საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა, რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. "ქვეყანას უკვე მესამე პრემიერი ჰყავს და ადიგენის რაიონში მოსახლეობას ყველა პირდებოდა გაზიფიცირებას, აბასთუმნის აღდგენას ყველა არჩევნების წინ აპირებდით, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა. ადიგენის რაიონში ერთი სახლიც კი არ არის გაზიფიცირებული და გამრიცხველიანება არ არის დაახლოებით 2/3-ში" - აღნიშნა დეპუტატმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ადიგენის რაიონის გაზიფიცირების შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში ვწერდით.

იმ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. პირველ ეტაპზე არალი-ახალციხის 12 კილომეტრიანი ცენტრალური მილსადენი გაკეთდა, ოქტომბრის დასაწყისში ეს პროცესი ცენტრალური მილსადენის სოფელ არალამდე მიყვანით დასრულდა. 2013 წლის დეკემბერში ფაქტ-მეტრი ადიგენის გამგებლის მოადგილეს არსენ ბალახაშვილსაც ესაუბრა. მისი ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი შეჩერდა და მეორე ეტაპი, რაც შიდა ქსელების დამონტაჟებას ითვალისწინებდა, 2013 წლის დეკემბრისთვის დაწყებული არ იყო. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები შეჩერებული იყო. გაზიფიცირების სამუშაოების შეჩერება სამინისტრომ იურიდიული პროცედურებით ახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მეორე ნაწილი (შიდა ქსელების მოწყობა) პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის შესაბამისი განკარგულებით სააქციო საზოგადოება "საქორგგაზს" უნდა განეხორციელებინა. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

ადიგენის გაზიფიცირების შესახებ ჩვენ 2014 წლის თებერვალშიც ვწერდით.

 იმ დროისთვისაც, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო განახლებული.

ენერგეტიკის სამინისტროს ამჟამინდელი ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები (შიდა დაქსელვა) დასრულებულია სამ სოფელში: არალი, უდე, წარბასთუმანი (ჯამში 2 135 აბონენტი). ამ ეტაპზე აღნიშნული აბონენტების ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიმდინარე წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. გაზიფიცირების სამუშაოებს ამჟამად "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს. ფაქტ-მეტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, მამუკა კალანდაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა ის ფაქტი, რომ ადიგენის რაიონში სამი სოფლის აბონენტების ქსელთან დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება აბასთუმნის გაზიფიცირებას, ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული, მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის #303 განკარგულების

თანახმად, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" 2016 წელს აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს. ამის შემდგომ დაიწყება აბასთუმანში მცხოვრები 675 აბონენტის ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვისთვის საჭირო სამუშაოები (დაქსელვა). ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროში აბასთუმნის გაზიფიცირების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აბასთუმნის გაზიფიცირება ჯერ არ დაწყებულა და სავარაუდოდ სექტემბრამდე უნდა დაიწყოს. სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ არის.

აღსანიშნავია, რომ დაბა აბასთუმნის პრობლემების შესახებ ჩვენ გასულ წელსაც ვწერდით.

მაშინდელი მდგომარეობით, აბასთუმანში გაუმართავი იყო როგორც საკანალიზაციო, ისე სასმელი წყლის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ დაბას სასმელი წყალი მიეწოდებოდა, მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული სათავე ნაგებობები და შიდა ქსელის ნაწილი, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მაშინდელი მდგომარეობით, აბასთუმანში არც გაზიფიცირების პროექტი არსებობდა. ჩვენი ინფორმაციით, დაბაში ახლაც იგივე მდგომარეობაა. ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, მამუკა კალანდაძის თქმით, ამჟამად აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის ფარგლებში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, კერძოდ: დაბის საკანალიზაციო ქსელის, გზების/ტროტუარების რეაბილიტაცია, ობესრვატორიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და სხვა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანების პროცესი 2010 წელს დაიწყო. 2013 წლის განმავლობაში გამრიცხველიანება სამ სოფელში: პატარა მადაში, კახარეთსა და ამხევში დასრულდა. დღეის მდგომარეობით, გამრიცხველიანებულია 5 435 აბონენტი. მიმდინარე წელს დამატებით 500 აბონენტის გამრიცხველიანება იგეგმება. სამწუხაროდ, სამინისტროდან ადიგენის მუნიციპალიტეტში აბონენტთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვაცხადოთ, ადიგენის მუნიციპალიტეტში აბონენტთა რა რაოდენობაა გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილი.

  დასკვნა

ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. პირველ ეტაპზე არალი-ახალციხის 12 კილომეტრიანი ცენტრალური მილსადენი აშენდა. შემდეგ, სამუშაოები დაახლოებით ერთი წლით შეჩერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა დაქსელვითი სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ანუ წელიწადნახევარი მხოლოდ სამი სოფლის: არალის, უდეს და წარბასთუმნის აბონენტების ქსელზე დაერთების პროცესს დასჭირდა, რაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება დაბა აბასთუმანს, იქაც, ჯერჯერობით, არანაირი ცვლილება არ მომხდარა. თუმცა, მიმდინარე წელს აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები იგეგმება. გარდა ამისა, აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი მზადდება, რომელიც ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ზაფხულშივე უნდა დაიწყოს დაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების და აბასთუმნის რეაბილიტაციის საკითხს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი