საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ტელეკომპანია Sky News-ის ეთერში განაცხადა: "

მსოფლიო სამართლის პროექტის თანახმად, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების კატეგორიაში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის ის 29-ე ადგილზეა. გლობალური კორუფციის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 4 პროცენტზე ნაკლები აცხადებს, რომ ოდესმე მიუცია ქრთამი. ეს არის კორუფციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მსოფლიო სამართლის პროექტი ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA)

ინიციატივით დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით მუშაობს. მსოფლიო სამართლის პროექტის ერთ-ერთი პროდუქტია კანონის უზენაესობის ინდექსი, რომელიც ცალკეულ ქვეყანაში მოქალაქეთა მიერ კანონის უზენაესობის აღქმას ასახავს. კვლევა 100 ათასზე მეტი შინამეურნეობისა და 2 400 ექსპერტის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის საშუალო შეფასება 8 კატეგორიის მიხედვით, 44 ინდიკატორზეა დამოკიდებული. აღნიშნული კატეგორიებია: სახელისუფლებო ძალაუფლების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. ცხრილში 1 მოცემულია საქართველოში კანონის უზენაესობის ინდექსის მაჩვენებლები 2012-2015 წლებში.

ცხრილი 1:

კანონის უზენაესობის ინდექსი (საქართველო)

წელი 2012-2013 2014 2015
მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა 0.48 0.53 0.62
კორუფციის არარსებობა 0.77 0.71 0.73
წესრიგი და მართლმსაჯულება 0.84 0.48 0.61
ფუნდამენტური უფლებები 0.61 0.58 0.64
მთავრობის ღიაობა 0.47 0.85 0.83
სარეგულაციო აღსრულება 0.63 0.57 0.62
სამოქლაქო მართლმსაჯულება 0.61 0.59 0.63
სისხლის სამართლის მართლმსაჯულება 0.66 0.51 0.54
საშუალო მაჩვენებელი 0.63 0.60 0.65
ადგილი რეგიონში[1] 6 1 1
ადგილი მთლიან რეიტინგში 30 31 29
წყარო: მსოფლიო სამართლის პროექტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012-2013 წლებში შეფასების საშუალო მაჩვენებელი საქართველოსთვის 0.63-ს შეადგენდა, რაც რეგიონულ და მთლიან რეიტინგში შესაბამისად მე-6-ე და 30-ე და ადგილებს შეესაბამება. 2014 წელს საშუალო მაჩვენებელი გაუარესდა და 0.6 შეადგინა, შედეგად, მთლიან რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით დაქვეითდა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლა კი ამავე რეგიონში შემავალი უფრო მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებისთვის (ესტონეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია) რეგიონული კუთვნილების შეცვლით აიხსნება. 2015 წელს საშუალო შეფასება 0.65-მდე გაიზარდა, შესაბამისად მთლიან რეიტინგში საქართველომ 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, რეგიონულ რეიტინგში კი იგივე პოზიციაზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სამართლის პროექტის მონაცემებით, 2012-2013 წლებში უშუალოდ კორუფციის არარსებობის ინდიკატორი 0.77-ს შეადგენდა, 2014 წელს ის გაუარესდა და 0.71 შეადგინა, 2015 წელს კი 0.73-მდე გაიზარდა, თუმცა, 2012-2013 წლების ნიშნულისთვის არ მიუღწევია. ამავდროულად, საერთაშორისო გამჭვირვალობის

კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, 2012 წლის შეფასებით, საქართველოს მაჩვენებელი 52-ს შეადგენდა, 2013 წელს აღნიშნული მონაცემი გაუარესდა და 49-მდე შემცირდა. 2014 წელს ინდექსი 2012 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა, 2015 წელს კი ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში კორუფციის აღქმის დონე დადებითი მიმართულებით არ შეცვლილა.

კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევის შედეგები 2013 წლის ივლისში გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 4% ადასტურებდა, რომ გასული 12 თვის მანძილზე ქრთამი გადაიხადა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური მაჩვენებელი 27%-ს უტოლდება (იხ. ბმული).

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევა ასახავს 2012 წლის ჩათვლით არსებულ ვითარებას, მიმდინარე პერიოდის მონაცემებს კი 2016 წლის მაისის დასაწყისში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის

 მიერ 2016 წლის მარტის განმავლობაში ჩატარებულ კვლევაში 2 032 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულ მოქალაქეთა 40%-ი თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ, პირადი მიზნების მისაღწევად, თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 და 2013 წლებთან მიმართებით შესაბამისად 15 და 28%-ითაა გაზრდილი. განსხვავებულია ვითარება იერარქიის დაბალ საფეხურებზე არსებული კორუფციის კუთხით. 2016 წელს გამოკითხულთა 1% აცხადებს, რომ გამოკითხვამდე 12 თვის პერიოდში ქრთამი გადაუხდია, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირებული მონაცემის ანალოგიურია და 2013 წლის მონაცემს ჩამოუვარდება.

დასკვნა

მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ, მთლიან რეიტინგში კი 29-ე ადგილს იკავებს. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან მიმართებაში, წინსვლამ მთლიან რეიტინგში მხოლოდ ერთი საფეხური შეადგინა, რეგიონულ რეიტინგში მეექვსედან პირველ ადგილზე გადანაცვლება კი ტექნიკურმა ცვლილებამ, კერძოდ, რეიტინგში საქართველოზე წინ მყოფი ხუთი ქვეყნის რეგიონული კუთვნილების გადახედვამ განაპირობა. ამავდროულად, კორუფციის არარსებობა შეფასებაზე გავლენის მქონე რვა ფაქტორიდან მხოლოდ ერთ-ერთია და მოცემულ შემთხვევაში საშუალო შეფასების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი არ ყოფილა, ვინაიდან კორუფციის არარსებობის ინდექსი 2012-2013 წლებთან შედარებით გაუარესებულია.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის 2012-2015 წლებში ცვლილების ტენდენციით ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში კორუფციის აღქმა 2012 წლის ნიშნულზეა და გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია.

კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2013 წლის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 4% აცხადებდა, რომ ქრთამი გადაუხდია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 2016 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, არსებული დადებითი ტენდენცია სამსახურებრივი იერარქიის დაბალ საფეხურებზე ნარჩუნდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება არ არის. საჯარო მოხელეთა მხრიდან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობის ბოროტად გამოყენების აღქმის მაჩვენებელი გაზრდილია და 40%-ს შეადგენს, რაც შესაბამისად 15 და 28%-ით აღემატება 2015 და 2013 წლების მონაცემებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

__________________________ [1] 2012-2013 წლებში რეგიონი მოიცავდა 21 ქვეყანას, 2014 წლიდან 13-ს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი