მიმდინარე წლის 13 აპრილს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა: "

პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც საქართველოში აშენდება, გორთან ახლოს იქნება, დაახლოებით იქ, სადაც გვირაბია. ვფიქრობთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას, აგვისტოში უნდა ჩამოვიდეს აგრეგატები, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, საძირკველი ჩაყრილია".

ფაქტ-მეტრი ენერგეტიკის მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა.

მსოფლიოში განახლებადი ენერგორესურსებისადმი დაინტერესება დღითიდღე იზრდება. ევროპის ქარის ენერგიის ასოციაციის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საუკეთესო შემთხვევაში, 2030 წლისთვის ევროკავშირში განახლებადი ენერგიის წილმა მთლიანი ენერგორესურსების 27% უნდა შეადგინოს. განახლებადი ენერგიის წყაროებში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ქარის ენერგიას უჭირავს. მსოფლიოში ყველაზე მეტი ქარის სიმძლავრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდის, რომელიც 114 763 მგვტ-ს შეადგენს და მსოფლიოს ქარის დადგმული სიმძლავრის 31%-ია, შემდეგ მოდის აშშ - 65 879 მგვტ-ით (17.8%). ევროპაში ამ მხრივ ყველაზე განვითარებული გერმანიაა, რომლის ქარის დადგმული სიმძლავრე 39 165 მგვტ-ია (10.6%). გერმანიამ 2015

წელს ოფშორული (კონტინენტურ შელფზე კონსტრუირებული) ქარის წლიურ ბაზარზე ქარის ტურბინების დადგმული სიმძლავრით დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და ამ კუთხით მსოფლიო პირველობა მოიპოვა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ჩვენს ქვეყანას ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდეა შეფასებული. საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებაზე საუბარი აქტიურად ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. იმ დროისთვის ახალი კომპანიის შექმნა დაანონსდა,

რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მგვტ-მდე ქარისა და მზის პოტენციური ელექტროსადგურებისთვის კვლევას განახორციელებდა. ამ მიზნით, "აელუს აპოლო ალტო ენერჯისა" და საქართველოს ენერგეტიკის სამნისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ასევე, 2014 წლის მარტში GEDF-მა (საქართველოს ენერგეტისკის განვითარების ფონდი) საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებისთვის რამდენიმე პოტენციური ადგილი გამოიკვლია.

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი.

მათ შორის ყველაზე დიდ სიმძლავით ხასიათდებიან მთა-საბუეთი II (ლიხის ქედი, 600 მგვტ), გორი-კასპი (200 მგვტ) და ქარავანი (200 მგვტ).

ქარის ელქტროსადგურების მშენებლობის დაწყების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროსადგურ "ქართლის" (გორის ტერიტორია) მშენებლობის დაწყება 2015 წელს იგეგმებოდა,

მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების გადადება კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა დეტალებმა განაპირობეს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის

მიხედვით, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის, "ქართლის" პროექტი 2016 წელს მშენებლობის ეტაპზე გავიდა. პროექტის მენეჯერმა, თორნიკე კაზარაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოების ეტაპი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს გზებისა და პლათფომების მშენებლობა, პროექტის დასრულება კი 2016 წლის სექტემბერში იგეგმება. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა შევიდეს.

გორის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატი იქნება. სადგურის ტერიტორიაზე 10 ცალი ტურბინა განთავსდება, თითოეულის სავარაუდო სიმძლავრე კი 2 მგვტ იქნება. ტურბინები ერთმანეთს მიწისქვეშა ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში გორის 220 კილოვოლტიან ქვესადგურზე მიერთდება. აღნიშნული პროექტი, რომელიც ქარის ენერგიის პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)

 მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 34.3 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 24 მილიონი დოლარი ევრობანკმა საქართველოს კრედიტის სახით გამოუყო.

გარდა ამ პროექტისა, სს "ჩალიკ ჯორჯია ვინდის" (თურქული კომპანია Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. და ქართული კომპანია სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ერთობლივი საწარმო, რომელიც 2015 წლის 23 ივლისს დაარსდა) დაკვეთით თურქული კომპანია "ენისოლარი" 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების

მონტაჟს შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ნიგოზასთან და იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს. თითოეული პროექტისთვის ორი მეტეო ანძა დამონტაჟდება. ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე ქარის ძირითად პარამეტრებს შეისწავლის, რის საფუძველზეც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მომზადდება.

დასკვნა

ქარის ენერგიის გამოყენება ფართოდაა აპრობირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთო ენერგეტიკულ რესურსებში მისი ხვედრითი წილი უფრო და უფრო იმატებს. საქართველოში, EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქარის ელექტროსადგურ "ქართლის" მშენებლობა უკვე დაწყებულია. აგრეგატები 2016 წლის აგვისტოში უნდა ჩამოვიდეს, პროექტის დასრულება ამავე წლის სექტემერ-ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა შევიდეს.

ფაქტ-მეტრი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი