სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის

თანახმად, ტელეკომპანიის საქმე სააპელაციო სასამართლოში არაუფლებამოსილმა კოლეგიამ განიხილა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2016 წლის 1 ივნისს გამოითხოვა სამაუწყებლო კომპანიის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის, შორენა ყაველაშვილის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, პასუხად კი მიიღო სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ შორენა ყაველაშვილს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 2005 წლის 18 ივნისს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა. რუსთავი 2-ის საქმეზე ჩვენ ადრეც ვწერდით (იხ. ბმული 1; ბმული 2). საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ირიცხება. იუსტიციის საბჭოს მიერ რუსთავი 2-ისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვითაც, შორენა ყაველაშვილს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 2005 წლის 18 ივნისს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შორენა ყაველაშვილი სამოქალაქო სამართლის მოსამართლედ არის მოხსენებული,

რაც შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზსაც წარმოადგენდეს. ჩვენ ამ საკითხის გასარკვევად სააპელაციო სასამართლოს ცხელ ხაზს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ცხელ ხაზზე ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

რუსთავი 2-ის საქმე სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ რატომ იყო კოლეგიაში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლე.

"

საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სამართლებრივ დავებს სააპელაციო სასამართლოში არსებული შესაბამისი პალატები განიხილავენ (სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატები), რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეებით აკომპლექტებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს, რომლის მიხედვითაც, "აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში, ან საგამოძიებო კოლეგიაში". შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო დავას სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლე განიხილავს, ცალსახად უკანონობასა და კოლეგიის არაუფლებამოსილებაზე არ მიუთითებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ განმარტოს, თუ რა ტიპის აუცილებლობაზე ან მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხებაზე იყო საუბარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რატომ აღმოჩნდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ კოლეგიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ოფიციალური განცხადება

გაავრცელა: "იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს ფაქტიურად ერთადერთ საშუალებას თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება" - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, სასამართლოს ეს არგუმენტი ზოგადია და არ ჩანს, კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეში რას შეიძლება გამოეწვია შეფერხება და იდგა თუ არა მოსამართლეთა სიმცირის პრობლემა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დაფიქსირდა კოლეგიის  ცვლილება, რაზეც "საქართველოს იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოს განმარტების გაკეთება ოფიციალურად მოსთხოვა,

თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, თუ რა პრინციპით მოხდა აღნიშნული ცვლილება.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 18 თვიანი სამოქალაქო სამართლის სრული კურსი აქვს გავლილი, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. "გარდა ამისა, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1 000-ზე მეტი სამოქალაქო საქმე" - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

ფაქტ-მეტრი ამ თემაზე რამდენიმე იურისტს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ იურიდიული თვალსაზრისით შორენა ყაველაშვილის მიერ გავლილი 18 თვიანი სამოქალაქო სამართლის კურსი ან მის მიერ სამოქალაქო სამართალში განხილულ საქმეთა რაოდენობა, რომელზეც სააპელაციო სასამართლო მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მოსამართლის კვალიფიკაციას განსაზღვრავს კონკრეტული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც შორენა ყაველაშვილს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული. სწორედ ამ გამოცდის შედეგი და სერთიფიკატი არის ის დოკუმენტი, რომელიც მოსამართლის ცოდნას ადგენს.

იურისტების მოსაზრებით, რუსთავი 2-ის საქმეში დაფიქსირებული პრაქტიკა (როდესაც სასამართლოში საქმეს განიხილავს სხვა სპეციალიზაციის მოსამართლე და არა კონკრეტულად იმ სპეციალიზაციის მოსამართლე, რომლის უშუალო კომპეტენციასაც წარმოადგენს საქმე) მართლაც გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმე სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის საქმეს წარმოადგენდა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე, მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა". სწორედ 5 თვიანი ვადა იყო დაწესებული რუსთავი 2- ის საქმეზე, კანონის თანახმად კი, ეს ვადა ეხება განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ მოხერხდა ასეთი მნიშვნელობის საქმეზე შესაბამისი კოლეგიის მოსამართლეთა შერჩევა. იურისტები ფაქტ-მეტრთან საუბარში იმასაც აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნახსენები ეს პრაქტიკა არასწორი სამართლებრივი მიდგომაა.

განიხილა თუ არა რუსთავი 2-ის საქმე არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, ამის ცალსახად თქმა სააპელაციო სასამართლოს განმარტებების მოსმენის გარეშე შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება კი არ პასუხობს მთავარ შეკითხვას, თუ რატომ ჩათვალა სასამართლოს თავმჯდომარემ მიზანშეწონილად კოლეგიაში სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლის ყოფნა, რა სახის საჭიროება არსებობდა და ნამდვილად იდგა თუ არა 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობა. მით უმეტეს, როცა რუსთავი 2 -ის საქმე მაღალი საჯარო ინტერესის საგანს და განსაკუთრებული სირთულის სამოქალაქო დავას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საქმე საკასაციო სასამართლოში გაგრძელდება. ფაქტ-მეტრი რუსთავი 2-ის საკითხზე მუშაობას განაგრძობს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მოვლენების განვითარებასთან ერთად მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი