ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ახალ საგზაო რეგულაციებზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: "ჩვენ შემოგვაქვს უკონტაქტო პატრულირების სისტემა, რაც ასე მოგვწონს ევროპაში. რატომ არ არღვევენ იქ მოქალაქეები ავტოსაგზაო წესებს, როდესაც პოლიცია არ ჩანს ირგვლივ? იმიტომ, რომ მათ იციან, შეიძლება უკონტაქტო გზით დააჯარიმოს სახელმწიფომ. უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს იმას, რომ სპეციალური GPS რეგისტრატორებით, რომლებიც აღნუსხავს დროსა და ზუსტ ადგილს სატელიტის საშუალებით, თქვენი დარღვევა ფიქსირდება, გადაეცემა პოლიციას და პოლიცია თქვენ გაჯარიმებთ".

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

გასული წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი შეიმუშავა. პროექტი ისეთ კომპონენტებს მოიცავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზების წინააღმდეგ ადმინისტრირების გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური/მოძრავი დეტექტორების გამოყენება (ე.წ. უკონტაქტო პატრულირება); სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება და სხვა (იხ. ბმული). ე.წ. უკონტაქტო პატრულირება საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დროსაც დარღვევის დაფიქსირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება და შემდგომ ავტომობილის მესაკუთრის დაჯარიმება მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მძღოლებს ადგილზევე აჩერებენ და აჯარიმებენ, რაც დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის პრაქტიკაზე. დღეისთვის, ყველა რადარი და ვიდეოკამერა, რომელიც საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას აკონტროლებს, მხოლოდ სტაციონარულადაა განთავსებული და სხვადასხვა საშუალებით – ამოსაცნობი ნიშნებით, მობილურის აპლიკაციით და ა.შ. არის იდენტიფიცირებული. უკონტაქტო პატრულირების შემთხვევაში კი, მძღოლს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად არის ვიდეოკამერა განთავსებული. GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი, მათ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი ექნებათ, რომლებიც კამერას სხვადასხვა ტერიტორიაზე გადააადგილებენ. ამ მოძრაობის გრაფიკი მხოლოდ პოლიციას ეცოდინება. უშუალოდ საგზაო წესის დარღვევის დროს კი, ფოტო/ვიდეოგადაღება მოხდება, რის შემდეგაც მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთება. მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა სამართალდარღვევა გადაამოწმოს და გაასაჩივროს (იხ. ბმული). მიმდინარე წლის 15 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - არჩილ თალაკვაძემ და შალვა ხუციშვილმა ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. მათ ხუთი ქვეყნის: ჰოლანდიის, გერმანიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საპოლიციო პრაქტიკაზე ისაუბრეს, სადაც პატრულირების ხსენებული ფორმა ფუნქციონირებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ამ თემაზე გამართული დისკუსიისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უკონტაქტო პატრულირების დროს ადამიანის უფლებებისა და პირადი სივრცის შესაძლო დარღვევის საკითხებს დაეთმო. მათი პოზიციით, მსგავსი სისტემის დროს იქმნება საფრთხე, რომ კამერები მიზანმიმართულად გამოიყენონ კონკრეტული პირების წინააღმდეგ. სამინისტროს წარმომადგენლების მოსაზრებით კი, მსგავსი პატრულირების სისტემის შემოღება მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და თუკი არსებობს იმის საშიშროება, რომ პირადი სივრცის დარღვევა მოხდება, ისინი მზად არიან დამატებითი კონსულტაციები გაიარონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ (კანონპროექტში შესაბამისი მუხლის ჩამატება ან საბჭოს შექმნა, რომელიც უკონტაქტო პატრულირების ამოქმედების შემდეგ მსგავსი საკითხების მონიტორინგს განახორციელებს). მათ დააზუსტეს, რომ მობილური კამერით მხოლოდ ავტომანქანის ნომრის და არა მისი მძღოლისა თუ მგზავრების იდენტიფიცირება მოხდება. შს მინისტრის მოადგილეების თქმით, კანონპროექტში,

რომელიც პარლამენტს განსახილველად 2015 წლის დეკემბერში გადაეგზავნა, საპარლამენტო მოსმენების დროს შესაბამისი ცვლილებები შევა. უკონტაქტო პატრულირების შესახებ შესაბამისი რეგულაციის ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტ-მეტრმა ევროპულ ქვეყნებში სიჩქარის მობილური/მოძრავი დეტექტორების გამოყენების პრაქტიკა შეისწავლა. თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იყენებს სიჩქარისა და უსაფრთხოების ფიქსირებულ კამერებს, რომლებიც დამონტაჟებულია გზებზე და მათი ადგილმდებარეობის ამოცნობა სპეციალური საგზაო ნიშნებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება სიჩქარის მობილური/მოძრავი კამერების გამოყენების პრაქტიკას, ის შემდეგ ქვეყნებში გვხვდება:

დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს უსაფრთხოების კამერების გამოყენების თვალსაზრისით. არსებობს სხვადასხვა სახის ფიქსირებული თუ მობილური/მოძრავი ვიდეოკამერა (იხ. ბმული),

რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა გზებზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით იყენებს.

საფრანგეთი 2015 წლიდან საფრანგეთში განსაკუთრებით გამკაცრდა საგზაო უსაფრთხოების საკითხები. გამკაცრება შეეხო სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის, გაიზარდა სიჩქარის ფიქსირებული კამერების რაოდენობა. ასევე, დაიგეგმა არსებული მობილური/მოძრავი სიჩქარის კამერების პრაქტიკის კიდევ უფრო ფართო გამოყენება (იხ. ბმული). გერმანიაში

სიჩქარის მობილური/მოძრავი დეტექტორები ფართოდ გამოიყენება და ავტომობილის მესაკუთრის დაჯარიმება ხდება მძღოლის შეჩერების გარეშე (შსს-ს ინფორმაციით, სწორედ პატრულირების გერმანულის მსგავსი მოდელის დანერგვა იგეგმება საქართველოში).

ჰოლანდია გახლავთ ერთ-ერთი იმ ქვეყანათა შორის, რომელიც იცნობს მობილური/მოძრავი კამერების გამოყენების პრაქტიკას, სადაც საგზაო მოძრაობის მონიტორინგი სამოქალაქო ტიპის ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით ხდება (იხ. ბმული). ესპანეთში ფართოდაა გავრცელებული როგორც ფიქსირებული, ისე სიჩქარის მობილური/მოძრავი დეტექტორები. ასეულობით სიჩქარის რადარი ისეა დამონტაჟებული, რომ მათ შესახებ მძღოლებმა არაფერი იციან. თუმცა, 2015 წლის დასაწყისში განცხადებები გაკეთდა სიჩქარის მობილური/მოძრავი კამერების ადგილმდებარეობის გასაჯაროების შესახებ (იხ. ბმული). დანიაში გზებზე სიჩქარის მობილური/მოძრავი დეტექტორების გამოყენების პრაქტიკა ფართოდ აპრობირებულია. საცდელი პროექტით მიღებულმა პოზიტიურმა შედეგებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს უბიძგეს, სიჩქარის მობილური/მოძრავი კამერების პრაქტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაენერგათ (იხ. ბმული). პოლონეთში 2011 წლის შემდეგ განსაკუთრებით განვითარდა ავტომატური სიჩქარის დეტექტორების სისტემა, რომელიც, გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების სხვადასხვა საშუალებასთან ერთად, მოიცავს როგორც სიჩქარის ფიქსირებული, ისე მობილური/მოძრავი კამერების პრაქტიკის განვითარებას (იხ. ბმული). ბულგარეთი ასევე მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა სიას, სადაც სიჩქარის მობილურ/მოძრავ კამერებს იყენებენ საგზაო დარღვევების აღმოჩენის მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის მანქანებზე მიმაგრებულ კამერებს წინასწარ ცნობენ მოქალაქეები, მობილური კამერები დამონტაჟებულია ისეთ მანქანებზე, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ნიშნები, რომლებითაც მათი ამოცნობა ხდება (იხ. ბმული). არაევროპული ქვეყნებიდან აღსანიშნავია ავსტრალია, სადაც სტაციონალურად განლაგებულ სიჩქარის კამერებთან ერთად, უკვე წლებია, სიჩქარის მობილური/მოძრავი კამერებიც ფართოდ გამოიყენება. პოლიციელებს, როგორც ავტომობილებით ისე ხელის ვიდეოკამერებით, შესაძლებლობა აქვთ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს და ადგილას ისე, რომ მძღოლებმა ეს არ იცოდნენ (იხ. ბმული).

ისინი განსაკუთრებულად სახიფათო ზონებში მოძრაობენ, რომლებიც ისტორიული პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა საფრთხისშემცველ ტერიტორიებად.

დასკვნა

ევროპულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება ფიქსირებული უსაფრთხოების/სიჩქარის ვიდეოკამერებისა და ვიდეოჯარიმების სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშიც მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს. რაც შეეხება სიჩქარის მობილურ/მოძრავ დეტექტორებს ანუ ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, ის ევროპაში საყოველთაოდ დანერგილი სისტემა არ გახლავთ, თუმცა, გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია, ესპანეთი, დანია, პოლონეთი და ბულგარეთი.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხის მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს (განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და პირადი სივრცის დაცულობის კონტექსტში). ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება: "უკონტაქტო პატრულირების სისტემა, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ევროპაში დანერგილი პრაქტიკაა", არის მეტწილად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 14 მარტს გამოქვეყნდა. 15 მარტს ე.წ. უკონტაქტო პატრულირების თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და შესაბამის კანონპროექტზე იმსჯელეს. აღნიშნულ შეხვედრას ფაქტ-მეტრიც დაესწრო, დისკუსიის დროს მიღებული ინფორმაცია ჩვენ სტატიაში ავსახეთ და მას განახლებული სახით წარვუდგენთ მკითხველს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი