12 ივლისს, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. "პროცესის დარეგულირება პრემიერის, პრეზიდენტისა და ჩემი მონაწილეობით ბოლო მომენტში მოხერხდა და მივიღეთ იმ ტიპის კანონი, რომელიც მოწონებულია, აღიარებულია, დადასტურებულია ვენეციის კომისიის მიერ" - განაცხადა

დავით უსუფაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2016 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონსა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი მომზადდა. ამ კანონპროექტს პირველივე დღიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, "საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება" იყო და "საკონსტიტუციო სასამართლოს დაკნინებას, მისი მუშაობის ბლოკირებას და პარალიზებას" ემსახურებოდა. ამასთან, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება

 საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც ამ ორგანოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმის მომავალ განხილვას უკავშირდება.

საკანონმდებლო ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ, პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართეს და კანონპროექტზე მუშაობისას მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდეს. "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები არ ქმნიდეს განცდას, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე ნეგატიურ რეაქციას წარმოადგენს" - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ განხილვის ეტაპზე კანონპროექტი მუდმივად იცვლებოდა, ემატებოდა მუხლები, რომელთა შესახებაც დეპუტატებს წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ცვლილებების ახლებურ ფორმულირებას მხოლოდ პლენარულ სხდომაზე იგებდნენ. ეს კი, გაურკვევლობას იწვევდა და ხშირად ნორმაზე ეფექტურად მსჯელობას შეუძლებელს ხდიდა.

საბოლოოდ, ზემოაღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 2016 წლის 27 აპრილს მიიღო, მეორე მოსმენით 13 მაისს, ხოლო მესამე მოსმენით 14 მაისს (შაბათ დღეს, რიგგარეშე სხდომაზე). ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, კომისიას კანონპროექტი მხოლოდ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გადაეგზავნა, რაზეც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა წუხილი გამოთქვეს. ფართომასშტაბიან ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით (ორ თვეში) მიღებაზე ყურადღება ვენეციის კომისიამაც გაამახვილა. პარლამენტის მიერ პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზვანილ კანონპროექტს, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის მიღების შემდეგ, 2016 წლის 31 მაისს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. "რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, სიტყვა-სიტყვით გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში" - განაცხადა

მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დროის სიმცირის გამო ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ცვლილებების მხოლოდ მნიშვნელოვან პუნქტებს შეეხო. კომისიამ ზოგიერთი ცვლილება (თავმჯდომარის არჩევის წესი, საქმეთა განაწილების ავტომატური სისტემის შემოღება, განსხვავებული და თანმხვედრი აზრის სისტემატური გამოქვეყნება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა) დადებითად შეაფასა. თუმცა, ყურადღება სამ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა და პარლამენტს მათი გამოსწორების შესახებ რეკომენდაციები მისცა. ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციასა და პრეზიდენტის მიერ შესაბამის საკითხთან დაკავშირებულ მოტივირებულ შენიშვნას

სათითაოდ გთავაზობთ.

პრეზიდენტის პირველი შენიშვნა

პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ქვორუმს ეხება. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებებამდე არსებული რედაქციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანი იმ შემთხვევაში იყო, თუკი მის სხდომას სულ ცოტა 6 წევრი (9-დან) ესწრებოდა. ცვლილებები კი ქვორუმის 6-დან 7 მოსამართლემდე გაზრდას ითვალისწინებდა. ამასთან, ცვლილებები გადაწყეტილების მიღებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის უბრალო უმრავლესობიდან 6 წევრის სავალდებულო თანხმობამდე გაზრდას გულისხმობდა.

ვენეციის კომისიამ აღნიშნული ცვლილება ძალაუფლების კოლეგიისგან პლენუმისთვის გადაცემის ჭრილში გაანალიზა და დაასკვნა, რომ აღნიშნული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანის შესრულებას - კანონმდებლობაში არაკონსტიტუციური ნორმების იდენტიფიცირებას და მათ ამოღებას გაართულებს. შესაბამისად, კომისიამ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მინიმუმ ექვსი ხმის მოთხოვნის შემცირების შესახებ რეკომანდაცია გასცა.

პრეზიდენტის შენიშვნებიდან ირკვევა, რომ მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინაწარი დასკვნის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. კერძოდ, მისი შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად, პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანად ჩაითვლება, თუ სხდომას სულ მცირე 6 წევრი ესწრება, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად კი პლენუმის სრული შემადენლობის უმრავლესობაა საჭირო. თუმცა, პრეზიდენტმა, გამონაკლისის სახით, საქართველოს ორგანულ კანონებთან მიმართებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა 2/3-ის მოთხოვნა და პლენუმის უფლებაუნარიანობისათვის 7 წევრის დასწრების ვალდებულება მიზანშეწონილად ჩათვალა. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს და 2/3-იანი ქვორუმის შემცირების შესახებ მისი რეკომენდაცია ორგანულ კანონებსაც ეხება.

პრეზიდენტის მეორე შენიშვნა

კოლეგიის წევრის მიერ საქმის პლენუმისთვის (9 მოსამართლისთვის) ერთპიროვნულად გადაცემას ეხება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, კოლეგიის წევრი უფლებამოსილი ხდება საქმის კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის შესახებ შუამდგომლობა ერთპიროვნულად დააყენოს. ვენეციის კომისიას გარკვეული კითხვები გაუჩნდა ერთი მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებასა და მოსამართლეთა უმრავლესობაზე ინდივიდუალური მოსამართლის დომინირების მართებულობის თაობაზე. "როგორც ჩანს, მოსამართლის მიერ წინა პრაქტიკისგან განსხვავებული აზრის ქონა საკმარისია საქმის პლენუმისთვის გადაცემის მოთხოვნისთვის. თუ ეს ასეა, საკმაოდ უცნაურია, რატომ უნდა გადაეცეს საქმის განხილვა პლენუმს მაშინ, როდესაც კოლეგიის ერთი წევრის მოსაზრება ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრაქტიკას? ამას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავს მოთხოვას აყენებს უმრავლესობა" - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ერთი მოსამართლის მიერ გადაცემული საქმის განხილვაზე უარის თქმისათვის პლენუმის 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მიერ მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანაა საჭირო. "მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მესამედის უმრავლესობის საჭიროება მიიჩნევა გადაჭარბებად. ეს ნორმა შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მოსამართლის მიერ" - ნათქვამია დასკვნაში. შესაბამისად, კომისიის რეკომენდაციების თანახმად: 1. დებულება, რომლის მიხედვითაც ცალკეულ მოსამართლეს შეუძლია საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად, უნდა შეიცავლოს; 2. ასევე, უნდა გაუქმდეს პლენუმის მოტივირებული გადაწყვეტილება და მოსამართლეთა უბრალო უმრავლესობას უნდა შეეძლოს ასეთ მოთხოვნაზე უარის თქმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის შენიშვნა ერთი მოსამართლის მიერ პლენუმზე საქმის გადაცემას საერთოდ არ ეხებოდა. მან მხოლოდ უარის შემთხვევაში მოტივირებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ქვორუმის შეცვლის აუცილებლობაზე იმსჯელა. თუმცა, არც ეს ნაწილი შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად, ვინაიდან რეკომენდაციის თანახმად, უარის თქმა მოსამართლეთა უბრალო უმრავლესობას უნდა შეეძლოს, ხოლო პრეზიდენტის შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად საჭიროა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. შესაბამისად, პრეზიდენტი არც ამ ნაწილში იზიარებს "სიტყვა-სიტყვით" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ყურადღება იყო გამახვილებული ნორმის შეჩერების ახლებურ წესზე,

რომელიც საქმის განმხილველ კოლეგიას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმის შეჩერების უფლებას ართმევს და აღნიშნულ უფლებამოსილებას მხოლოდ პლენუმს ანიჭებს. კომისიისთვის ლოგიკას მოკლებულია, რომ შუალედური გადაწყეტილება, რომელიც თავისი ბუნებით დროულ რეაგირებას საჭიროებს, მიღებულ იქნას გაცილებით გართულებული პროცედურით (რაც საბოლოო გადაწყვეტილებისთვის კოლეგიის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემას და შემდგომ ისევ გადმოცემას გულისხმობს). "უცნაურია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს კოლეგიის მიერ, როდესაც შუალედურ გადაწყვეტილებას იგივე ნორმის შეჩერების შესახებ იღებს მხოლოდ პლენუმი" - ნათქვამია დასკვნაში. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ ნორმის შეჩერების შესახებ მიღებულ ახალ წესზე ვეტოს დადება საჭიროდ არ ჩათვალა.

3

ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სრულად გაითვალისწინა და კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაუგზავნა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავამ ცვლილებების შედეგად მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და პირველი კოლეგიის მიერ განსახილველი ორი უმნიშვნელოვანესი საქმის ("რუსთავი 2"-ისა და ე.წ. კაბელების საქმეებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელები) პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობა დააყენა. 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა მერაბ ტურავას შუამდგომლობა და საოქმო ჩანაწერით აღნიშნული სარჩელები არსებითად განსახილველად მიიღო. ვენეციის კომისიამ  10-11 ივნისს საბოლოო დასკვნა

გამოაქვეყნა, რომელიც ყურადღებას კვლავ წინასწარ დასკვნაში ასახულ პრინციპულ შენიშვნებზე ამახვილებს. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის კონსტიტუციური სარჩელი (N 768) დარეგისტრირდა. ამჟამად, სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას თავად საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის.

დასკვნა

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებულ საბოლოო კანონში, ვენეციის კომისიის  შენიშვნები და პრინციპული რეკომენდაციები  მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული. კერძოდ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, ორგანულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 2/3-იანი ქვორუმის შემცირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ასევე, ძალაში დატოვა კოლეგიის ერთი წევრის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილება და აღნიშნულზე უარის თქმისთვის ხმათა 2/3-ის მოთხოვნა არა უბრალო უმრავლესობით, არამედ აბსოლუტური უმრავლესობით შეცვალა. პრეზიდენტმა ასევე არ იმსჯელა ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ წესზე.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით უსუფაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია