საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით: "

ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს გვქონდა წინასაარჩევნო პროგრამა, რომ დევნილი მოსახლეობა გათავისუფლდებოდა ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან, არის ძალიან დიდი სიცრუე და დემაგოგია. არცერთ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ასეთი დაპირება არ ყოფილა".

ფაქტ-მეტრი კახა კალაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

რამდენიმე თვეა, წეროვანში დასახლებული დევნილი ოჯახების ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი, რადგან ისინი წლების განმავლობაში დაგროვილ თანხას ვერ იხდიან. დევნილების თქმით, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას პირდებოდნენ. ამის დასადასტურებლად ერთ-ერთმა ოჯახმა საარჩევნო ბუკლეტის ფოტო

 მოგვაწოდა, სადაც მეხუთე პუნქტად წერია, რომ კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალდებულებას იღებს დევნილი მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლოს.

სწორედ ამ დაპირებიდან გამომდინარე, მოსახლეობამ ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა შეწყვიტა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით დავალიანება დაუგროვდა. 2015 წლის ზამთარში წეროვნის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ ბუნებრივი აირის მიწოდება ორ კვირაში შეუწყდებოდათ.

საქართველოს მთავრობამ და კომპანია "სოკარმა" დევნილებისთვის დავალიანების დაფარვის ახალი სისტემა შეიმუშავეს. ამ სისტემის მიხედვით, წეროვნის მცხოვრებლებს ყოველთვიურად უხდებათ მიმდინარე გადასახადთან ერთად 15 ლარის დამატებით გადახდა, რომელიც დავალიანებას აკლდება. ერთ-ერთი ოჯახის განცხადებით, ამ სისტემის მიუხედავად, მათ გარკვეული თანხის წინასწარ შეტანაც მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ გადახდის ზემოაღნიშნული სისტემა მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდებოდა. ოჯახმა წინასწარი შენატანი ვერ გადაიხადა და შესაბამისად, გადახდის ახალი სისტემა მათზე არ გავრცელდა.

ამ საკითხზე ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ.

ჩვენი კითხვა უშუალოდ სამინისტროს მიერ კომუნალურების თანხის სუბსიდირების საკითხს ეხებოდა, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ:

  • სახელმწიფომ მთლიანად დაფარა როგორც 2013 წლის 1 ნოემბრამდე, ისე 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება და 2013 წლის 1 მარტამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დავალიანება (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის #307, 2013 წლის 26 დეკემბრის #2180 და 2014 წლის 23 ოქტომბრის #1896 განკარგულებები);
  • სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70001-ზე ნაკლებს შეადგენდა, იღებდნენ 200 ლარიან დახმარებას, ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ნოემბრის #1972, 2013 წლის 30 ოქტომბრის #1502 და 2014 წლის 9 ოქტომბრის #1846 განკარგულებები);
  • 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, 1965 დევნილ ოჯახს ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად თვეში ერიცხებოდა 50-50 ლარი (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის #2149 განკარგულება).
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ დევნილებს სუბსიდირება მას შემდეგ მოუხსნა, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობის თანხა გაიზარდა. 2014 წლის 1 მარტამდე დევნილის შემწეობის თანხა 28 ლარს შეადგენდა, ხოლო საქართველოს კანონში - "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" - შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 მარტიდან შემწეობის თანხა 45 ლარი გახდა (იხ. ბმული).

დასკვნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო დევნილ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში გარკვეულ დახმარებას უწევდა. თუმცა, ამის მიუხედავად, დავალიანებები წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის დღემდე პრობლემად რჩება და მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება.

რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" დევნილებს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას არასდროს დაპირებია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი