იტვირთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "

Freedom House-ის ანგარიშებისა და ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს" მონაცემებით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს".

ფაქტ-მეტრმა გიორგი კვირიკაშვილის ეს განცხადება გადაამოწმა.

Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის

მიხედვით, წინა წელთან შედარებით, დამოუკიდებელი მედიის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა (4.00). რაც შეეხება წლების განმავლობაში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: დამოუკიდებელი მედიის ინდექსი, 2007-2016 წლები[1]
წლები 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
დამოუკიდებელი მედია 4.00 4.25 4.25 4.25 4.25 4.25 4.25 4.00 4.00 4.00
წყარო: Freedom House

როგორც ცხრილიდან ჩანს, მედიის დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა 2008 წელს 0.25 ერთეულით გაუარესდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის ჩათვლით უცვლელი იყო. 2014 წელს კი, ის კვლავ ძველ (2007 წლის) ნიშნულს დაუბრუნდა. 2014 წლიდან დღემდე საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ინდექსი აღარ შეცვლილა.

Freedom House-ის ანგარიშში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საუბარია "რუსთავი 2"-ის  წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებისა და წარმოებული სასამართლო პროცესის პოლიტიზებაზე. კერძოდ, მმართველი პოლიტიკური ძალის - "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე. ასევე, ანგარიშში 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ქართულ ტელეარხებზე პოლიტიკური თემატიკის გადაცემების დახურვაც არის ნახსენები, რაშიც, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები იკვეთებოდა. კერძოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას  სატელევიზიო არხებზე და მათი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

სხვადასხვა ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ მდგომარეობას ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც" იკვლევს. აღნიშნული ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსი

წინა წელთან შედარებით 0.26 ერთეულით გაუარესდა. თუმცა, პოზიციურად, ქვეყანა 5 ადგილით დაწინაურდა და 69-დან 64-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს სხვა ქვეყნების მედიის თავისუფლების ინდექსის კიდევ უფრო მეტად გაუარესების ხარჯზე მოხდა. 2007-2016 წლებში საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

ცხრილი 2: მედიის თავისუფლების ინდექსი, 2007-2016 წლები[2]
წლები 2007 2008 2009 2010 2011-2012 2013 2014 2015 2016
პოზიცია 66 120 81 100 105 100 84 69 64
ინდექსი 20.83 31.25 18.83 27 38 30.09 29.78 27.70 27.96
წყარო: "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსი 2008 წელს მკვეთრად გაუარესდა. 2009 წელს გაუმჯობესდა, 2010-2012 წლებში კი კვლავ გაუარესების ტენდენცია დაიწყო. 2013 წლიდან მედიის თავისუფლების ინდექსი ყოველწლიურად უმჯობესდებოდა. 2016 წლის მონაცემებით, აღნიშნული ინდექსი კვლავ (0.26 ერთეულით) გაუარესდა.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2016 წლის ანგარიშში

ნათქვამია, რომ საქართველოში მედია კვლავ პოლარიზებულია და მიუხედავად მცირე პროგრესისა, მედიის მფლობელები მათ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობებზე ისევ საუბრობენ. ამასთან, ტელეკომპანიების წილებისთვის წარმოებული ბრძოლა მედიაპლურალიზმის შენარჩუნების თვალსაზრისით კვლავ შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება.

სხვადასხვა ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთი საერთაშორისო  ორგანიზაცია - IREX (International Exchange & Exchange) იკვლევს. მისი ერთ-ერთი ბოლო ანგარიში 2016

წლის აპრილში გამოქვეყნდა. ანგარიშში წარმოდგენილი 21 ქვეყანა მედიის მდგრადობის მიხედვით ოთხ სხვადასხვა კატეგორიაშია განაწილებული: არათავისუფალი პრესა (არამდგრადი), შერეული (არამდგრადი), მდგრადობასთან მიახლოებული და მდგრადი. 2007-2016 წლებში საქართველოს მედიის მდგრადობის ინდექსი შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 3:

მედიის მდგრადობის ინდექსი, 2006-2016 წლები

წლები 2006-2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
ინდექსი 2.40 2.07 1.89 1.82 2.07 1.88 2.15 2.63 2.51 2.42
კატეგორია - - ა/მ ა/მ მ/მ ა/მ მ/მ მ/მ მ/მ მ/მ
წყარო: IREX (International Exchange & Exchange)

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2009-2010 წლებში საქართველო შერეული/არამდგრადი ქვეყნების კატეგორიაში შედიოდა. 2011 წელს ის მდგრადობასთან მიახლოებული ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. 2012 წელს კვლავ ქვედა კატეგორიაში გადაინაცვლა. 2013 წლიდან კი, საქართველო კვლავ მდგრადობასთან მიახლოებული ქვეყნების კატეგორიაშია. თუმცა, 2014 წლიდან ინდექსის მაჩვენებელი მცირედით უარესდება.

IREX-ის 2016 წლის ანგარიშის მომზადების ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოში მედიაგარემოს კუთხით არსებულ ნეგატიურ ტენდენციებს გაუსვეს ხაზი. კერძოდ, გამოიყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავა. ასევე, ტელევიზიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონის დაჩქარებული წესით მიღება. ამასთან, დისკუსიის მონაწილეების მხრიდან აღინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი წევრის არჩევის გაჭიანურების საკითხი. ანგარიშში ასევე საუბარია მედიაში პრორუსული ნარატივის გაძლიერებაზე. ამის პარალელურად, ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ამ პროცესში გამოვლენილმა ტექნიკურმა ხარვეზებმა რეგიონების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქართული მაუწყებლობის გარეშე დატოვა.

დასკვნა

Freedom House-ის ანგარიშების მიხედვით, 2014 წლიდან, მედიის დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის მხრივ, 2008-2013 წლებთან შედარებით მცირე პროგრესი მართლაც დაფიქსირდა. თუმცა, ბოლოს სამი წლის განმავლობაში საქართველოს ინდექსი აღარ გაუმჯობესებულა. ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2013-2015 წლების ანგარიშების მიხედვით, საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსი უმჯობესდებოდა. 2016 წელს კი, ეს მაჩვენებელი 0.26-ით ერთეულით გაუარესდა. რეიტინგში პოზიციური დაწინაურება კი სხვა ქვეყნების მიერ თავისუფლების ინდექსის კიდევ უფრო მეტად გაუარესების ხარჯზე მოხდა. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოს მედიასივრცეში არსებულ არაერთ პრობლემაზეა საუბარი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

______________________________ [1]

Freedom House-ის პრესის თავისუფლების ინდექსის ნაკლები რიცხობრივი მაჩვენებელი პრესის მეტ თავისუფლებას ნიშნავს

[2] Reporters Without Borders press freedom index-ის ნაკლები რიცხობრივი მაჩვენებელი პრესის მეტ თავისუფლებას ნიშნავს

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი