქმის ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას იტოვებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ასევე ნათელი ხდება, რომ სახელმწიფო ორგანოებიდან, სახალხო დამცველის აპარატის გარდა, არცერთ სახელმწიფო უწყებას დროული რეაგირება თედლიაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებულ გამაფრთხილებელ გზავნილებზე არ მოუხდენია. ოფიციალური ცნობით, გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა, რაიმე ტიპის  სიახლე საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ცნობილი არ არის.

დასკვნა

თედლიაშვილის საქმეში არსებული გარემოებებით ამ ეტაპზე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის - თვითმკვლელობის ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია გამოირიცხოს მკვლელობის ვერსიაც. ამ საქმეზე კითხვის ნიშნები ციხეში პატიმრის მიმართ არსებული ძალადობის შესახებ როგორც ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, ისე სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშიდან გამომდინარეც ჩნდება. ძალადობის და მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ თავად პატიმარიც საუბრობდა. მანანა კობახიძის მიერ უმოქმედობაში დადანაშაულებულ სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალი ბოლომდე ზუსტი არ არის, ვინაიდან სახალხო დამცველის ოფისმა პატიმრის გამაფრთხილებელ გზავნილებზე რეაგირება მოახდინა. თუმცა, ის ერთადერთი უწყება იყო, რომელმაც აღნიშნულ საქმეს ყურადღება მიაქცია.

2011

წლიდან მოყოლებული, დღემდე (მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში), თედლიაშვილის ოჯახის წევრებმა ზუსტი პასუხი იმის შესახებ, ნამდვილად მოკლეს თუ არა პატიმარი, გამოძიებისგან ვერ მიიღეს. შესაბამისად, მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიების ეფექტურად ჩატარების ვალდებულება იკისრა. ამდენად, კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი სახელმწიფოს მიერ ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღებული ვალდებულებების - ეფექტური გამოძიების - პრაქტიკაში განხორციელებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წარიმართება ეს პროცესი ამას მომავალი გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი მანანა კობახიძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი