თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობა" "მანკიერი პრაქტიკის" შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესდა. მისი ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 2 ათასზე მეტი ნებართვა გაიცა. "ჩვენ ავკრძალეთ კ2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენ ["ნაციონალური მოძრაობა"] მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა, ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან" - განაცხადა

თბილისის მერმა.

ფაქტ-მეტრმა დავით ნარმანიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან (მეათედის სიზუსტით). ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით, გულისხმობს იმას, რომ დეველოპერს შეუძლია ასაშენებელი შენობის სართულების რაოდენობა გაზარდოს.

მშენებლობის ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონის მიხედვით რეგულირდება. ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით, მუნიციპალიტეტის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა. აღნიშნული მოსაკრებელი 2007 წლიდან დაწესდა. ამ მიზნით, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლში 2007 წლის 13 აპრილს ცვლილება

შევიდა და დაემატა მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის.

2016 წლის 24 მაისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების

მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდა დროებით შეიზღუდა.

რაც შეეხება კ2 კოეფიციენტის გაზრდის ნებართვების გაცემის სტატისტიკას, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით 1 948 თანხმობაა გაცემული, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან დღემდე კი - 1 037 თანხმობა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის მმართველობის" პერიოდში (განცხადებაში მითითებული პერიოდი - 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე) მუნიციპალიტეტის მიერ კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით წელიწადში საშუალოდ 336 ნებართვა გაიცემოდა, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ცვლილებიდან (2014 წლის აგვისტოდან) დღემდე, წლიურად საშუალოდ 518 თანხმობაა გაცემული. აქედან გამომდინარე, დავით ნარმანიას განცხადების კონტექსტი, როდესაც ის მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით გაცემულ ნებართვების რაოდენობაზე აპელირებს, არ არის მართებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა - "სიტი ინსტიტუტი საქართველომ" - მერიას მშენებლობის რეგულირების წესებში შესატანი ცვლილებათა პაკეტი შესთავაზა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). ამ ცვლილების მიხედვით, თბილისში განაშენიანების სიმჭიდროვე (კ2 კოეფიციენტი) უნდა შეზღუდულიყო. იმის მიუხედავად, რომ დავით ნარმანია 17 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე აცხადებდა,

რომ მშენებლობის რეგულაციის წესების ახალი რედაქცია საკრებულოს უახლოეს მომავალში წარედგინებოდა, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ, 24 მაისს აისახა.

დასკვნა

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი მართლაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, 2007 წლის აპრილში დაწესდა. როგორც აღმოჩნდა, წინა ხელისუფლების დროს კ2 კოეფიციენტის გაზრდის ნებართვა უფრო ნაკლები გაიცემოდა (წელიწადში საშუალოდ 336), ვიდრე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ (წელიწადში საშუალოდ 517).

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ "მანკიერი პრაქტიკის" (როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს) აღმოსაფხვრელად, კ2 კოეფიციენტის გაზრდის შესაზღუდად, ახალ ხელისუფლებას ორი წელი დასჭირდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მხოლოდ ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში შეიზღუდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ქაოტურ განაშენიანებაში "საკუთარი წვლილი" როგორც წინა, ასევე ახლანდელმა ხელისუფლებამაც შეიტანა.

შესაბამისად, დავით ნარმანიას განცხადება: "ჩვენ ავკრძალეთ კ2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება", კონტექსტის გათვალისწინებით, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი