პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა სუბელიანმა, განაცხადა: "ნოდარ ხადური და დავით დარახველიძე აცხადებდნენ, რომ დევნილთა სახლების მშენებლობისთვის 1.5 მილიარდი უნდა დაეხარჯათ და პირველ საარჩევნო ვადაში ყველა დევნილი საცხოვრებელი ფართით დაეკმაყოფილებინათ. დღეს ბიუჯეტში 75 მილიონ ლარს ვხედავთ. ეს ბიუჯეტი ჩვენ დროსაც იყო. სად არიან სრულად დაკმაყოფილებული დევნილები? ჩვენ სადღაც 34 ათასი ოჯახის დაკმაყოფილება შევძელით. თქვენ, ერთ საარჩევნო ვადაში, დარჩენილი 50 ათასი უნდა დაგეკმაყოფილებინათ".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების წინასაარჩევნო დაპირებები და განცხადებები გადავამოწმეთ, თუმცა მსგავსი შინაარსის დაპირება, რომ ერთ საარჩევნო ვადაში ყველა დევნილი საცხოვრებელ ფართს მიიღებდა, ვერ მოვიძიეთ.

იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით 2012 წლამდე და მის შემდეგ, ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. სამინისტროს ინფორმაციით,

ამჟამად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბაზაში 264 630 დევნილია რეგისტრირებული, რაც 87 023 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, 34 323 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, ხოლო 52 647 ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების პროცესი რეალურად 2008 წლიდან დაიწყო. 2007 წლის 2 თებერვალს საქართველოს მთავრობის #47 განკარგულებით "იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია" დამტკიცდა. 2009 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საცხოვრებელი ფართი 26 359 დევნილი ოჯახმა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ კი - 7 964  ოჯახმა მიიღო.

2012

წლის 13 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. აღნიშნულ დოკუმენტში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებებიც გაიწერა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას, ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან  სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ნიშნავს. ამ გეგმის ფარგლებში 2013 წლიდან შემდეგი პროექტების განხორციელება დაიწყო:

  • რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება;
  • დევნილთა ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა;
  • კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვა და დევნილებისთვის გადაცემა;
  • დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია.
2012

წლამდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 15 379 დევნილ ოჯახს, 2012 წლის შემდეგ კი - 8 345 ოჯახს დაუკანონდა. უნდა აღინიშნოს, რომ ის ოჯახები, რომელთაც 2012 წლის შემდეგ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ, იმ ოჯახების რაოდენობაზე მეტია, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. როგორც დევნილთა სამინისტროში განგვიმარტეს, 8 345 ოჯახში, რომელთაც საცხოვრებელი ფართი გადაეცათ, ის ოჯახებიც შედიან, რომელთა დიდი ნაწილი საცხოვრებელი ფართით 2012 წლამდე გადაეცათ, ხოლო დაკანონება და ოფიციალურად გადაცემა 2013 წელს გაფორმდა.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა "ქართული ოცნების" მიერ დევნილების მიმართ გაცემული დაპირებები გადაამოწმა. თუმცა, მსგავსი შინაარსის დაპირება, რომ ერთ საარჩევნო ვადაში ყველა დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდებოდა, არც დავით დარახველიძის და არც "ქართული ოცნების" სხვა წევრების მიერ არ გაცემულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ჩვენ თავად კობა სუბელიანისგან შევეცადეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საცხოვრებელი ფართით 26 359 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. პროცესი 4 წელში განხორციელდა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი, საცხოვრებელი ფართი 7 964  ოჯახს გადაეცა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კობა სუბელიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი