საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა: "საქართველოს ტყეებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 9 500 ჰექტარი ტყე გაქრა, ეს არის დაახლოებით 4-5 მილიონი ძირი ხე".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

დეპუტატის მიერ დასახელებული მონაცემები საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაცია Global Forest Watch-ის კვლევას

ეყრდნობა. თავად ეს ორგანიზაცია 1997 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის სფეროს სატელიტური ფოტოების საშუალებით ტყის საფარზე მონიტორინგის განხორციელება და ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს. დღევანდელი მონაცემებით, ორგანიზაცია ონლაინ მონიტორინგს 200-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

Global Forest Watch საქართველოში არსებულ მდგომაროებას 2001 წლიდან იკვლევს. მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2001-2014 წლებში ქვეყნის მასშტაბით 8 917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი. წლიური სტატისტიკის მიხედვით კი ირკვევა, რომ ტყის ყველაზე დიდი რაოდენობა 2004 წელს (1 967 ჰა) და 2007 წელს (992 ჰა) გაქრა. ამ მხრივ, კლება ყველაზე ნაკლებად 2014 წელს შეინიშნება და ტყის საფარის შემცირების მაჩვენებელი 104 ჰექტარს შეადგენს.

ცხრილი 1:

გამქრალი ტყის ფართობი (ჰექტარი)

image001

აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, ტყის ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში განადგურდა. სომხეთში ამ რიცხვმა 2 000 ჰექტარი, აზერბაიჯანში კი 7 223 ჰექტარი შეადგინა.

Global Forest Watch ტყის საფარის გაზრდის მონიტორინგსაც ახორციელებს, რაზეც გიორგი გაჩეჩილაძეს ყურადღება არ გაუმახვილებია. ტყის საფარის გაქრობის პარალელურად, 2001-2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ტყის საფარი 4 788 ჰექტარით არის გაზრდილი. ორგანიზაციის მონაცემებთ, კვლევის განსხვავებული მეთოდოლოგია არ იძლევა გაჩეხილი და გაზრდილი ტყის მონაცემების ერთმანეთთან შედარების საშუალებას, ამიტომ დაჯამებისგან თავს შევიკავებთ.

ორგანიზაციის ანგარიში მოჭრილი ხეების ზუსტი რიცხვის გადამოწმების საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული მაჩვენებლის დასადგენად, ფაქტ-მეტრი "მწვანეთა პარტიის" საერთაშორისო მდივანს, მერაბ შარაბიძეს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში შარაბიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიისა და გამქრალი ტყის მასშტაბის გათვალისწინებით, განადგურებული ხეების მაჩვენებელი 4-5 მილიონს შეადგენს.

  დასკვნა

დეპუტატის განცხადება, განადგურებული ტყის (9 500 ჰა) მასშტაბის შესახებ, თითქმის თანხვედრაშია Global Forest Watch-ის 2001-2014 წლების მონაცემებთან (8 917 ჰა). რაც შეეხება განადგურებული ხეების ზუსტ მაჩვენებელს, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები ამ მონაცემებს არ მოიცავს. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, მართლაც განადგურდა თუ არა 4-5 მილიონი ხე, შეუძლებელია.

ტყის საფარის ზრდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც გიორგი გაჩეჩილაძეს ყურადღება არ გაუმახვილებია. GFW-ის მონაცმებით, საქართველოში გაზრდილი ტყის საფარმა 2001-2012 წლებში 4 788 ჰექტარი შეადგინა. კვლევის პერიოდში განსხვავებული მეთოდოლოგიების გამოყენების გამო, შემცირებული და გაზრდილი ტყის მასშტაბის პირდაპირი შედარების საშუალება არ გვაქვს, თუმცა ამ მონაცემების დამოუკიდებლად გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი