თბილისში ტრამვაი 2006 წელს, დედაქალაქის მერიის დადგენილების საფუძველზე გაუქმდა. თუმცა, მოგვიანებით (2010 წელს), თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტრამვაის აღდგენის შესახებ ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო.

ამ პროექტის შესახებ, მიმდინარე წელს, ფაქტ-მეტრთან შეხვედრისას, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა და ის დადებითად შეაფასა. "უგულავას მერობის დროს ძალიან კარგი პროექტი იყო გაკეთებული - დელისიდან ორთაჭალამდე ტრამვაი უნდა გაეყვანათ. ის გაივლიდა ვაკეს და ორთაჭალაში იქნებოდა ბოლო გაჩერება. ეს იყო ფრანგების გაკეთებული პროექტი, რომელსაც კვლევაც ახლდა. თუმცა, საკრებულოში ამაზე მხოლოდ ერთხელ ვიმსჯელეთ და მორჩა" - აღნიშნა ელისაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ტრამვაის პროექტითა და მისი განხორციელების პერსპექტივით დაინტერესდა.

ტრამვაის პროექტის განხორციელება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი უნდა ყოფილიყო. როგორც გიგი უგულავამ 2010 წელს განაცხადა,

თბილისში ტრამვაის სისტემის დანერგვა 3-4 წლის პერსპექტივა იყო, თუმცა უწყება უკვე მუშაობდა ფრანგულ კომპანია "სისტრასთან".

ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ავტოტრანსპორტის ხარჯების შემცირებაც იყო. "მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწვავის ხარჯი თვეში  30 მილიონი ლარია. ეს მაშინ, როცა მეტროპოლიტენი სულ რაღაც 6 მილიონი ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, რენტაბელობის თვალსაზრისით, ელექტროტრანსპორტის უპირატესობა აშკარაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დავიწყეთ ტრამვაის გასაყვანად მუშაობა და სასტარტო ინვესტიციის მოძიება. დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნება დაახლოებით 500 მილიონ ევროს აღწევს, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროექტი და ის დანახარჯს აუცილებლად ამოიღებს" - აცხადებდა

უგულავა.

ამ განცხადებებიდან 2 წლის შემდეგ, 2012 წლის აპრილში, ფრანგულმა კომპანია "სისტრამ" თბილისში ჩატარებული ერთწლიანი სამუშაოს შედეგები გამოაქვეყნა და ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტის პრეზენტაცია

მოაწყო. "სისტრას" მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის სიგრძე 14 კილომეტრი იყო. ლიანდაგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან იწყებოდა, მომდევნო კვანძი მეტრო დელისი იყო, საიდანაც ტრამვაის ხაზი ვაკის პარკს დაუკავშირდებოდა და ჭავჭავაძის გამზირზე გაივლიდა. ტრამვაის ხაზს ასევე უნდა დათმობოდა ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია) ქუჩა. შემდეგ, რუსთაველის გამზირის გავლით, ტრამვაი ავტომობილებისთვის ჩაკეტილ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე მოხვდებოდა. ტრამვაი გაივლიდა "მეიდანზეც" და გორგასლის ქუჩით ორთაჭალის ავტოსადგურს დაუკავშირდებოდა. თბილისის ტრამვაის პირველ ხაზზე 23 გაჩერება უნდა მოწყობილიყო. ტრამვაის შემადგენლობა პიკის საათში 4 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებდა. მისი საშუალო სიჩქარე 25.1 კმ/სთ უნდა ყოფილიყო, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 34 წუთი ყოველი მიმართულებით.

ფრანგულმა კომპანიამ თბილისის მერიასთან ერთად ყველა ტექნიკური სამუშაო შეასრულა. წარმოდგენილი პრეზენტაცია სრულად მოიცავდა ფინანსურ მხარესა და მოქალაქეების გამოკითხვას, ასევე გათვლილი იყო შესაბიმისი რისკები. მიუხედავად ამისა, პროექტი შეჩერდა.

როგორც გიგი უგულავას ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, პროექტის შეჩერების მიზეზი ფინანსები გახდა. აბესაძის თქმით, ყველა წინამდებარე სამუშაო 1 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ თბილისის მთავრობას გრანტის სახით გამოუყო. "ამ თანხაში შესრულდა ყველა სამუშაო - გამოკითხვა, ტექნიკური მხარე, გაითვალა რისკები... პროექტი უკვე მზად იყო მშენებლობის დასაწყებად, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ გავჩერდით, რადგან მისი განხორციელება დაახლოებით 500 მილიონი ევრო ჯდებოდა და ჩავთვალეთ, რომ მაშინ ეს თანხა ძალიან ბევრი იყო, თბილისის ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა" - განაცხადა აბესაძემ. მისივე თქმით, პროექტი დედაქალაქის მერიაში ახლაც დევს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ უწყებისთვის, ფინანსური კუთხით, მისი განხორციელება არც ახლაა მარტივი.

აღსანიშნავია, რომ  ფრანგული კომპანია "სისტრას" მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში საუბარია იმაზეც, რომ პროექტის ფარგლებში გამოკითხული მძღოლების აზრით, დედაქალაქში ტრამვაის აღდგენა საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა. ამაზე ამახვილებს ყურადღებას ირაკლი აბესაძეც. მისი თქმით, ტრამვაი გზის ფართობს 8-ჯერ უფრო ეკონომიურად იყენებს და განცალკევებულ სავალ ზოლზე მოძრაობს. ამიტომ, ის ხელს შეუწყობდა გადატვირთული მოძრაობის დარეგულირებას.

ფაქტ-მეტრი თბილისის მერიის წარმომადგენელსაც ესაუბრა. უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ პროექტი ნამდვილად არსებობს, თუმცა, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, პროექტის ხელახალი განხილვა არ მომხდარა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მოხერხდება თუ არა ამ პროექტის განხორციელება და თბილისში ტრამვაის აღდგენა.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი