გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, აგრარული ბაზრის ძველ ადგილას, ე.წ. ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ ინიციატივა წარადგინა. თუმცა, ამ ინიციატივას ქალაქის მერმა და საკრებულომ მხარი არ დაუჭირეს.

გორის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება ოფიციალურად 2014 წლის 20 იანვარს შეწყვიტა. ინვესტორებმა, რომლებმაც ყოფილი ბაზრის ტერიტორია შეისყიდეს, მოვაჭრეებს ალტერნატივად წმინდა წყლის ტერიტორიაზე აშენებულ ახალ აგრარულ ბაზარზე გადასვლა შესთავაზეს. თუმცა, მოვაჭრეთა დიდმა ნაწილმა წინადადებაზე უარი განაცხადა, საპროტესტო აქციები დაიწყო და საბოლოოდ, ძველი ბაზრის მხლობლად გარე ვაჭრობა განაგრძო. მათი ნაწილი საკრებულოს ზემოხსენებულ სხდომას დაესწრო.

მომხდართან დაკავშირებით გორის საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიიდან, თამარ თედლიაშვილმა განაცხადა,

რომ „სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში წაართვეს პირველად მეპატრონეს ბაზარი და ახლა ოქრუაშვილის ქმედება [მოვაჭრეების სხდომაზე მიყვანა და ბაზრის ძველ ადგილას დაბრუნების ინიციატივის წარდგენა] მხოლოდ პოპულიზმია, რადგან ოქრუაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას მზრუნველი პოლიტიკოსის როლის თამაშით ცდილობს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

ჩვენ ინდ. საწარმო „ლიახვის“ [ასე ეწოდებოდა ობიექტს, სადაც აგრარული ბაზრობა იყო] ყოფილ მფლობელს, ჯემალ წიკლაურს ვესაუბრეთ. მან 1996 წელს გორში, გურამიშვილის #5-ში არსებული საკოლმეურნეო ბაზარი კონკურსის წესით შეიძინა, სადაც წლების განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

ჯემალ წიკლაურმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე შეტევა ირაკლი ოქრუაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში იგი ოქრუაშვილს პირადად არასოდეს შეხვედრია. წიკლაურის თქმით, მას თავიდანვე მიხეილ ქარელი (შიდა ქართლის სამხარეო ადინისტრაციის მაშინდელი თანამშრომელი) შეხვდა და უბრძანა, აგრარული ბაზარი სახელმწიფოსთვის გადაეცა, უარის შემთხვევაში კი ციხეში ჩასმით ემუქრებოდა.

2004

წლის 23 თებერვალს ჯემალ წიკლაურის ობიექტზე საგადასახადო ინსპექცია შევიდა და აგრარულ ბაზარზე არაგეგმიური შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც შედგა აქტი, რომლის თანახმადაც ინდ. საწარმო „ლიახვს“ 278 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

მეპატრონეს კი, აქტის შედგენიდან 3 დღის შემდეგ ბრალი სსსკ 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებას გულისხმობს. შემოწმებას მაშინდელი გუბერნატორი მიხეილ ქარელიც ესწრებოდა, რომელმაც ინდ. საწარმო „ლიახვის“ დამფუძნებლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა (იხ. ვიდეო, 2:49-4:06

წთ)

ჯემალ წიკლაურის თქმით, მიხეილ ქარელისა და ოქრუაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლა ოთხთვიანი პატიმრობის პერიოდში გაძლიერდა. წიკლაურმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ობიექტის დათმობას მისგან ციხის უფროსი მერაბ ბაღათურია, სწორედ მაშინდელი გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის სახელით ითხოვდა.

ჯემალ წიკლაური ამბობს, რომ საბოლოოდ იძულებული გახდა, ობიექტის სახელმწიფოსთვის ჩუქების დოკუმენტზე ხელი მოეწერა, რადგან მიხეილ ქარელი ცოლის დაპატიმრებით დაემუქრა. მისი თქმით, ბოლოს გორის მაშინდელი პროკურორი, კაკო ტერაშვილი შეხვდა და გენერალური პროკურორის დანაბარები გადასცა, რომლის მიხედვითაც, თუ იგი დოკუმენტს ხელს მოაწერდა, მეორე დღესვე დატოვებდა ციხეს. მოგვიანებით, ყოფილმა პროკურორმა კაკო ტერაშვილმა წიკლაურის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე გაზეთ „ქრონიკა +“ -თან ინტერვიუში ისაუბრა.

დოკუმენტი, რომლის თანახმადაც 2004 წლის 24 ივნისს ჯემალ წიკლაურმა სავაჭრო ობიექტი გორის რაიონის გამგეობას ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა, ნოტარიუს მალხაზ მახარაშვილის მიერ წიკალურის პატიმრობის ადგილას, თბილისის N1 საპყრობილეში ნოტარიულად დადასტურდა.

მეპატრონისთვის აგრარული ბაზრის ჩამორთმევას დანაშაულებრივად შეაფასა სტუდია „მონიტორმა“. მის მიერ 2007 წელს ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძებაში ხაზგასმულია, რომ ჯემალ წიკლაურმა თავისი ქონება ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად დათმო.

აღნიშნულ საქმეს 2007 წელს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა - მან ჯემალ წიკლაურის მიმართ განხორციელებული ქმედებები უკანონოდ შეაფასა და რეაგირებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა. ომბუდსმენის განცხადებაში

ნათქვამია, რომ „ჯემალ წიკლაურმა სწორედ თავისუფლების სანაცვლოდ დათმო ქონება და ამ გარიგების უკან რამდენიმე გავლენიანი პირი იდგა“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარიც მოიძია. 2014 წლის მაისში, მან ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში ჯემალ წიკლაურისთვის ბაზრის ჩამორთმევის საქმესთან კავშირი არც უარყო და არც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ „ფორმები, რაც არსებობდა ზოგადი ტენდენციით, ისე მოხდა [ბაზრის ჩამორთმევა]“ (იხ. ვიდეო, 08:22-10:30

წთ).

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მოვლენები გორის აგრარული ბაზრის გარეშემო ირაკლი ოქრუაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო და გენერალურ პროკურორად მისი მუშაობის პერიოდში გაგრძელდა. ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ ამტკიცებს ჯემალ წიკლაურისთვის ინდ. საწარმო „ლიახვის“ ჩამორთმევის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას. ეს გამოძიების და სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ამ პროცესში ოქრუაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა (რასაც იგი თავადაც არ უარყოფდა). ჩვენ ამ თემის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი თანაპარტიელების ამჟამინდელი პოზიციით დავინტერესდით. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული პარტიიდან“ [ირაკლი ოქრუაშვილის პარტია], ლერი ლაფაჩმა, კომენტარისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ „საკითხი აქტუალური აღარ არის“ და მისი თანაგუნდელებიდან კომენტარს ვერავინ გააკეთებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გორის საკრებულოს წევრის თამარ თედლიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ გორის ბაზარი მეპატრონეს „ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში წაართვეს“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი