პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება.

ფაქტ-მეტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაინტერესდა და დიმიტრი ხუნდაძის განცხადება გადაამოწმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-

ის ხელშეწყობით ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენა იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. საქართველო შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი.

კომპანია Gilead-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში

აღნიშნა, რომ "ხუთ მილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისათვის. საქართველოში მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ამ  მიმართულებით ჩადებულ ინვესტიციას ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა შეუძლია".

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს - დაავადების გამოვლენას (ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში მკურნალობა საქართველოს ყველა C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ მოქალაქეს შეუძლია. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის და რუსთავის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები (იხ. სრული სია)

ემსახურებიან.

C ჰეპატიტის პროგრამის პირველ ეტაპზე კომპანია Gilead-მა საქართველოს უფასოდ გადასცა დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტი - სოფოსბუვირი. 2016 წლიდან, უკვე პროგრამის მეორე ეტაპზე,

 Gilead საქართველოს ახალი პრეპარატით - ჰარვონით ამარაგებს. ეს არის ორი პრეპარატის - სოფოსბუვირის და ანტივირუსული პრეპარატის ლედიპასვირის კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. განსხვავებით სოფოსბუვირისგან, ჰარვონით მკურნალობის შემთხვევაში დამატებითი მედიკამენტები ნაკლებად საჭიროა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში Gilead-მა საქართველოს 2015 წელს 400 მლნ ევროს ღირებულების სოფოსბუვირი, 2016 წელს კი უკვე 136 მლნ ევროს ღირებულების სოფოსბუვირი და  139 328 000 ლარის ღირებულების ჰარვონი გადასცა.

რაც შეეხება დამხმარე პრეპარატებს, მათ შეძენას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

C ჰეპატიტის მართვისთვის 22 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ დაავადების სრული ელიმინაცია არ მოხდება. ამერიკული კომპანია Gilead კი, საქართველოს უწყვეტად და უსასყიდლოდ მიაწვდის მედიკამენტებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7 000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი C ჰეპატიტი უკვე დაამარცხა. 2016 წლიდან პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიმდინარე წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 20 000 პაციენტის მკურნალობაა დაგეგმილი. პროგრამის პირველ ეტაპებზე ის პაციენტები შეირჩნენ, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის პრევენციისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში, სილამაზისა და ტატუს სალონებში სტერილიზაციის ნორმების სრული დაცვა. ეს ის ადგილებია, სადაც C ჰეპატიტის  ვირუსით დაინფიცირების (გადადების) მაღალი რისკია. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების მონიტორინგი/შემოწმება განხორციელდა (იხ. ბმული 1; ბმული 2).

დასკვნა 2015

წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უფასო სკრინინგს და უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead საქართველოს C ჰეპატიტის  მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებს უფასოდ გადასცემს. დამხმარე მედიკამენტების შეძენას კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი C ჰეპატიტი უკვე დაამარცხა. პროგრამის შემდეგ ეტაპზე გაცილებით უფრო მეტი პაციენტი ჩაერთვება. მათი შერჩევისას უპირატესობა იმ პაციენტებს ენიჭებათ, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაცია მოხდება, საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყანა გახდება და ეს გლობალური ჯანდაცვის სფეროში ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი