მიმდინრე წლის 4 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მან ასევე ხაზი გაუსვა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და აღნიშნა, რომ 2015 წელს ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მივიღეთ, ხოლო 2016 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 148 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების[1]

რიცხვმა 1 134 436 შეადგინა, რაც 14.7%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ვიზიტორთა 47.4% ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყანაში, ხოლო ტურისტების წილი 35.9%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთდღიანი შემოსვლების რიცხვი 24%-ით, ხოლო ტურისტების რაოდენობა 15.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტრანზიტულ მგზავრებს, მათი რაოდენობა 14 310-ითაა (7%-ით) შემცირებული. წინა წლის მარტთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი 64.6 ათასით (16.7%-ით) გაიზარდა, საიდანაც ტურისტების რიცხვი 33.8 ათასითაა (24.8%-ით) გაზრდილი. ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყო შემოსული.

გრაფიკი 1:

ტოპ 5 ქვეყანა ვიზიტორების რაოდენობის ზრდის მიხედვით

image001 წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2015 წელს 8.3%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნულ ბანკს 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები 219 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 47 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

გრაფიკი 2:

ვიზიტორთა რაოდენობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკა 2010-2015 წლებში

image002

ნიშანდობლივია, რომ ვიზიტორების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ირანთან გაუქმებულმა ვიზებმა. მარტში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა და 13 651 შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლებამ სავიზო რეგულაციების გამკაცრება დაიწყო. ამ რეგულაციებმა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინეს. ამ ცვლილებებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლებამ დაშვებული შეცდომის შესახებ აღიარა და, მათ შორის კანონმდებლობაში შეტანილი რამდენიმე ცვლილების შედეგად რეგულაციების კვლავ გამარტივებით, სიტუაციის გამოსწორება დაიწყო.

დასკვნა

მიმდინარე წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 14.7%-ით გაიზარდა და 1 134 436 ადამიანი შეადგინა. ვიზიტების ძირითადი ნაწილი ერთდღიანია, ხოლო ტურისტების (ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით დარჩნენ) წილი 35.6%-ია. ვიზიტორთა ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, გაზრდილი იქნება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს საგადამხდელო ბალანსის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, შემოსავლების ზუსტი შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 47 მილიონი ლარით გაიზარდა. ვიზების გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანელი ვიზიტორების რიცხვიც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

______________ [1] ვიზიტორი ეწოდება პირს, ვინც თავისი ბუნებრივი გარემოდან კონკრეტული მიმართულებით მოგზაურობს, იქ ერთ წელზე ნაკლები  ვადით რჩება და დასაქმებული არ არის. ის ვიზიტორი ვინც კონკრეტულ ადგილზე ერთ ღამეს მაინც ათევს, ტურისტად კლასიფიცირდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი