მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოჯახში ძალადობის ფაქტების 2015 წლის 3 კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ფაქტ-მეტრი აღნიშნული თემით დაინტერესდა და ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის შესწავლა გადაწყვიტა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის 2 114 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 845 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი, 269-ში კი კაცი იყო. წინა წელთან შედარებით ოჯახში ძალადობის ჯამური მაჩვენებელი 1 285 ერთეულით, აქედან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები 1 103 ერთეულით, კაცების მიმართ კი - 182 ერთეულით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი - 706 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც ძალადობის ფაქტს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ძალადობის სხვა შემთხვევები კი საბოლოო სტატისტიკაში ვერ ხვდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტატისტიკის ზრდა უწყებაში მიმართვიანობის ზრდით არის განპირობებული, რაც შს სამინისტროს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის შედეგია. სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, შესაბამისად მათ მიმართ ნდობის ხარისხიც გაზრდილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 2 598 შემაკავებელი ორდერი გასცა, 2014 წელს - 817, 2013 წელს კი - 227. "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში

განმარტებულია, რომ "შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ  მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონი

მიიღო. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია გაეროს კონვენცია "ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ".

გარდა ამისა, ფუნქციონირებს სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება 3 თვემდე ვადით ხდება. აგრეთვე, 2012 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას პოლიციელი უფლებამოსილია შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1751 მუხლითა და სისხლის სამართლის კოდექსის 3811

მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

საქართველოს პარლამენტმა 2014

წელს ხელი მოაწერა სტამბოლის კონვენციას. სტამბოლის კონვენცია პირველი სავალდებულო დოკუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობას, როგორც დისკრიმინაციის ფორმას ქალთა და ადამიანთა უფლებების წინააღმდეგ. დოკუმენტი 2011 წლის 7 მაისს სტამბოლში  მიიღეს. კონვენცია ისეთ ნორმებს მოიცავს, რომლებიც რეალური შედეგების მიღებას უკავშირდება და ასახავს ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფიზიკურ ძალადობას, რომელიც სექსუალური ნიშნით არის მოტივირებული.

მიუხედავად ამისა, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები კვლავ დიდ პრობლემად რჩება. აღნიშნულის შესახებ ყურადღება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც არის გამახვილებული. "ქვეყანაში პრობლემად რჩება თანასწორობის მიღწევა. კერძოდ, დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ამასთან, შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებით პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს" - ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2015

წლებში ქვეყანაში 53 ქალი მოკლეს. მათგან 27 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ოჯახური ძალადობის თემაზე ფაქტ-მეტრი არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს ესაუბრა. ის, თუ რამდენი ქალია ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი, ამის სწორი და რელევანტური სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს. მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს და მათ სისტემა უბრალოდ ვერ ხედავს. მისივე განმარტებით, ქალების მიმართ ძალადობის მთავარი წინაპირობა სტერეოტიპებია. ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან ბრძოლაში არაეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ 2006-2010 წლებთან შედარებით სიტუაცია გარკვეულწილად პოზიტიურად შეიცვალა, ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამას კი უამრავი ქალის სიცოცხლე ეწირება.

აბაშიძის თქმით, არის შემთხვევები როდესაც, სანამ დადგება უკიდურესი ფორმა - მკვლელობა - მსხვერპლი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დახმარებას ითხოვს. თუმცა, მათი ეს ჩივილები სერიოზულად მოსმენილი არ არის. აბსოლუტური გულგრილობაა გამომძიებლების და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ისინი არ გამოირჩევიან სათანადო გულისხმიერებით, რომელიც მათი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება. გარდა ამისა, მისივე თქმით, ძალოვან სტრუქტურებში ქალთა ხმა საერთოდ არ ისმის. ეს კი იმას ნიშნავს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაც კი კაცების მიერაა შექმნილი.

ანა აბაშიძემ ფაქტ-მეტრთან იმ საშუალებებსაც ისაუბრა, რაც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა უნდა არსებობდეს შესაბამისი კვლევა, რომელშიც მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება. შემდეგ, "ეს საკითხი პრიორიტეტის დონეზე უნდა იქნას აყვანილი. ჩვენ ეს უნდა შევამჩნიოთ ბიუჯეტის შესახებ კანონში, სადაც გაიწერება მეტი თანხა გენდერულად სენსიტიური თემებისთვის, რაც დღეს არ არის. ასევე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უნდა კეთდებოდეს განცხადებები და მკაფიო გზავნილები, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ქალთა და გენდერული თანასწორობის დაცვა".

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი